თეოფილე კანდელაკი

სიტყვის ძალა

ერთ კაცს ძვირფასი ცხენი ჰყავდა: ვინც კი ნახავდა, ყველას თვალი ზედ რჩებოდა. გავარდა ამ ცხენის ქება-დიდების ხმა ქვეყნად და საიდან გინდა არ მოდიოდნენ იმის სანახავად.

სხვათა შორის, ერთ უცხოელს მოეწონა ის ცხენი და როგორც უნდა დასჯდომოდა, გადაწყვიტა იმის შეძენა. რას არ დაჰპირდა, რა უღირალი ფასი არ შეაძლია, მაგრამ ვერაფრით ვერ დაითანხმა პატრონი და ვერ გააბედვინა საყვარელი ცხენის გაყიდვა.

მაშინ შემდეგ ხერხს მიმართა: გაიმურა პირის სახე საღებავით, ჩაიცვა ძონძები, შეიხვია ხელ-ფეხი და კისერი დასახიჩრებულ მათხოვარსავით და ასე აბურძგნული გაუდგა იმ გზას, რომელზედაც ცხენის პატრონს უნდა გამოევლო. როცა უკანასკნელი მიუახლოვდა, ცრუ-მათხოვარი დაჯდა გზის პირას და მიმართა მას დასუსტებული და შეწუხებული ხმით:

- ღვთის გულისათვის გამიკითხე დავრდომილი, შორი გზიდან მოვდივარ, მოვიქანცე და აგერ სამი დღეა აქედან ფეხი ვეღარ მომიცვლია, რომ სადმე ლუკმაპური ვიშოვნო! დამიხსენ სიკვდილისაგან, ღმერთი გადღეგრძელებს!

ცხენოსანს შეებრალა გაჭირვებული კაცი და უთხრა:

- შემომიჯექ ცხენზე, შინ წამომყევი და რითაც შემეძლება, პატივსა გცემო!

- ადგომა არ შემიძლია, ბატონო, მუხლებში ღონე არა მაქვსო!

გულკეთილი ცხენოსანი ჩამოხტა, მიიყვანა ცხენი მათხოვართან და დიდი გაჭირვებით შესვა ის ზედ... მათხოვარი რომ უნაგირზე მოექცა, ცხენს ქუსლი შემოჰკრა, გააქროლა და შორიდან ასე მოაძახა:

- წადი და საცა შენი სთქვა, იქ ჩემიც სთქვიო! მე ის კაცი ვარ, ცხენს რომ გევაჭრებოდი და არ მომყიდე. ახლა გამოეთხოვე სამუდამოდ შენ ცხენსაო!

სახტად დარჩენილმა ცხენის პატრონმა ცოტა ფიქრის შემდეგ დაუყვირა მატყუარას:

- ერთი სიტყვა მაქვს სათქმელი და გთხოვ ყური მიდგოო.

იმან შეაყენა ცხენი. ცხენის პატრონმა უთხრა:

- ცხენი ხომ დამტყუე და მიგყავს; ღმერთმა ისე მოგახმაროს, როგორც მემართლებოდე, მაგრამ ერთ რამეს გევედრები და გთხოვ, ის მაინც ამისრულეო: ნურავის ნუ ეტყვი, რა ხერხით წამართვი შენ მე ეგ ცხენიო!

- რათაო? - ჰკითხა მატყუარამ.

- იმიტომ, რომ ქვეყანა გაიგებს და სხვებმაც რომ გაჭირვების დროს შემწეობა ითხოვონ, აღარ გაიკითხავენ, ვაითუ ესენიც ტყუოდნენო და მაშინ მე გავხდები მიზეზად, რომ ხალხი ერთმანეთს აღარ დაინდობს და გაჭირვების დროს შემწეობას აღარ აღმოუჩენს, რადგანაც ყველას შიში ექნება არ მოტყუვდეს ისე, როგორც მე შენგან მოვტყუვდიო!.. - უთხრა ცხენის პატრონმა.

- ბოროტმა შურმა თვალები დამიბრმავა და გზა მართალს ამაცდინა, მაგრამ მაგ შენმა სიტყვებმა კეთილ გზაზე დამაყენეს, თვალები ამიხილეს და გთხოვ, მაპატიო შეცოდება! - უთხრა მატყუარამ ცხენის პატრონს, გადაეხვია, გადაკოცნა და ცხენი უკანვე დაუბრუნა...

ცხენის პატრონმა მიიწვია მატყუარა თავის სახლში, კაი პატივი სცა და ამას შემდეგ დიდი მეგობრები გახდნენ.