დავითიანი
ზ. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმედლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო,
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო,
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა, გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო;
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
კელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმიდასა შენსა საღმთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.ჯვარით გარდმოგხსნეს, წარგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, მცველები შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგაჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნევდი კეთროანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!გაიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!