შიო მღვიმელი

ოქროს თავთავი

(ზღაპარი)

        II

თავთავს დაუწყო კვლავ კრეფა,
თან ტკბილის ფიქრით სტკბებოდა;
აკრიფა რამოდენიმე
და, რადგან გვიანდებოდა,
მოჰკურცხლა სწრაფად შინისკენ
კუნტრუშ-კუნტრუშით, რბენითა
მოუახლოვდა სოფელსა
სახეზე ოფლის დენითა.
სოფლის ბოლოზე უეცრად
მოესმა პაწა გოგოს ხმა;
ცხვრებს მოირეკდა შინისკენ,
მაგრამ უჭირდა წამოსხმა:
ერთს რომ წინ გამოიგდებდა,
მეორე უკან რჩებოდა,
მთლად ოფლის ხვითქში სცურავდა
და კიდევ ვერას ხდებოდა.


- აბა რად დაიგვიანა,
ახია მაგაზედაო!
ვინ იცის მაგის ლოდინში
შინ ჯავრით კვდება დედაო,
და ეგ კი ისევ აქ არის,
ბნელაში ასე გვიანო;
თუ გინდა თქვენებს ხმას მივცემ
და მოგეშველებიანო?
მე რომ არ მეჩქარებოდეს,
თავადაც გიშველიდიო,
შინ კიდევ დედა მიმელის
და ბარგიცა მაქვს დიდიო.

უთხრა და გამოაშურა,
გზას გამოუდგა ჩქარადა;
მოვიდა სახლში, ძვირ-ფასი
ძნა გადმოიღო წყნარადა.
მაგრამ სიფრთხილე პატარას
ვერ გამოადგა ვერადა:
როგორიც იყო ძმა მინდვრად,
დარჩა იმ ნამჯა-ღერადა.
სჩანს, ანგელოზმა ტყუილად
დამითათბირა მე გული...

სთქვა ეს და მიწვა ლოგინზე
საძილედ, დაღნებული.