XVII

„მოახსენა: - „ჰე, მეფეო,
ნუ შემრისხავ ერთგულ ყმასა!
მე ხომ მხედავ, გარდავსრულვარ,
სამარიდამ გაძლევ ხმასა.

მეფევ, კისრად აგიღია
ტვირთი ჩვენის შავის ბედის,
ბედისწერას მისცემიხარ
უბედურის ჩვენის ქვეყნის.

ვიცით, რომ არ შეშინდება
გული მეფის დიმიტრისა,
როცა ნდომობს თავგანწირვას
დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა.

მაგრამ ჩვენ რა გვეშველება,
ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ?
მამობასა ვიღა უზამს
შენგან დაობლებულ ქართველთ?

ერს ოფლისმღვრელს და ტვირთმძიმეს
ჭირსა ლხინად ვიღა გვიქცევს?
წუთისოფლის მძიმე უღელს
შენებრ, მეფევ, ვინ გაგვიწევს?

ამას ვსტირით, რომ მიდიხარ
და აობლებ შენსა ერსა,
ჩვენს ბედსა და მშვიდობასა
ვეღარ მოუმართავ ხელსა.

ჩემებრ უძლურს, გაჭირვებულს
მწედ ვეღარ მიეშველები,
ღარიბს, ობოლს, ქვრივს და ოხერს
პატრონად არ ეყოლები!

XVIII

„ნუ სწუხართო!.. განა, მეფევ,
ჩვენ ხელთ არის ეხლა გული?
რკინაც იყოს – მაინც დასდნეს
ამებრ ცეცხლში ჩაგდებული.

გულს რად გვიკლავ? რად მისდიხარ?
ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!..
ქუდზედ კაცი დაუძახე,
მოაგროვე სპა და ჯარი.

ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ,
ვინც კია, ყველა დევია...
ბევრჯელ უნახავს ქართვლის მტერს,
რომ ცოტაც ბევრის მძლევია.

აჰა, მეფევ, ორი ბიჭი,
მხრებში რომ ამომჯდომია,
ორივ ჩემი შვილი არი,
ერთი მეორის მჯობია;

მიირთვი და ინაცვალე,
ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე!
ომში, მეფევ, გაჩვენებენ,
რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე.

შეჰკრიბე დიდი, პატარა,
გაუძეღ წინამძღოლადა,
მტერს წინ დახვდი... ვინც უკუდგეს,
დედა შეერთოს ცოლადა!

ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ,
ბევრი რამ გადახედია,
მაგრამ უომრად მტრისა წინ
არ წაუხრია ქედია.

ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა,
უომრად ნუ დავმარცხდებით,
თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ
სახელითა და დიდებით!..“

XIX

„უბრძანა თუ: „ბერო კაცო,
მესმის შენი ერთგულება...
შაბაშ ქართველს!.. გული თურმე
სამარემდე გულად ჰრჩება.

მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ,
არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,
მარტო ჩემის გულისათვის
არ შევაკლავ მტერს ათასსა.

ჩვენის ქვეყნის შავი ბედი,
როგორც ტაროსი, იცვლება,
დრო მოვა და თქვენი თავი
უფრო მეტად დასჭირდება.

მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი,
გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა:
თუ თქვენ მე არ გემეტებით,
მე რად გაგიმეტებთ თქვენა?..

განა თვითონ ქრისტე-ღმერთსა
გადარჩენა არ ძალ-ედვა,
არ ინება და ქვეყნისთვის –
ღმერთი იყო და – ჯვარს ეცვა.

XX

„მაშ რად არის მეფე მეფედ,
თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა?
თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის,
ეგ სიკვდილი სიცოცხლეა.

არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია.

არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც
თავი უნდა გავიწირო,
ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო
დედა შვილზედ არ ვატირო.

წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა,
მოხდეს იგი, რაც მიმელის...
მაგრამ ჯავრი თან მიმყვება
საყვარელის ჩემის ქვეყნის.

ეჰ, რაც ჰსურდა, არ დაჰცალდა
ჩემს წყურვილსა სულისასა!..
აწ იქმნას ის, რაც სწადიან
განგებასა უფლისასა.

თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ
ხოცვა, ჟლერა, სრვა და რბევა,
მე კი... მეყოს, თუ გამყვება
თქვენი ლოცვა და კურთხევა“.

XXI

„თითქო ზეცით ზარი იყო,
თითქო ღმერთი მოევლინა, -
ხალხი პირქვე მყის დაემხო
საკვირველის მეფის წინა...

თურმე დიდებას მადლისას
კაცი მსწრაფლ დაუმონია,
ვით დიდს ბოროტს, ისეც დიდს მადლს
თავისი ზარი ჰქონია.