ოქროს თავთავი
(ზღაპარი)
X
კარგი, კარგიო! - ნელი ხმით
მოისმა ჭუჭრუტანაში, -
ეს ის ხმა იყო პირველად
რომ გაიგონა ყანაში, -
„- მაგ გვარ სიკეთეს, იცოდე,
მე ვერ გაგიწევ ხშირადო;
გულ-კეთილობა, პატარავ,
გიღირდეს მუდამ ძვირადო.
ყველასთვის კარგი იფიქრე,
არვის დაუგო მახეო;
ნუ დაივიწყებ დედა-ბერს,
ხვალ უეჭველად ნახეო“.იმ ღამეს ცუდად ეძინა
პატარას სულ ერთთავადა;
ნათქვამი, დავალებული
გულში თან ჩაჰყვა მწვავადა.
ფიქრობდა, აღარ მოიქცეს
ის არასოდეს ავადა.ადგა თუ არა, გასწია
დედაბრის სანახავადა.
ბებერიც წამომდგარიყო
რიჟრაჟზე ადრინდულადა;
ცივსა და მაგარ თავთავსა
სთვლიდა ის მხიარულადა,
და ბუტბუტებდა ხმა დაბლა:
ვიდრე მიდარის დარიო
ჩემითვის თავთავის მოკრეფა
საჭირო აღარ არიო.
აი რა მიყო მე ბავშვის
ნაზმა სულმა და გრძნობამა:
ძნა ოქროდ გადამიქცია
მისმა გულკეთილობამა!..