აკაკი წერეთელი

ნათელა

ძველებური ამბავი

შესავალი

ამაღლდით, გრძნობავ, გონებავ!..
ასცილდით მზე და მთვარესა!..
შეუკავშირდით ვარსკვლავებს,
მოციმციმ-მოელვარესა!

შეიტყვეთ საიდუმლობა
ზეციურ ტკბილი ხმებისა
და შეისწავლეთ კანონი
იმათი შეთანხმებისა!

მე მაშინ მხოლოდ გავბედავ,
ხელი შევახო ჩანგურსა
და მწარე ზარი ამ ქვეყნის
შევრთო იმ ქვეყნის ზევსურსა.

რომ მეც გალობით, გედივით,
დავაგდო ქვეყნის საზღვარი,
ჩავდნე ჩემსავე ჰანგებში
და გავქრე, როგორც ლამპარი…

დიახ, მსურს დავდნე და გავქრე,
რომ მას მოვფინო ნათელი!..
ნათელა არის იმისი,
ვისაც მე ვამბობ, სახელი.

ნაწილი პირველი

თავი I

ერთხელ თურმე მზე და მთვარეს
მოუვიდათ ჩხუბი დიდი:
გაშორდენ და შემაერთი
ჩაინგრიეს გზა და ხიდი.

შუა ჩადგა გველეშაპი,
დრო იხელთა, ჩაეპარა…
აღარც მზე სჩანს, აღარც მთვარე…
ორივ ერთად მიეფარა.

დადგა ბნელი, საზარელი
დრო, მხეცების სანავარდი!..
მზის სხივების ვეღარ მჭვრეტი,
გახმა ია, დასჭკნა ვარდი!..

სწორედ ამ დროს, სიბნელის დროს,
მოევლინა ქართველს ჭირი!..
აღარც ძმობა, აღარც ყმობა,
აღარც სიტყვა, აღარც პირი!..

ერთი ძუძუთ გამოზრდილი,
ერთი დედის ორი შვილი,
ერთს ჭირსა და ერთსვე ლხინში
შეთანხმებულ, გამოცდილი,

ამერი და იმერეთი
აირია, აიშალა!..
და ორივეს ჩამოაკლდა
სიმტკიცე და ძველი ძალა.

ეს უნდოდათ მონგოლებსაც!
გაიხარეს გულით დიდად,
შუა ჩადგენ და ძმებ შუა
შური გასდვეს გზა და ხიდად.

გაეგონათ, ქართველები
პირდაპირად ვერვინ სძლია,
და იმათი დამჩაგვრელი
მხოლოდ სულის სიმდაბლეა!..

გზას დაადგენ ცბიერების,
ხალხსა ჰრყვნიდენ მრავალგვარად;
სიცრუე და ორპირობა
ხელთ ეჭირათ ხმლად და ფარად.

სიმართლეს და კარგ კაცობას
აღარ ჰქონდა გასავალი
და სდევნიდენ კაცურ კაცებს,
არ ჰქონოდათ, გინდა, ბრალი.

ჩამოაგდეს ქვეყანაში
სიღარიბე, სიღატაკე;
მთა და ბარი გაასწორეს,
შეაერთეს ზღვა და ვაკე.

დღეს-ხვალობით შელახული,
დაიჩაგრა, გატყდა ერი;
შიგადაშიგ გამოუჩნდა
ძმას მისივე მოძმე მტერი!..

მამა-პაპის წაღმა ხნული
შვილიშვილთა დაღმა ფარცხეს.
და ამერეთ-იმერეთმაც
ერთმანეთი დაამარცხეს.

ძველი ქება და დიდება
დაჭკნა უცბად, როგორც მდელო;
ადრინდელის ჩრდილი იყო
დაჩაგრული საქართველო!..

ყოველი მხრით გაისმოდა
სულთაბრძოლის „ვაი!“ - „ვიში!“
და დაცემულ ქართველობის
აღარ ჰქონდათ მის მტრებს შიში!..

ეგონათ, თუ ქართლის ბედი
საუკუნოდ მიეფარა
და მომავალ სიცოცხლესაც
შავი მიწა მიეყარა!..

რა იცოდენ, რომ მის წილხვედრს
დედა ღვთისა არ სწირავდა
და ტანჯვაში გამობრძმედილს
მომავლისთვის იფარავდა!

ზოგჯერ კერა ჩამქრალია,
ცივი ნაცრის გარე პირი…
და უსითბო, უსიცოცხლო
ზედ აყრია მას ნახშირი!

მაგრამ, თურმე, შუა-გულში
სძინავს ობოლ ნაკვერცხალსა
და ინახავს მერმისისთვის
ჩვეულებრივ ნათელ ძალსა!

ქვეყნის კერაც ასეთია:
გინდ დახუჭოს მტრულად თვალი,
იმის გულში მაინც ღვივის
დაფარული ნაპერწკალი!..

თავი II

ცაში ვარსკვლავი ვარსკვლავზე
ღვთისაგან დანათესია,
მაგრამ იმათში ყველაზე
შუქურა უკეთესია!..

ბევრია საქართველოში
პირთამზე, მზეთუნახავი;
მაგრამ, „ნათელას“ რომ სჯობდეს,
არავინ არის მნახავი.

ტანადობა აქვს ალვის ხის
და თვალადობა მთვარისა,
ღიმილი - ცისკრის ვარსკვლავის,
სხივოსან-მოელვარისა.

ვარდს მიუძღვნია ელფერი,
სინაზე - ტურფა იასა;
ზედ შუქი მოუფენია
სამოთხის კარსა ღიასა.

ცისფერი მისი თვალები
სამოთხის ჩამსახველია!
კოჭებამდე სცემს ხუჭუჭი,
შავი, უკუნი, ბნელია!..

ოდნავ უპობენ ლალ ბაგეს
კბილები მარგალიტისა,
თან ახლავს ენა ბულბულის
და მოჭიკჭიკე ჩიტისა.

ქალია ქველი წერეთლის,
პატრონი „მოდინახისა“,
უნებლიეთად დამგები
სასიყვარულო მახისა!

აღარც დედა ჰყავს, არც მამა,
ობლობით განაზარდია…
ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი,
ედემში რგული ვარდია!

სადაც კი საქართველოში
განთქმული მეომარია, -
თვალი იმისკენ უჭირავს,
ნათელას მაძებარია.

მაგრამ ნათელას პასუხი
საერთოდ გადაჭრილია:
„ჯერ ჩემი გული ყველასთვის
როგორც სამარე, გრილია!

„და ვერაფერი გაათბობს,
თუ არ სხვაგვარი გმირობა!
საცოლოდ იმან მიგულოს,
ვინც შეასრულოს პირობა:

„მე ერთი ჩოხა შევკერე,
თეთრი რამ… მშვენიერია!
წელში ვიწროა, წერწეტი,
ბეჭებში განიერია.

„არსად ეტყობა ნაკერი,
ძაფები დაკარგულია;
და ოქრო-მკედით ნაჭედი,
სახეებ მოქარგულია.

„შვიდი მტკაველი სიგრძე აქვს,
და შესაფერი განია!…
ოქროს ღილები შემიბამს,
ცრემლებით გამიბანია.

„ვისაც ის ტანზე მოუვა,
იმან ჩაიცვას, სხვამ არა!…
მაგრამ სხვაც არის პირობა,
ეს ერთი მარტო არ კმარა:

„წავიდეს, მტრებში იომოს,
გვიჩვენოს ძალა მკლავისა,
წითლად შეჰღებოს საპირე
ამ ჩემი ნახელავისა!..

„ნახოს სახელი მისთანა,
რომ არ ენახოთ არც ძველად:
ასოცი თავი მომართვას
ჩემი სარების სარქველად;

რომ შემოევლოს მესერად
ამ ჩემ დიდ ციხე-დარბაზსა…
და მაშინ მხოლოდ ეს გული
გათბება… დასდებს მას ფასსა!“

ყოველი კუთხით გაისმა
ეს უცნაური პირობა!
ყველას უნდოდა ესინჯა…
გამოეცადა გმირობა.

მთლად მოეხიბლა ქვეყანა
ნათელას ციურ სახესა:
გუნდად და გუნდად მოატყდენ
გმირები მოდინახესა!…

სინჯვენ… არ ერგო ის ჩოხა
არავის ტანადობასა!…
ეთხოვებიან ნათელას
და სჯერდებიან დობასა.

დღე დღეზე მიდის, თვე - თვეზე;
გარბიან წელიწადები!
და ფრთებს იკვეცავს სურვილი,
ნათელას გულში ნადები:

„ვაი, თუ ცუდად ვკარგავდე
ჭაბუკ დროს, სანეტაროსა,
და ჩემმა გიჟმა ოცნებამ
ამაოდ ჩამიაროსა?“

თავი III

მაღლიდან გადმომდგარიყო
მზეთუნახავი ნათელა;
სარკმელში იყურებოდა,
გული უცემდა ნელ-ნელა.

სევდა რამ შემოსწოლოდა
შავი ფიქრებით მღელვარეს;
შეეკრა ტევრი წარბები,
სახეს ჩრდილავდა ელვარეს.

ხან ფიქრით გატაცებული
შორს აშტერებდა თვალებსა.
ხან ისევ გონზე მოსული
გადაჰყურებდა ჭალებსა.

ყვირილა ადიდებული
მოიკლაკვნოდა ღრიალით,
რეტი ესხმოდა ჭალებში
აქეთ და იქით ტრიალით!

ხიდი წახვეტა, რაც იყო,
შეჰკრა გზა გაღმა-გამოღმის!..
დიდზე უწევდა მუქარა
მისი მყვირალა ცივი ხმის.

ანაზდად შორით გამოჩნდა
მხედარი თეთრი ცხენითა,
მოაგელვებდა მერანსა,
თითქოს მოჰყავდა ფრენითა.

მოადგა. ხიდი არ დახვდა,
ცხენი მოაგდო კიდესა!
დეზი ჰკრა, წყალში გადუშვა,
ისველებს ჩაფხუტ-რიდესა.

გამოეხვიენ ტალღებში
ცხენი და კაცი, ორივე!..
ღმერთზე ჰკიდია მათი ხსნა,
საეჭვო არის მათი სვე!

თვალი მოავლო ნათელამ,
იკივლა: „იღუპებაო!..
და შველაც ხორცშესხმულისგან
იმათი არ ეგებაო!“…

დაღუპვას რომ არ უყუროს,
თვალთ მიიფარა ხელები!..
მაგრამ გასცურა მხედარმა,
გადააჭენა ველები;

შეუდგა აღმართს... გულდაგულ
მიადგა მოდინახესა!..
სარკმელს შეჰყურებს მღელვარე,
ეძებს სასურველ სახესა.

არავინა სჩანს… ხორციელს
ვერავის ჰხედავს ის თვალით!..
მხოლოდ მაღლიდან დაეშვა
იმის წინ ჩოხა ფრიალით.

აიღო ხელში, გასინჯა,
ჩაიცვა, - ერგო კიდეცა!..
გაიორკეცა სურვილი,
მისთვის გაიხსნა კიდე-ცა!..

კოცნა შესტყორცნა სარკმლისკენ,
მოახტა მარდად თეთრასა!..
და, რომელ გზითაც მოვიდა,
დაადგა ისევ იმ გზასა!

არ სთქვა: ვინ იყო? რა გვარი?
საიდან იყო მოსული?..
წავიდა და თან წაიღო
ნათელას გული და სული.

თავი IV

ერთი ხანია - ნათელას
ძღვნად მოსდის ოქროს კავები
და ზედაც ჩამოხირხლული
სამშობლოს მტრების თავები.

არავინ იცის, ვინ გზავნის?
ვის მოაქვს ციხის კარზედა?
დღითიდღე თავებს აგებენ
სარქველად გამხმარ სარზედა.

ერთი აკლია ასოცსა!
იმასაც ელის ნათელა...
მაგრამ დრო გადის, არ მოაქვთ,
არ იქნა… არა ეშველა.

ფიქრში ჩავარდა ლამაზი:
„ვაი თუ მოჰკლეს გმირიო?!
მაშინ დაბნელდეს ჩემთვის ცა,
ჩაინგრეს ქვეყნის პირიო!..

წარმოიდგინა ავი რამ,
ოცნებით დართო ჭირი ჭირს;
თმა გაიშალა, ძირს დაჯდა
და აღარც იკრავს გულისპირს!

არ იხედება სარკმელში,
აღარ ადევნებს მგზავრს თვალსა!..
ისე იქცევა, როგორც-კი
შეჰფერის ჭირისუფალსა.

თმაგაშლილს შავი სამოსი
უმატებს ელვარებასა.
რა შეედრება ქვეყნად მის
გულ-მკერდის მღელვარებასა?!

შევიდა მასთან გამდელი,
მისი საყვარელ-რჩეული;
მიუალერსა გაზრდილსა
და სიტყვა ჰკადრა ჩვეული:

„ბატონიშვილო, ვისა ჰგლოვ?
რათ ემონები ოცნებას?!
ლოცვა-ვედრება შეჰფერის
და არ ყვედრება ღვთის ნებას!

„ეგებ არ იყოს ის მკვდარი…
შენ კი იგლოვდე ცოცხალსა,
ცეცხლს იკიდებდე უჯეროდ
და ზედ ასხამდე ცხელ წყალსა!..

„ადე, ნუ ზიხარ! ჩაიცვი,
მოირთე სამკაულითა…
და, ვინც გსურს, იმის სიცოცხლე
ღმერთს შეავედრე გულითა“.

დასთანხმდა ქალი, წამოდგა,
მიჰმართა დედაღვთისასა:
სთხოვდა მას შუამდგომლობას
და შემწეობას ძისასა!

გათენდა დილა საამო,
ქვეყანამ გამოიღვიძა:
ცა დედამიწას დაჰხარის
და ცას შეჰნატრის ძირს მიწა.

კაცი, პირუტყვი, მცენარე
მზეს მოელიან საამურს,
ბულბული ჩანგურს უმზადებს
და შაშვი უკრავს სალამურს.

ტოროლა მაღლა ჰაერში
ზარს აწკარუნებს რიკ-რიკით,
ჩაუქროლ-ჩამოუქროლებს
მერცხალი ტკბილი ჭიკჭიკით!

ქვეყანა აღტაცებული
უგალობს ქებათ-ქებასა
და ყვავილები სამსხვერპლოდ
უკმევენ სურნელებასა!..

არ სძინავს არცა ნათელას:
ხატის წინ მუხლმოყრილია,
ცრემლსა ჰღვრის სავედრებელსა,
მით სასოება ტკბილია!..

უცბად გაიღო კარები,
მსახურმა ფეხი შემოდგა;
არ მოელოდა მლოცველი,
შეკრთა და ზეზე წამოდგა.

უბრძანა: „კადნიერება
ეგ შენი მეუცხოება;
მაგრამ შლეგი ხარ, უზრდელი,
ბევრი რამ მოგეთხოვება?!

„უდროვოდ, განა არ იცი,
ჩემთან არავის უვლია?!
ნება აქვს მხოლოდ ერთს გამდელს
და ისიც მოკრძალულია“.

- ჩემო ხელმწიფევ, ნუ მრისხავთ!
არა გხლებივარ ნებითა:
შეგვემთხვა უჩვეულო რამ,
გიახელ იძულებითა.

კარზე მოგვადგა მხედარი,
არ ამბობს, თუ ვინ გვაწვია;
წითელ ცხენზე ზის და ტანზე
ჩოხაც წითელი აცვია.

პირდაპირ მოდის უშიშრად,
არც არავისი ჰრცხვენია!…
კალთაში გამოხვეული
მოაქვს რაღაცა!… ძღვენია!

ნახვა ჰსურს, სული მიუდის!
ამბობს: „მაჩვენეთ ჩქარაო!
ვარ კარგი მახარობელი
და არა მეტიჩარაო“.

გულმა უმთხრობლა ნათელას,
ვინც იყო მისი სტუმარი!
ბრძანა და გააღებინა
მაგარი ციხის მან კარი.

შინ შემოვიდა სტუმარი,
მის ნახვას არრა სჯობია!
ედემში ზრდილი ალვისხე
სამოთხის შენამკობია!

ჯერ თაყვანი სცა მასპინძელს,
მუხლები მოიყარა მან…
ვერ გამოჩნდება იმასთან
ზღაპრული გმირი ყარამან!..

ჰკადრა: „მოვსულვარ თქვენი ტყვე,
პირობის შემსრულებელი!
თქვენის სხივის და ჯავარის
შეფრქვევით მადიდებელი.

„უბრძანეთ, ცხენი გაბანონ,
ჩოხაც გარეცხონ თბილ წყლითა.
ცხენიც თეთრია, ჩოხაცა,
შეღებილია სისხლითა!

„და აწ, მიიღეთ ჩემგან ძღვნად
ვით პირის სანახავიო,
ქვეყნის მტრისა და ორგულის
ეს მეასოცე თავიო!“

გაჰმსჭვალა ვაჟის სიკეთემ,
შეკრთა წერეთლის ასული!
მადლობის გადასახდელად
ძლივს მოიბრუნა მან სული!

„კურთხეულ იყოს, - წყნარად სთქვა:
- შენი აქ მობრძანებაო!
თვალით გიყურებ, არ მჯერა…
მგონიხარ მოჩვენებაო.

თუ ღვთით ხარ მოვლინებული,
ცხადი რამ, ხორციელიო,
ვინ ხარ და სიდან მოსულხარ?
მითხარი! პასუხს ველიო!..“

ყრმამან მიუგო: „მაგისი
ძნელი არ არის ცოდნაო:
მთავრის შვილი ვარ, მთავარი,
დადიანი ვარ ცოტნაო!..“

ქალმა სთქვა: „ცოტნეს სახელი
გამიგონია მეცაო.
კურთხეულ იყოს მარადის
ჩვენი შემყრელი ზეცაო!“

ხელი ხელს მისცეს, გული გულს,
თვალი თვალს გაუყარესა,
და გაიმართა ნადიმი
ყველგან საჩხერის მხარესა.

(გაგრძელება)