IX
„ბოლოს ბძანა: - „ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!
ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ;
რა ვქნა, - ასი ერთზე მოვა,
ამას ვწუხვარ და ვვალალებ.
ჩვენი კაცი ერთი ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.
მერმე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.
ხატებს, მამათ სალოცავსა,
წაძურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.
ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.
დედას თავის ძუძუთა შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს.
„ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.
ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!
ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.
მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი, რაშიც არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...
სირცხვილს ამბობთ! – რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.
თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის – ერთისათვის,
მაშ, რად მიშლით თავდადებას
მე ერთს – მთელი ერისათვის!...
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, სრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა“.
XI
- „შენ რას ბრძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად?“
ატირდა და მოახსენა:
- „ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს.
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.
მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის.
მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთესს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...
ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, -
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.
ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!..“
XII
„მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:
- „დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასისთვის თავდადება
გვიბრძანაო მაცხოვარმა.
ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.
მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.
გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.
თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და – სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა“.
ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი;
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.
მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდსულოვნობის შვილია.