რამდენიმე სურათი |
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
მიღწვიან, მომიგონებნ, დამლოცვენ, მოვეგონები.შოთა რუსთაველი
სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი
მწუხრის ზეწარი გადაეფარა
და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი
ალაზნის ვერლზე წამოიხარა.
ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,
მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,
მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი
იმის სხივებთან მუსაიფობდა.
შორნი მნათობნი მოკამკამენი
იმ მწუხრს ღამესა მხიარულობდნენ,
მდუმარს ქვეყანას, ვით საყვარელნი,
სხივებს ესროდნენ, ზედ დაჰხაროდნენ.
და იმ მნათობთა სხივის ალერსით
ველს მშვენიერსა ჩასძინებოდა,
მხოლოდ ნიავი მთისა მოლხენით
ტყეში ფოთლებთან ლაზღანდარობდა.
და ალაზანი შეუპოვარი
ჰჩიოდა, თითქო კაცს ემდუროდა,
მის ბუტბუტს მარტო მთაი მდუმარი
დაფიქრებული ყურს მიუპყრობდა.
ყველას ეძინა, დღით ჰფეთქვს რაცა,
თითქო დაღლილა მიწაც და ცაცა!..