XIII

„ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა
დიდებულთა იგი კრება...
უხმო მხლებელთ და უბრძანა
წასასვლელად მომზადება.

სთქვა და უროდს კიდეც წავა
მეფე იგი უშიშარი,
თქმულა: გმირის კაცისათვის
თქმა და ქნაო ერთი არი.

გაათავეს სამზადისი
და მოვიდა დღეც წასვლისა;
ვით ჭინჭველა, ჰფუსფუსებდნენ
შინაყმანი სასახლისა.

ხმა გავარდა ქალაქშიაც:
მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,
უშლიდნენ, არ დაიშალა, -
ვერ ვუღალატებ ხალხსაო.

შეიძრა მთელი ქალაქი,
ხალხი ეცა ერთმანეთსა,
მოზღვავდა და იგრიალა
და მიაწყდა სასახლესა.

მივიდნენ, ნახეს, მზად არი
რაზმი მეფის ამალისა,
სულ სავსეა ცხენოსნებით
მოედანი სასახლისა.

წინად ბარგით გაეგზავნათ
ჯორი, ცხენი დატვირთული,
აქ ვინც იყო, სალთად იყო,
ტურფად კაზმულ-დარახტული.

XIV

„თავადნი და აზნაურნი
სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ,
ვერ იტყოდა, ვინ ვის სჯობდა, -
ყველა ასე კარგნი იყვნენ.

წყობით იდგნენ და ისმოდა
აბჯრისა და რახტის ჟღერა.
საამოა გაწყობილის
ვაჟკაცების რაზმის მზერა!

კაცი თვალს ვერ აშორებდა
მხედარსა და იმის ცხენსა,
თვით წუნი წუნს ვერ დასდებდა
მათს სიკეთეს, სიტურფესა.

მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა
რაზმ-გარეთა ატარებდნენ,
მათი მხედნი დიდებულნი
მეფეს სასახლეში ახლდნენ.

იმ ცხენების მორთულობა
კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა,
მძიმე რახტით დაგვირთულნი,
თითო-თითო სოფლად ჰღირდა.

მაგრამ მათში ერთი იყო
თეთრი ცხენი არაბული,
უკეთესს ვერ ინატრებდა
კაცის უძღომელი გული.

მეფისა იყო ის ცხენი,
თამამი, თითქო ვეფხვია,
იმის უზანგში მეფის მეტს
ვერვის შეედგა ფეხია.

ამაყი იყო ლომსავით
და ნაზი როგორც მშველია,
სხვა მას ვერ იმორჩილებდა,
თუ არ ბატონის ხელია.

ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა,
ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა,
თითქო ლოდის ჰთაკილობსო,
ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა.

XV

„გამობრძანდა ბოლოს მეფეც,
თან გამოჰყვნენ დიდებულნი,
ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი,
სამგზავროდ გამზადებულნი.

მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა
გულმწუხარე მღვდელმთავარი
და მხარმარცხნივ – შუბლშეკრული
ჯავრით სავსე სპასალარი.

მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს
მეფის თავგადადებასა,
სპასალარი კი ჰთაკილობს
უომრად დამარცხებასა.

ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს
ვიშითა და წუხილითა,
მეფეს გული ამოუჯდა
მათთვის გულისტკივილითა.

უბრძანა თუ: „რასა სწუხართ?
იქმნას, რაც კი საქმნელია!..
ერისათვის თავდადება
მეფისათვის სახელია.

რაც მომივა, მომივიდეს,
მე იმისთვის არ ვინაღვლო...
თქვენ ჭირს დაგხსნით... დეე, ვიქმნე
მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო“.

ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა,
მოეგუბა თვალში ცრემლი...
თქმულა: ქვასაცა მაგარსა
გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.

მოუმატა ხალხმაც სულთქმა,
ხმა გაისმა ქვითინისა,
გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში
ობლისა და ქვრივ-ოხრისა.

XVI

„უცებ მეფემ თვალი მოჰკრა, -
ხალხი გაირღვა შუაზედ,
ორს მარჯვე ბიჭს ბერიკაცი
მოჰყავთ მის წინ მოედანზედ.

მოჰყავთ ცახცახით, ხანხალით,
ჩაჩანაკი და ბებერი,
მკერდზედ სცემდა თოვლივითა
მოხუცებულს თეთრი წვერი.

მოვიდნენ და გააჩერეს
ის მოხუცი მეფის წინა,
ბიჭები კვლავ მხრებში უსხდნენ,
თუმც ყავარჯენს დაებჯინა.

ის ამ ქვეყნად აღარ იყო,
ფეხი ედგა სამარეში,
მაგრამ მაინც კი უცემდა
ადრინდელი გული მკერდში.