იყო ერთი ბიჭი, დილას რომ ადგებოდა, ტანზე თვითონ როდი ჩაიცმევდა, - დედას უნდა ჩაეცმია.
პირს თვითონ როდი დაიბანდა, - დედას უნდა დაებანა.
საჭმელს თვითონ როდი ჭამდა, - დედას უნდა ეჭმია.
დაჯდებოდა ეს ბიჭი სუფრასთან, გააღებდა პირს და დედა ლუკმას ლუკმაზე ჩაუდებდა ხოლმე პირში.
აი როგორი იყო ეს ბიჭი! ამიტომ ზარმაცა დაარქვეს.
ერთხელ ბებიას სანახავად წავიდა. ბებია სოფელში ცხოვრობდა. დედამ აბგაში საგზალი ჩაულაგა: პური, ყველი, მანდარინი, - გზაში მოგშივდება და ჭამეო.
გაუდგა გზას ბიჭი. მიდის, მიდის... არ ილევა გზა: შუადღემ მოატანა, მოშივდა, ჩამოჯდა ხის ძირას, დაამთქნარა. ეჰ, როგორ მშიაო, - თქვა და დახედა აბგას.
მაგრამ აბგას ხომ გახსნა უნდოდა? საგზალს ხომ ამოღება უნდოდა? საჭმელს ხომ ჭამა უნდოდა?
- გამარჯობა, ზარმაცა! - მოესმა უცებ.
ბიჭს გაუკვირდა, საიდან მიცნობს ეს კაციო, მაგრამ წამოდგა და მიესალმა.
- აქ რას დამჯდარხარ? - ჰკითხა მგზავრმა.
ბებიასთან მივდივარ, მომშივდა და ამიტომ ჩამოვჯექი ხის ძირას, - უპასუხა ბიჭმა.
- მერე რატომ არ ჭამ? - ჰკითხა მგზავრმა.
- აბა როგორ ვჭამო? აბგას გახსნა უნდა, საგზალს - ამოღება, საჭმელს - პირში ჩადება. შენ გგონია, ეს იოლი საქმეა? დედა მაჭმევდა ხოლმე, დედა კი შორს არის.
- დაგეხმარო? - შესთავაზა მგზავრმა.
- შენი ჭირიმე, დამეხმარე!
მგზავრმა გახსნა აბგა, ამოალაგა საგზალი.
- უყურე, როგორ უნდა ჭამა! - უთხრა ბიჭს და მადიანად შეექცა საჭმელს.
უყურებს, უყურებს ბიჭი და ელის, როდის აჭმევს მგზავრი: აი, ისე, როგორც დედამ იცის ხოლმე.
მგზავრი არაფერს ეუბნებოდა. მან ზარმაცას შეუჭამა პურიც, ყველიც, მანდარინიც, შემდეგ ადგა და გაუდგა გზას. მადლობაც კი არ უთქვამს...
ბიჭს ტირილი მოუნდა, მაგრამ შორს იყო და მის ტირილს, აბა, რა აზრი ექნებოდა?
ჩაიხედა აბგაში, ეგებ ერთი ლუკმა მაინც დარჩაო.
აბგა ცარიელი იყო.