მგელი და ბატკანი

ცხვრები ტყის პირას ძოვდნენ. ერთი ბატკანი ფარას ჩამოშორდა.

დედამ უთხრა:

- შორს ნუ წახვალ, შვილო, უბედურებას არ გადაეყარო!

ბუჩქის უკან მგელი იყო დამალული.

- დედას არ გაუგონო! ეგ უკვე ხანში შესულია, სიარული ეზარება და შენც იმიტომ გიშლის სირბილს. გაიქეცი მინდორში და ირბინე! - წასჩურჩულა მგელმა ბატკანს.

ბატკანმა დაიჯერა და ტყისკენ გაიქცა. მგელსაც ეს უნდოდა: მივარდა ბატკანს და ბუნაგისაკენ გააქანა.