დავითიანი
ბ. სწავლა მოსწავლეთა
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;
მაშინ იხარებს მსინდავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია:
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, -
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთნელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.ვსძებნე და ვერა ჰვპოვე რა მჯობნი ამ სწავლა-მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა:
ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლა-მოსვლით ძნელითა,
მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?ზოგი ხომ ძოღან გაჩვენე შვიდიოდ სარჩოს ძირობა;
მერვე - ხელმწიფე დარჩების, ვისაც აქვს ქვეყნის მჭირობა.
მეცხრეა - არჩენთ მწყემსობა, უქნიათ მენახირობა,
მეათე - მიჯნურთ სურვილი, ტრფიალთა შენაზირობა.მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინა მხვნელია,
მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი, ბრძენ-მსიტყველია,
ათისავ თითო მოგითხრა, რომელი რისიც მქნელია.
რომელიც გინდა, იქონე, ერთ-ერთს მოჰკიდე ხელია!