ვასილ ბარნოვი
ხარაზი
ყველა იცნობდა ხარაზ პაპუნას. ბატონთანაც რამდენჯერმე პირდაპირ ელაპარაკნა. პაპუნა არ იყო ღარიბი. იმისი სახლი იდგა ხარაზხანის ბოლოში. ქუჩის პირის ოთახი დუქნადა ჰქონდა მოწყობილი; მეორე ოთახში სცხოვრობდა. დუქნიდან კარგადა სჩანს გამვლელ-გამომვლელი. პაპუნა ბევრს მარტო ფეხებში შეხედვითაც იცნობდა, რადგან ყველას ფეხთსაცმელი სჭეროდა ხელში: ზოგისთვის წაღის წვერი წაეცვალა, ზოგისთვის ძირი გამოეცვალნა, ზოგისთვის ახალი შეეკერნა. ბევრი მუშტარი ჰყვანდა. მკვიდრი საქმე იცოდა, მასალას კარგს ახმარებდა. მეტის თხოვნა და ჩინჩი არ უყვარდა. თუ ვადაზედ ვერ მოასწრობდა, ხელს არ მოჰკიდებდა საქმეს. მუშტარიც ამისთვისაც ეტანებოდა.
ჯერ ისევ შუახნის კაცი იყო, როდესაც ცოლი მოუკვდა. სამი წლის ვაჟი დარჩა. პაპუნამ ჯერ დაპირა თავისი დათიკო სიდედრთან გაეგზავნა, იქ შეენახა, მაგრამ, ვეღარ გაიმეტა, თავისთანვე დატოვა. მალხაზი და აზრიანი ბავშვი დადგა; მალე მიხვდა ხელობას, ცდილობდა შეჰშველებოდა მამას. პაპუნას თვალის ჩინს ერჩივნა თავისი ვაჟი. მაგრამ რა! უბედური მამა იყო ის. ყმაწვილი ერთხელ გაცივდა, ცოტა ხანს იავადმყოფა და მოკვდა.