ლავრენტი ჭიჭინაძე

თოვლის ბაბუა გაიპარა

ვასიკო ნიკაზე ბევრად უფროსია, ამიტომ სხვადასხვანაირი გასართობი მოაქვთ ხოლმე მათთვის. მაგრამ ახალი წელი რომ მოახლოვდა, მამამ ერთი ნაძვის ხე მოუტანა ორივეს.

იმ ნაძვს ტყე არასოდეს ენახა.

იგი ხელოვნური იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი ჩანდა. ტოტები კოხტად ჰქონდა გაშლილი. მერე რა მწვანე წიწვები ამკობდა!

ვასიკომ ხელი სტაცა თავისზე მაღალ ნაძვს და შინ შეარბენინა. დიდ ოთახში კარგი ადგილი შეურჩია. ნიკა ცეკვით უვლიდა გარშემო. ერთხანს ვასიკოც იქ ფუსფუსებდა. მერე, თითქოს მოსწყინდაო მასთან ყოფნა, გარეთ გავარდა. თოვლისაგან პატარა თოვლის კაცი გააკეთა, შინ შემოიტანა და ნაძვის ქვეშ დააყენა. ნიკას ძალიან მოეწონა თოვლის ბაბუა.

- ეს თოვლის ბაბუა ჩემია. - წამოიძახა მან და ვასიკოს შეხედა.

- შენი იყოს, - უთხრა ვასიკომ.

- დედიკო, მამიკო, მოდით, ნახეთ, როგორ უხდება ჩვენს ნაძვის ხეს ნამდვილი თოვლის ბაბუა, - მორთო ყვირილი გახარებულმა ნიკამ.

მამას მოეწონა და იკითხა:

- ვინ გაგიკეთათ?

- მე თვითონ... - უპასუხა ვასიკომ.

- შენ მოქანდაკე ყოფილხარ, - შეაქო მამამ.

ნიკა გაბრწყინებულ თვალებს აღარ აშორებდა თოვლის ბაბუას.

დედამ თოვლის ბაბუა დიდ ლანგარზე დააყენა.

ვასიკო მიხვდა, რატომ მოიქცა დედა ასე, ნიკა კი - ვერა.

ბიჭებმა დაძინების წინ კიდევ ინახულეს თავიანთი თოვლის ბაბუა და ნაძვის ხე.

ვასიკო დილით ადრე წამოხტა და სკოლაში წავიდა.

ნიკამ კარგად რომ გამოიძინა, მაშინვე ნაძვის ხესთან მიირბინა, მაგრამ რას ხედავს?!

მარტო დგას ნაძვის ხე.

- სად არის ჩემი თოვლის ბაბუა? - დაიძახა აღელვებულმა ნიკამ.

- რაო, ნიკა, გაპარულა? - დედამ თითქოს შეიცხადა.

- ჰო, გაპარულა, - უპასუხა თვალცრემლიანმა ნიკამ და ის კი არ უკითხავს, რატომ იყო ლანგარი წყლით სავსე.