ოსკარ უაილდი

თარგმანი რუსუდან მახათაძის

ვარკსვლავ ბიჭუნა

ერთხელ, დიდი ხნის წინათ, ფიჭვის ტევრში შინისაკენ გზას მიიკვლევდა ორი ღარიბი შეშის მჭრელი. ზამთარი იდგა და ზამთრის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. მიწასა და ხეთა ტოტებს თოვლის სქელი საბურველი გადაჰფარვოდა, ხოლო ყინვისაგან გაფიჩხებულ პაწაწინა რტოებს ყოველ ნაბიჯზე ტკაცატკუცი გაუდიოდა; მთიდან მომსკდარი ჩანჩქერი კი უძრავად გადმიკიდებულიყო ჰაერში, რამეთუ მისთვის - ვით დიაცისთვის - ამბორი ეყო ხელმწიფე ყინულს.

ისე მოუჭირა ყინვამ, რომ ნადირმა და ფრთოსანმაც აღარ იცოდნენ, რა გზას დასდგომოდნენ.

- უუუ! - დაიყმუვლა მგელმა, კუდამოძუებული რომ მოძუნძულებდა ბუჩქნარში. - რა მურდალი ამინდია! ნეტავი ეს მთავრობა რასა ფიქრობს, გულხელი რომ დაუკრეფია?

- ჭვიი, ჭვიი, ჭვიი! - აჭყვიტინდნენ მწვანე ჭვინტები. - ბებერმა დედამიწამ ჭირი მოგვჭამა და, აგე, თეთრი სუდარა გადაუფარებიათ მისთვის.

- დედამიწა საქორწილოდ ემზადება და ეს მისი საპატარძლო კაბა გახლავთ, - გადაუჩურჩულეს ერთმანეთს გვრიტებმა; სულ წაჰყინვოდათ პაწია, ვარდისფერი ფეხისგულები, მაგრამ მაინც ეგონათ, რომ ამ ყველაფრისათვის ოცნების თვალით უნდა შეეხედათ.

- სისულელეებსა ჩმახავთ! - დაიბრდღვინა მგელმა. - გეუბნებით, მთვარობის ბრალია-მეთქი ყველაფერი და ჩემსას თუ არ გაიგონებთ, სუყველას გადაგსანსლავთ!

მგელი ერთობ საღი გონების პატრონი გახლდათ და სარწმუნო საბუთებსაც ისე ხელად წარმოგიდგენდათ, არც კი დაფიქრდებოდა.

- ჰოო, მე თუ მკითხავთ, - განაცხადა ხეკაკუნამ, ჭკუის კოლოფად რომ იყო მოვლინებული ამქვეყნად, - რაიმეს ასახსნელად სრულებითაც არა მჭირდება ატომური თეორიის მოშველიება. თუ ასეა, ესე იგი, ასეა; ჰოდა, ამჟამად ჯოჯოხეთური სიცივეა.

მართლა ჯოჯოხეთური სიცივე იყო! ციყვუნიები, მაღალი ნაძვის ფუღუროში რომ დაედოთ ბინა, გასათბობად ცხვირებს უხახუნებდნენ ერთმანეთს, ბაჭიები კი სოროებში მოკუნტულიყვნენ და გარეთ თავის გამოყოფასაც ვერა ბედავდნენ. მხოლოდ უშველებელი ბუები ჩანდნენ დალხინებულნი. და თუმცა დათრთვილული ფრთები ლამისაა გაშეშებოდათ, ამ ამბავს აინუშიაც არ აგდებდნენ, დიდრონ ყვითელ თვალებს აბრიალებდნენ და ერთმანეთს გასძახოდნენ ტყეში, - აუუ, აუუ, აუუ, აუუ, რა სანატრელი ამინდი დაგვიდგაო.

შეშის მჭრელები კი წინ მიიწევდნენ, გამწარებით იორთქლავდნენ გალიგვებულ თითებს და უზარმაზარი ნალიანი ჩექმებით მოყინულ თოვლზე მიაბოტებდნენ.