V

„ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
- „რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო“.

გაუგზავნა მოციქული:
- „გამოცხადდი ჩემ წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარტუტას ავადენო“.

დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, - იმ ღვთისრისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.

რა ჰქნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.

დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
- „წავალ – მომკლავს, და არ წავალ –
ამიოხრებს ქვეყანასა“.

ბოლოს ბრძანა: „თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო –
წესია მეფეთ ქებულთა.

ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან –
წასვლას თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ –
მეფის თუ ქვეყნის დამხობას?“

VI

„ბრძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ვაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.

წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ,
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.

ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.

უბრძანა თუ „დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, - ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.

შეიტყობდით, მომივიდა
მე ყეინის მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბრძანებს
ჩემზედ გაბოროტებული.

თუ არ მოხვალ, მე მოვალო,
აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარტუტასა,

თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება“.

VII

„დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.

- მეფევ! ნეტა რა გვიბძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!

თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.

მოვიდეს, რომ იმუქრება
ის უსჯულო სისხსლისმსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.

მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!

ბძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამაპაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.

სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა, შენსა შემნატვრელსა.

ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილისშვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზე დააჭდიე“.

VIII

„ახლა წადგა სპასალარი...
- „მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, -
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!

თუნდ რომ დავრჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, -
სახელიო ან სიკვდილი.

ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, - მამა-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი“.

ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგვინოსანი, ცხებული,
დიდხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...