თუთიყუში ერთ თავლის მსგავს შენობაში შეიყვანეს: პაწაწა გისოსებიანი გალიის კარი გამოაღეს და ჭერზე ჩამოკიდებულ საქანელაზე შეასკუპეს. „ეს რა კარგი გასართობიაო“ - გაიხარა. უდარდელად გაქანდ-გამოქანდა. სიამოვნებისაგან წამით თვალიც კი მოხუჭა, მერე გაიზმორა, თითქოს ძილი ჩამოიბერტყაო და მიმოიხედა.
„სად მომიყვანესო“, - დაინტერესდა და იქაურობას დაკვირვებით დაუწყო თვალიერება: რკინის დიდ გალიებში ბრძენი ლომი, კეთილი დათვი, ფიქრიანი სპილო გამოემწყვდიათ, ბევრი სხვაც.
ძილისპირული სიმშვიდე იდგა, თითქოს კედლებიც თვლემდნენ. დიდიხანია აქ იყვნენ გალიების ბინადარნი. მათი მოთვინიერება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მაგრამ ვერა და ვერ შეელიენ გალიიდან გაქცევაზე ფიქრს. უდარდელი წარსულის უკანასკნელი ციალი გუნებას უმღვრევდათ. დროდადრო ფეხზე წამოვარდებოდნენ. გალიაში მედიდურად გაივლ-გამოივლიდნენ. რკინის გისოსებს პირგამეხებულები თვალს შეავლებდნენ... ბატონ-მეფობა დაკარგულები კბილებსღა გააკაპუნებდნენ, ნაღვლიანად გახედავდნენ თავის სარკმლიდან ზეცის ნაგლეჯს. დადარდიანებულებს მუხლი მოეკვეთებოდათ იქვე ჩაიკეცებოდნენ, თავ-თავიანთ საგონებელში ჩაიძირებოდნენ.
ხანდახან მომთვინიერებელს ცალკე გაჰყავდა ისინი, გორგოლაჭებიანი გალიით.
დროდადრო მომვლელები შემოდიოდნენ. შემოჰქონდათ საჭმელ-სასმელი, იქაურობას რეცხდნენ, ასუფთავებდნენ და ასე, გალიაში ჩაკეტილ-ჩამწყვდეულები, სხვისი ხელის შემყურენი მიათროკიალებდნენ დღეებს.
თუთიყუში მალე შეეგუა ახალ ცხოვრებას. თავდაპირველად ეგონა, ფრინველთაგან აქ მარტო ვარო. მერე კარგად რომ დააკვირდა, ჭრელ-ჭრულა ჩიტები დაინახა ხელოვნურ ხეებზე შემომსხდარნი. იადონსაც მოჰკრა თვალი და სიხარულით აჭყლოპინდა: „აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს...“
თუთიყუში ადრე ერთ ოჯახში ცხოვრობდა. იქ ხშირად ისმენდა ასეთ საუბარს:
- შინ შემოდი! - გასძახებდა აივანზე გასულ მოხუცს თავისი ქალიშვილი, - არ გაცივდე!
- ნუ მთხოვ!..
- რომ გაცივდე?!
- არავითარ შემთხვევაში, აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს.
თუ ქარი ამოვარდებოდა, ქალიშვილი შეშფოთებული მიიჭრებოდა მამასთან...
მოხუცი ბუზღუნებდა:
„თავი დამანებე, აქ მსიამოვნებს“. - ხშირად ისმოდა ქალიშვილისაგან.
თუთიყუშმა ისწავლა ეს სიტყვები და როცა უხაროდა რამე, ან გუნებაზე არ იყო, მალიმალ იმეორებდა:
„ნუ მთხოვ“.
„აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს“.
„თავი დამანებე“.
„არავითარ შემთხვევაში“.
თავლის მსგავს შენობაში რომ შემოიყვანეს, თავდაპირველად ჩუმად იყო. ხმას არ იღებდა, რადგან გამეფებულმა სევდიანმა, თანაც ზვიადმა სიჩუმემ შეაცბუნა. „რა მოწყენილობაა, ნეტა რა დაემართათ, ასე რამ წაუხდინათ გუნება“ - გაიფიქრა და ჯერ ერთისაკენ გადაიწვდინა კისერი, იქნება ლაპარაკი ისურვონო, მერე - მეორისაკენ. - ყველა თავ-თავიანთ ფიქრს წაეღო.
„რას მიყუჩებულან, ნეტა ასეთი სადარდებელი რა გასჩენიათ“, - ერთხელ კიდევ გაიკვირვა. თავად არასოდეს ენახა ტყე, ტყვეობაში დაბადებულს თავისუფლების ფასი არ ეგემნა. სარკმელთან ამოზრდილი ხე მისთვის ტყე იყო. ზოგჯერ გალიიდან რომ გამოიყვანდნენ და თავიანთ გასართობად მხარზე შეისვამდნენ - თავისუფლება ეგონა. არასოდეს გაეგონა ველური ნადირის ბრდღვინვა, ღრიალი, ცაში ლაღად მქროლავ ფრინველთა ყივილი. მათ შორის განსხვავება აღარ იყო და ამ განსხვავებით გამოწვეული სილამაზე სადღაც გამქრალიყო. ერთმანეთისაგან ტყავითღა განსხვავდებოდნენ. იწვნენ გაუნძრევლად, გალენჩებულნი, თითქოს ფიქრი გაეყინათო, ისე. სათქმელი იქნებ ბევრიც ჰქონდათ, მაგრამ ლაპარაკი არ შეეძლოთ. თანაც ზოგიერთებს მათრახის დანახვაზე მისგან გამოწვეული ტკივილი ახსენდებოდათ და მოჩვენებითი კმაყოფილებით იცქირებოდნენ. მომთვინიერებელი მათ განაწყენებას გუმანით ხვდებოდა. მაგალითად, ჭკვიანი სპილო მის დანახვაზე პირს იბრუნებდა, ზურგს უჩვენებდა. ლომი ზედაც არ შეხედავდა, გაილურსებოდა და თვალებს დაბლა ხრიდა. დათუნია გაბუტული გალიის კუთხეში მიიკუნჭებოდა.
- რა მოხდა? - დაიბუხუნებდა მომთვინიერებელი, - გშიათ? გწყურიათ?
- შემოუტანეთ საჭმელ-სასმელი! - გასძახებდა მომვლელებს.
ცხოველები ერთს ამოიღნავლებდნენ და ისევ მიყუჩდებოდნენ.
- შენ რაღას მოიგიწყენია? - შეეკითხებოდა გალიის კუთხეში მიკუნჭულ პანკვალა მაიმუნს. განა მზესუმზირა მოგაკლეს?
მაიმუნი ნაღვლიანად შემოხედავდა და თავისთვის გაიფიქრებდა: „ჩემი ლაპარაკი რომ გესმოდეს, გაიგებდი...“
მომთვინიერებელი დადიოდა გალიიდან გალიასთან და ბუზღუნებს: „გაჭმევთ, გასმევთ, სხვა რაღა გინდათ?“ - ასე ფიქრობდა თუთიყუშიც. უკვირდა ტყვეობაში წამითაც რომ ვერ ძლებდნენ პაწია ჩიტები.
თავდაპირველად, ლაპარაკი როცა არ იცოდა, ჩუმად იჯდა და აზროვნებდა. მერე სიტყვები რომ ისწავლა, ენას გასაქანი მისცა და შეუსვენებლივ ატიტინდა. ტყიპინებდა და ტყიპინებდა. სხვისი ნათქვამის გამეორების დროს საკუთარი აზროვნება არ სჭირდებოდა. თავს ძალას არ ატანდა და ყველაფერი ეს ძალზე მოსწონდა. შუშრუტანა, ქარაფშუტა ადამიანსა ჰგავდა. ყველგან შესანიშნავად გრძნობდა თავს. უკვირდა, პაწაწა ჩიტები ტყვეობაში წამითაც რომ ვერ ძლებდნენ. ნაძვისხის სათამაშოსავით უზრუნველად ცხოვრობდა. თავს ოინბაზობით ირთობდა და სხვასაც ართობდა. მხრებს მხოლოდ მაშინ ჩამოყრიდა, როცა კუჭი დაუცარიელდებოდა, ან გვერდით გამრთობი არავინ ჰყავდა.
ხანგამოშვებით მომთვინიერებელი ჩამოივლიდა. სათითაოდ მოინახულებდა ყველას. ზოგს გაეხუმრებოდა, ზოგს მიეფერებოდა, ზოგსაც მუცელზე, ზურგზე მოუცაცუნებდა ხელს, თან ომახიანად დააყოლებდა:
- ხომ მაძღრადა ხართ?!
ერთ დილით, თუთიყუშის გალიას რომ გაუსწორდა, მომვლელს უთხრა:
- გამოიყვანეთ და ფრინველების ოთახში მოათავსეთ!
მომვლელმა დავალების შესასრულებლად გალიის კარი გამოაღო. უცებ გალია შეტორტმანდა და იატაკზე დაეცა.
- ნუ თავხედობ! - დაიწივლა შეშინებულმა თუთიყუშმა. (ასე ყვიროდა ხოლმე ის მოხუცი, როცა თავისი ონავარი შვილიშვილი მოაჯირზე ჩასრიალდებოდა).
გაოცებისაგან ყველა შეკრთა, კისრები დაიგრძელეს.
- ლაპარაკი სცოდნია! - დაიროხროხა მომთვინიერებელმა და გახარებული დასწვდა გალიას.
- ნუ მაწუხებ!
- აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს! - გაჰყვიროდა ადამიანის ხმით თუთიყუში.
იმ დღიდან თუთიყუშმა ყველას ყურადღება მიიპყრო. „ლაპარაკი იცის, გავერთობი“, - ფიქრობდა მომთვინიერებელი-მომვლელი.
„გამოგვადგება“... - უხაროდათ ნადირ-ფრინველთ.
და ერთხელ, დარბაზში კარგახანს ნალოლიავები ფიქრი ჩურჩულით აფრინდა.
- ადამიანთან შუამავლად დავნიშნოთ... ვთხოვოთ.
და ერთხმად თხოვეს.
- ნუ მთხოვთ!
- არავითარ შემთხვევაში!
- აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს, - დაიწრიპინა თუთიყუშმა.
„თავმდაბლობით მოსდის! - გაიფიქრეს და ადროვეს, - თავად გადაწყვიტოსო“.
ერთ კვირა დილით მომთვინიერებელმა ჩამოიარა, მხარზე თუთიყუში შეესვა...
ნადირ-ფრინველთ გაუხარდათ: თუთიყუშმა ჩვენი თხოვნა ყურად იღო, შუამავლობა იკისრაო და რიდით შეაცქერდნენ.
თუთიყუშმა შეიფერა პატივი. ამაყად მოიღერა კისერი. გათამამდა. სულ დაავიწყდა, ამ ცოტა ხნის წინ თავადაც გალიაში რომ იჯდა. უდარდელად დახტოდა თავისი პატრონის ოთახში. მომთვინიერებელს ფანჯარა მიეხურა, არ გაფრინდესო, ფრთხილობდა. თუთიყუში იატაკიდან რაფაზე გადაინაცვლებდა. აქედან ქუჩა ჩანდა... იქ დასალიერში ტყე შრიალებდა. ერთხელაც არ გაუხედავს იქითკენ. ტყვეობაში დაიბადა და თავისუფლებას არად დაგიდევდათ.
ახალი სიტყვები ისწავლა. შეისვამდა მხარზე მომთვინიერებელი, ჩამოივლიდა გალიებს და თავს აღარ იწუხებდა ლაპარაკით. შუამავლად თუთიყუში ჰყავდა და ის წრიპინებდა ადამიანის ხმით:
- ხომ არაფერი გაწუხებთ?!
ზოგს ეფერებოდა.
ზოგს დატუქსავდა.
ზოგსაც უწყრებოდა.
- თივა გაქვთ. ხორციც, მაშ რატომღა ხმაურობთ?!
„მათრახი გადააგდოს შენმა პატრონმა და ვიტყვით!“ - აიტოტა ერთ დღეს ვეფხვი.
- ჰო, გადააგდოს... მელია მის ხელს თვალს რომ გააყოლებს, შიშისგან აიწურება და პატარა ნართის გორგალს დაემსგავსება ხოლმე, - ამოიღნავლა ლომმა.
- უთხარი.
- უთხარი.
- უთხარი.
ახივლდნენ ნადირნი.
აწრიპინდნენ ფრთოსნები.
- რა მოხდა! - დაიბუხუნა მომთვინიერებელმა და თითებში მოქცეული პაწია ზარი ააწკრიალა.
ყველა გაისუსა. ვნახოთ, რას იტყვის ჩვენი შუამავალიო. თუთიყუში არც შერხეულა. პატრონის მხარზე ნებივრად ჩამომჯდარი გაფუყულიყო და არხეინად იცქირებოდა.
მომთვინიერებლის შეძახილზე ფრთები ააფათქუნა და აწრიპინდა:
არავითარ შემთხვევაში.
ნება მომეცით, შემოვიდე.
სისულელეა.
ისევ დარდობთ.
მხეცებმა იფიქრეს, ჩვენმა დარდმა ააფორიაქაო და გაიხარეს.
ამის მერე რამდენჯერმე გათენდა, დაღამდა. ნადირ-ფრინველთ ყოველთვის ეგონათ თუთიყუში ბატონს ჩვენზე ესაუბრება, ბატონი კი არ უგონებსო და ისევ ძველი პატივით ეპყრობოდნენ მომთვინიერებლის მხარზე მედიდურად ჩამოსკუპებულ თუთიყუშს.
თუთიყუში ვერ მიმხვდარიყო რატომ ექცეოდნენ ასე მოფერებით. შეიფერა ეს პატივი, ყელი ამაყად მოიღერა და ისევ ისე მხიარულად ატყიპინდა.
მხოლოდ იადონი გრძნობდა ყოველივეს და ებრალებოდა თუთიყუში. მაგრამ ლაპარაკი არ იცოდა, ვერავის ვერაფერს აგებინებდა და დადარდიანებული სევდიან გალობას მოჰყვებოდა ხოლმე.
ერთ მზიან დღეს მომთვინიერებელს შინ მანდილოსანი ეწვია. თუთიყუში ამ დროს გალიაში იჯდა და საქანელაზე ნებივრად ქანაობდა. სტუმარმა პირველად ვერ შეამჩნია ფრინველი. მთელი გულისყურით მასპინძელთან საუბრობდა. უცებ რაღაცაზე გადაიკისკისა.
„ნუ თავხედობ“, - ჩამოსძახა თუთიყუშმა. ქალი შეკრთა და გაოცებულმა მიმოიხედა:
- ჩიტი ყოფილა, აქამდე როგორ ვერ დავინახე, - გაიკვირვა. სიცილით მივიდა გალიასთან და თუთიყუშს ალერსით უთხრა:
- გინდა მანდედან გამოგიყვან, ფანჯარას გამოვაღებ და გარეთ გაგიშვებ, შენი პატრონი მე უარს არ მეტყვის... ხომ მართალს ვამბობ? - მომხიბლავად მიაბრუნა თავი ქალმა.
- მაგის შელევა გამიჭირდება, - თავაზიანად გაუღიმა მომთვინიერებელმა.
ქალი განაწყენდა, უარმა გააღიზიანა:
- მაშ, ჩემთვის ამ ერთ ჩიტს ვერ შეელევი? რახან ასეა, ვნახოთ! - თქვა, ფანჯარა გამოაღო, მერე გალიის კარს სწვდა:
- აბა, გაფრინდი! - თუთიყუში არც განძრეულა, მხოლოდ თავს ატრიალებდა. მრგვალი, შავი თვალებით უაზროდ შესცქეროდა ქალს.
- ვერ გაიგე რას გეუბნები? ფრიი!
- წადი სადაც გინდა, სადაც გენებოს.
„ნუ მაწუხებ!“
„აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს“, - დაიწრიპინა ჩიტმა.
- სულელო! - ქალმა გალია ჩამოხსნა, ფანჯრის რაფაზე დადგა და შეაქანა, ღია ფანჯარაში გამოსაფრენად უბიძგა ფრინველს. თუთიყუშმა ჭყივილი მორთო, გაანჩხლდა და შეუსვენებლივ არატრატდა:
„არავითარ შემთხვევაში“.
„ნუ მთხოვ“.
„აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს“.
მერე ერთბაშად დაწყნარდა. კისერი გვერდზე გადააგდო და მთვლემარე თვალებით გულგრილად შეხედა ღია სარკმელს, ზეცას.
მომთვინიერებელმა გადაიხარხარა.