იაკობ გოგებაშვილი

სიკეთე ბოროტებისათვის

ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ გული კი ბოროტი ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზით, ნაკლებად ბეჯოთობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავის ამხანაგებს. განსაკუთრებით ჰყავდა ამოჩემებული პატარა ელამი კატო: რამდენჯერ დაუცინია გულსაკლავად და აუტირებია ცხარე ცრემლით.

ამხანაგებს ჭირივით ეჯავრებოდათ ბოროტი ვარო.

ერთხელ გაჩნდა ყვავილი. ვაროს ყვავილზე აცრილი არ ჰქონდა დედ-მამის დაუდევრობით. შეხვდა ყვავილი და ისე დაუჯღანა პირისახე, რომ კაცი ვეღარც კი იცნობდა. ბავშვმა სამუდამოდ დაკარგა სილამაზე, რითაც ამპარტავნობდა და საშინელ მწუხარებაში ჩავარდა.

მორჩენის შემდეგ ვაროს მშობლები სკოლაში გზავნიდნენ, მაგრამ ის ცივ უარზე იდგა: თან ცხვენოდა და თან ამხანაგების ეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაგზავნეს სკოლაში. მიდის ვარო სკოლისაკენ და გულში შიშის ალი უტრიალებს: ჩემი ამხანაგები რომ დაკენკილ სახეს დამინახავენ, სიცილს დამაყრიან, მასხრად ამიგდებენ, წინანდელ ჯავრს ამოიყრიან და გულს სულ ჩამითუთქავენო.

შევიდა სკოლაში გაფითრებული და აკანკალებული ვარო, მაგრამ დახე, მის გაოცებას! მოლოდინი არ აუსრულდა. შიში არ გაუმართლდა. ამხანაგებმა ვარო რომ დამახინჯებული დაინახეს, არამც თუ დაცინვა არ დაუწყეს, სიბრალულით აევსოთ გული და ცდილობდნენ, ალერსით ენუგეშებინათ. ყველაზე მეტ თანაგრძნობას იჩენდა ელამი კატო. ვაროს გული ამოუჯდა სიხარულისაგან და თვალებიდან შვების ცრემლი წასკდა.