იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა: მოდი, ერთი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითაო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და გავიდა სოფლის მოედანზე. ჩამოჯდა იქ კუნძზე, დაიდო წიგნი მუხლებზე და შიგ ცქერა დიწყო, ვითომ ერთი შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო, არ კითხულობდა და შიგ ტყუილად იცქირებოდა.
მალე ძილი მოერია და თავს ასკილივით აქნევდა. ამ დროს მეზობლის თხა ფეხების ბაკუნითა და წვერის ცანცარით ბაკიდან გარეთ გამოვიდა. გიგოს თავის კანტური რომ დაინახა, თხას ეგონა, ჭიდაობაში მიწვევსო, გამოექანა, დაეჯახა რქებით, ყირამალა გადაატრიალა და ააღრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.