დაკარგული ბავშვი

ჯვარობა იყო. უამრავი ხალხი მისულიყო ქართლის სოფელ არბოში წმინდა გიორგის ხატის სალოცავად. მთელი სოფლის მიდამო გაჭედილი იყო ურმებითა და ცხენებით. ხალხი ბუზივით ირეოდა. უცებ ერთი ხუთი წლის გოგონა ასცდა თავის დედას და გზა დაკარგა. აქეთ ეცა ბავშვი, იქით ეცა, ხმამაღლა ტიროდა; ყველას ძლიერ შეეცოდა პატარა ბავშვი, ყველა გარს შემოეხვია.

- პაწიავ, გაგვაგებინე, ვინ არის დედაშენი? - შეეკითხნენ მას.

- განა არ იცით? დედაჩემი ის არის, ვინც ყველაზე უკეთესია, - უპასუხა გოგონამ.