გურამ რჩეულიშვილი

ერთხელ

ერთხელ ბერიკაცმა ნიჩბით გადახადა ქვევრს მიწა.

- რას შვრები, პაპავ? - შეეკითხა შვილიშვილი.

- გუშინღამ მაჭარი თუხთუხებდა, მეშინია ქვევრი არ იყოს გახეთქილი, შვილო.

შვილიშვილმა ქვევრთან ჩაიმუხლა, სარქველზე დარჩენილი მიწა გადაბერტყა, მერე ნაპირები შემოიწმინდა. პაპამ ახალა სარქველი, ორშიმო მოიმარჯვა. დიდხანს იხედებოდა შიგნით, შემდეგ თავი გასწია და შვილიშვილს ჩაახედა.

- გახეთქილა, - თქვა ჯემალმა.

- ჰო, - დაუდასტურა პაპამ.

შვილიშვილი: ასე იცის, პაპა, მაჭარმა?

პაპა: ზოგჯერ ჰო, ზოგჯერ არა.

შვილიშვილი: ზოგჯერ რატომ?

პაპა: იმიტომ, რომ ზოგჯერ ქვევრის კედელი თხელია.

შვილიშვილი: მერე?

პაპა: მერე, მაჭარი კი ზედმეტად მდუღარე.

შვილიშვილი: ზოგჯერ კი?

პაპა: ზოგჯერ კი ქვევრის კედელი სქელია, მაჭარიც ნაკლებად მდუღარე.

შვილიშვილი: მერე?

პაპა: მაშინ არ სკდება.

შვილიშვილი: პაპავ, ეგ ქვევრი აღარ ვარგა?

პაპა: ქვევრი არა, მაჭარი კი, რაც დარჩა, უფრო კარგი ღვინო დადგება.

მოხუცმა ნიჩაბს წამოავლო ხელი და ახალი ორმოს თხრა დაიწყო. პაპა-შვილიშვილმა საღამომდე იმუშავეს. საღამოხანს ეზოდან მთელი, უფრო პატარა ქვევრი შემოათრიეს და ორმოში ჩააგდეს. გამზადებულ ჭურჭელში გადაიღო მოხუცმა გახეთქილში დარჩენილი მაჭარი. პატარა ქვევრი უცებ გაივსო. რაც დარჩა, პაპამ კოკაში ჩაასხა, მერე შვილიშვილი პურზე გაგზავნა, თვითონ კი მჟავე ამოიღო.

ცოტა დალიეს.

პაპამ ყალიონი გააბოლა.

კიდევ დალიეს.

ჯემალი ოდნავ შეთვრა.

- რამდენი წლისა ხარ, ბიჭო? - გადააწოდა მოხუცმა.

- თვრამეტისა, პაპავ.

მოხუცმა კიდევ მოქაჩა, მერე კეფა მოიქექა.

- ჯერ მაჭარი ხარ, შვილო, - უთხრა და კეფა ისევ მოიქექა.