დავით გურამიშვილი

დავითიანი

თ. ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება

(შემოკლებით)

ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია.
თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია;
ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,
მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.

იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი,
მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა მცემელი,
შრტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი,
წყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.

მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა,
უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა,
მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა.
ჩაცვივდენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.

გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი,
დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი.
ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი,
დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.

გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,
ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;
უარ-ყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,
რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.

ასწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა.
წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა:
იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა.
მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.

ღვთისმშობელმან ჰრქვა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა.
ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა,
პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა,
შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.

არ დაიჯერეს, არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები;
დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასასტერები!
თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქნეს ვერები,
დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით განმრავლდენ მტერები.

დაჯაბნდენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,
ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა მტერთა მძლეველნი;
ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,
მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.

შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანერთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;
ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.

მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!