ნოდარს მამამ სათამაშო ნავი მოუტანა.
გახარებულმა ნოდარმა მეზობელ გივისთან შეირბინა.
მეგობრებმა გულდასმით დაათვალიერეს სათამაშო, მერე კი მომართეს და წყლით სავსე აბაზანაში ჩაუშვეს.
- მიცურავს! მიცურავს! - აღტაცებით შესძახეს ბიჭუნებმა.
- ნოდარ, მეც რომ ასეთი ნავი მქონდეს, შევაჯიბრებდით, რომელი გაუსწრებდა!.. - თქვა გივიმ.
ნოდარს მოაგონდა, რომ გივის მამა არა ჰყავდა...
- გივი, ეს ნავი შენი იყოს. მე მამიკოს ვთხოვ და კიდევ მიყიდის, - უთხრა ნოდარმა გივის.
ნოდარმა სათამაშო ნავი გივისთან დატოვა.