ქეთევან ჭილაშვილი

თოვლის პაპა

აჩიკო და ლალი ფანჯრიდან იცქირებოდნენ, ნაძვის ხეზე მოპატიჟებულ მეგობრებს ელოდნენ.

- რა კარგი თოვლის პაპა გაუკეთებიათ! - დაანახვა აჩიკომ დას ეზოში წამომდგარი ბერიკაცი.

- მოდი, შინ შემოვიყვანოთ. რა გაუხარდებათ სტუმრებს, ნამდვილი თოვლის პაპა!

- რა კარგი მოიგონე! - ტაში შემოჰკრა აჩიკომ და ორივენი ეზოში გაცვივდნენ.

აჩიკომ თოვლის პაპა გულზე მიიკრა და რის ვაი-ვაგლახით შემოიტანა შინ.

- ყველას მოეწონება, ყველას! - უხაროდათ ბავშვებს და ფანჯარას არ სცილდებოდნენ.

სტუმრებიც მოვიდნენ.

- ნამდვილი თოვლის პაპა გვეწვია, - მიახალა ტოლებს აჩიკომ და მეორე ოთხაში შეუძღვა.

- აბა, სად არის? - აჟრიამულდნენ გოგო-ბიჭები, მაგრამ სადღა იყო თოვლის პაპა? - ნაძვის ხესთან გუბე იდგა.

ბავშვებმა იქაურობა სიცილ-კისკისით აიკლეს.

- სად გაგონილა ოთახში თოვლის შემოტანა? - ჯავრობდა დედა და თან იატაკს წმენდდა.

- თოვლი კი არა, პაპა იყო! - თავი იმართლა აჩიკომ.

- ჰოდა, ტყეში წავიდა საჩუქრების მოსატანად, - აკისკისდა ლალი.

ბავშვები კიდევ უფრო გამხიარულდნენ.

- მაშ, სანამ თოვლის პაპა ტყიდან დაბრუნდება, ლექსები თქვით, იმღერეთ! - უთხრა დედამ ბავშვებს.

სტუმრებმა მოილხინეს.

ამასობაში აჩიკოს და ლალის პაპა სამუშაოდან დაბრუნდა, თეთრებში გამოეწყო, მხარზე საჩუქრებით სავსე ხურჯინი გადაიკიდა და ბავშვებთან შევიდა.

- თოვლის პაპა, თოვლის პაპა! - ატყდა ერთი ჟივილ-ხივილი.

- ხომ ვთქვი, ტყეში წავიდა და საჩუქრებს მოგვიტანს-მეთქი! - ციბრუტივით დატრიალდა ლალი და ბავშვებს სათითაოდ ჩამოურიგა თითო ფერადი კარკუჭანა.