ილია ჭავჭვაძე
 

აჩრდილი

 
   

ვუძღვნი

   

ივ. პოლტარაცკის და
ილია წინამძღვრიშვილს

   

„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.

   

რუსთაველი

 

I

 
  აღმობრწყინდა მზე დიდებულათა
და გაანთალდა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოდ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივე დიდებულ და დადუმებულ.
ქვესკნელთ ძალთგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.
მისი ყინულით ნაკვეთი თავი
მოირთი მზისა ოქროს სხივებით,
ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით, -
თითქო ელისო განკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმე ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.