XXII
„მეფეს ერი შეეცოდა,
სთქვა: - „მეც ვსწუხვარ, რომ გშორდებით,
ღმერთს ვსთხოვთ, იყვნეთ ჩემს შემდეგა
მშვიდობით და გამარჯვებით.

ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის
მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს!
ამასა იქმს ყველა, ვინც კი
ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს.

მე მივდივარ!.. მეფე თქვენი
დიდს და მცირეს გეთხოვებით,
რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ,
რაც შეგცოდეთ, შემინდვენით“.

ბძანა და ცხენიც მოართვეს,
ზედ მოახტა ვეფხვსავითა,
ცხენზედ იგი დალოცვილი
გამობრწყინდა მზესავითა.

მტერსაც კი რომ დაენახა,
თვალი გაუშტერდებოდა,
მისებრი ცხენზედ მოხდენა
ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა.

გამოეთხოვა ყველაკას,
ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა,
სხვა კი ამხედრდა დიდკაცი –
ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა.

ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც,
შინ დარჩენა არ ინება,
შეევედრა თან წაყვანას
და მეფემაც დართო ნება.

წაბრძანდა და თან იახლა
ის ამალა და მხედრობა,
უკან მისტირს ერი, ბერი,
გლეხობა თუ დიდკაცობა.

XXIII
„მინამ მეფე მიმავალი
ურდომდინა მივიდოდა,
იმისი მისვლის იმედი
ყეენსა გადასწყვეტოდა...

ებძანა თავის სარდლისთვის:
- „შეჰკრიბე ჯარი, ლაშქარი,
წადი, დიმიტრი მომგვარე
ან ცოცხალი, ანუ მკვდარი;

თუ არა, იმის ქვეყანას
შეესიე და მოსრეო,
სულ ძირს დაეც, რაც წინ შეგხვდეს,
ქალაქი თუ სიმაგრეო“.

წინ შეხვდა მეფეს ეს ჯარი,
მრავალი და უთვალავი,
მაშინვე მიხვდა: აქაო
ამბავია რაღაც ავი.

უხმო მხლებელთ და უბრძანა:
- „ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:
თუ უკადრისი მაკადრონ,
თქვენ არავის ხმა არ გასცეთ.

თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ,
ჯარია მოზღვავებული;
თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს,
თქვენგნით გაბოროტებული, -

წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს,
აგვიოხრებს ქვეყანასა...
ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ
ვაჟკაცთა თაკილობასა?!

ღმერთს აცადეთ... დეე იქმნას,
რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო, -
ბრძენთაგანა ასე თქმულა.

კვლავ ფიცსა გთხოვთ: სისხლს ნუ დაღვრით,
ნუღარ დამიმძიმებთ სულსა!..
განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დათხეულსა“.

XXIV
„რას იქმოდნენ, მისცეს ფიცი
გამწყრალთა, გაბრაზებულთა,
სირცხვილის ჭამა ირჩიეს
ქვეყნისთვის დავალებულთა.

ბევრმა იკრა გულში ხელი,
სთქვა სულმწყრალად: „ვაი დედას!
დრო მოგვივა და ამ თათრებს
არ შევარჩენთ ჩვენს შერცხვენას!“

ბატონმა ბძანა: - „ვინა ხართ?
წადით, ჰკითხეთ – რა სწადიან?
თუ მე ვუნდივართ, აქა ვარ,
ჰქმნან ის, რასაც მიქადიან...“

მალე დაბრუნდა უკანვე
მეფის კაცი მოციქული,
მოახსენა: - „სარდალს ვუთხარ,
მეფევ, შენი ბრძანებული;

მითხრა: - „მეფე შენი გვინდა,
თუ მოგვეცა თავის ნებით,
არას ვერჩით თქვენს ქვეყანას,
აქედამვე დავბრუნდებით...“

იამა, ბძანა: - „მადლი ღმერთს,
რომ ქვეყანა გადმირჩება
და ცოდვილი ჩემი სისხლი
ამაოდ არ დაიღვრება“.

თვით წაბრძანდა სარდლისაკენ,
მის წინ შეაყენა ცხენი,
უბძანა თუ: - „მე ვარ მეფე,
რაც გენებოს, იგი ჰქმენი“.

მისცვივდნენ უკადრისადა,
ვით ძეს ღვთისას ურიანი,
შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით
მეფე, ხელმწიფე სვიანი.

XXV
„მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს,
სისხლმსმელს ადამიანისას...
საღერღელი აეშალა,
ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას.

გაჰწყრა: - „როგორ გაბედეო,
არ დაუდეგ ჩემს მოსისხლეს?
სთქვი პასუხი და იცოდე,
შენი განკითხვის დღეა დღეს.

იცოდე, რომ წინვე მითქვამს:
თავი უნდა მოგეკვეთოს!
ამის შეცვლა თვითონ ღმერთმაც
ჩემმაც მე ვერ შემომბედოს.

მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ წინ
შეინანო ბრალი შენი,
აქ ჩემ ფერხთ წინ აღიარო
შენვე შენი სიმუხთლენი...“

მეფემ უთხრა: - „შენისთანა
ჩემი რა გამკითხველია!
ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ
ძალა აღმართის მხვნელია.

შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან?
რას მიქვიან შენანება?
ჩემი გამკითხველი არი
ნამუსი და ჩემი ნება.

ჰქმენ, რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, -
რად გწადს მომკვეთო თავიო...
სვავს ვინ ჰკითხავს, სისხლს რადა ჰსვამ,
სვავო, რადა ხარ სვავიო?..“

გაწყრა ყეენი ამაყი,
ეს როგორ გამიბედაო!
უბძანა: - „ჰგვემეთ და სცემეთ,
ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო“.

წაიყვანეს მეფე ჩვენი
და საბნელეთში ჩააგდეს;
შემოარტყეს გარს მცველები,
კარს კლიტეები დაადეს.