თედო რაზიკაშვილი
ქორის ბახალა
ამის დედას ბუდე ერთ ბებერ მუხის წვერში ჰქონდა. ეს მუხა ძალიან მაღლა იდგა - უხვედრ, მიუვალ მთის ფერდობზე.
ორივენი, მუხაც და ქორიც, თავისუფლების მოყვარულნი იყვნენ. ქორს თავის დღეში ტყვეობა და მონობა არ ეცადნა. ლაღად დანავარდობდა მთაში და ბარში. ხან კაკაბსა და როჭოს იჭერდა, ხან ქედანსა სდევნიდა, ხან სოფლად ჩამოუვარდებოდა და მაშინ უნდა გენახათ, დედაკაცების ჭყვირილი და „ჰაი, ჰუი!“
ის კი ან მსუქან დედალს მიათრევდა, ან დაჩიორავებულ ვარიას და თუ გაუჭირდებოდა, არც მყვირალა მამალს იწუნებდა. ჯერ თავს უტეხდა, რომ ხმა გაეწყვეტინებინა, ტვინსა სჭამდა და მერე მკერდიდან იწყობდა გლეჯას და წიწკნას. ბუმბულს და ფრთებს ბდღვნიდა და ქარს ატანდა, ხორცს კი თავისი წვეტიანი და ბასრი ნისკარტით ღონივრად გლეჯდა და ხარბად ყლაპავდა; თან ბრჭყალებით მაგრა დაებღუჯა.
მისი წესი იყო: რაც კლანჭებში ჩუვარდებოდა, აღარ გაეშვა. აბრიალებდა ცეცხლივით ყვითელ თვალებს და მუდამ მზად იყო სცემოდა, ვინც კი შეეცილებოდა ნანადირევს, გინდ ფრინველთა მეფე არწივი ყოფილიყო, გინდ ქარიშხალზე სწრაფი და მედგარი შავარდენი.
- რამდენი ხნისაა ეს ქორი? - იძახდნენ გლეხები, - რაც თავი გვახსოვს, სულ ასე დადის და ქათმებს გვტაცებს, არ იქნა, ვერავინ მოკლა ე ტიალი. ძალიან იღბლიანია ე წყეული!
- ერთხელ მივეპარე და თოფის ლულა თითქმის ზედ მივადე, - იძახდა ერთი, - დავსხლიტე, ფალიამ აიარა, მაგრამ როცა ქორი გაფრინდა, თოფი მაშინღა გავარდა.
- ალბათ არ ეწერა ღვთისაგან, - სთქვა ამოოხვრით მეორემ.
ქორი კი თანდათან უფრო და უფრო თამამდებოდა: ეზოდან კი არა, თვით სახლის დერეფნებიდანაც მიჰყვანდა ქათმები, საბძლებში უხტებოდა და ხან ბოსლითგანაც გამოუყვანია ჭყვირილითა. ნამეტნავად მაშინ ხდებოდა ონავარი, როცა ბარტყები ჰყვანდა, არავის ეპუებოდა, თვალწინიდან იტაცებდა დღეში რამდენჯერმე.
- გაგვაცია, გაგვაჩანაგა მაგ დაღუპულმა! - ბუზღუნებდნენ და ოხრავდნენ ქალები.
* * *
არც მუხას ეცადნა ცულის ძალა, არ იცოდა რა იყო ცულის ხელი. უხსოვარ დროიდან იდგა იქ დახავსებული, დაღრეჯილი. თვითონაც კი