ვიწრო ქუჩაში პატარა ოთახია გამოსკუპული. ფანჯარა მცირე - ნახევრად გაღებული. პატარა მაგიდა ოთახში. მაგიდაზე - პაწა ლამფა. მაგიდას ბავშვი უზის შვიდი წლის. ხელები ჩვილი და თვალები ნაღვლიანი. გვერდით მეორე ბავშვი: უფროსი, პატარა ბავშვი წიგნს კითხულობს.
მეკეში ჩერდება ფანჯარასთან.
უფროსი ბავშვი ეკითხება უმცროსს:
- რა სწერია?!
- თავსა კოხტისას შეკრებილანო...
- ვინ?!
- შანშე ეგარსლან. დადიანი ცოტნე. ვარამ გაგელი, ყვარყვარე, კუპრო შოთაი, ჰერელნი, კახნი, თორელი გამრეკელი, სარგის თმოგველი, მესხნი, ტაოელნი.
- რისთვის შეკრებილან?!
- ჩვენ უმეფონი ვართო... შევკრბეთ ყველანიო... ვებრძოლოთ თათართაო...
- მერე?!
- გადასწყვიტეს შეერთება... ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი გაგზავნეს სამზადისისათვის...
- დედამ ასე აგიხსნა?!
- ასე ამიხსნა...
- მერე: თათრებმა თუ მონღოლებმა ვერ შეიტყეს?!
- შეიტყეს...
- რა უქნეს?!
- წაიყვანეს ანისის ქვეყანაშიო. შირაკავანს უწოდებენო... წაიყვანეს ვიღაც ქარმაღანის წინაშეო...
- დასაჯეს?!
- ტანსაცმელი გახადეს ყველასო... სიცხეში დააჯინესო... საწამებლადო...
- ყველა დასაჯეს?!
- ცოტნე მათთან არ ყოფილა...
- მაშ გადარჩენილა?!
- არა: ისიც წავიდა...
- სად წავიდა?!
- თავის ძმებთან...
- შემდეგ რა მოხდა?! ისიც აწამეს?!
- მანამდე არ ჩავსულვარ... დედასთვის არ მიკითხავს.
- აბა წაიკითხე...
პატარა კითხულობს.
არჩიბალდ გულისყურია.
„ვითარ იხილა ესე ცოტნე წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ მსხდომარენი და სიკუდილად განწირულნი. გარდახდა ჰუნისაგან, და დააბნია სამოსელი თვისი, განშიშვლდა, და შეიკრა მხარნი, და დაჯდა წარჩინებულთა თანა მწუხარედ. და ვითარ იხილნეს თათრთა, განკვირდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ ცოტნე დადიანი მოვიდა, ორითა კაცითა, და განიძარცვა სამოსელი, და შეკრულ დაჯდა ქართველთა თანა...“
პატარა მკითხველი ჩერდება.
- რაა „გარდახდა ჰუნისაგან“?!
- არ ვიცი...
- რაა „ვითარ იხილნეს“?!
- არ ვიცი...
- რაა „ნოინთა“?!
- არ ვიცი...
- რაა „განიძარცვა“?!
- პატარა მკითხველი შეწუხებულია.
(ეს არც არჩიბალდს ესმის)
პატარა ბიჭი ნაღვლით იტყვის:
- არ მესმის...
მეორე ეხმარება:
- ცოტნეც თავისიანებთან მისულა... ტანსაცმელი გაუხდია... თათრებს გაკვირვებიათ: მგონი ასეა... ქვევით რა სწერია...
პატარა მკითხველი განაგრძობს.
არჩიბალდ სმენას ამახვილებს.
„რომლისათვის განკვირდეს თათარნი, და წინაშე მათსა მოუწოდეს, და ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისვლისა მისისა, და ამას საქმისა ქმნასა რომელ მან ჰყო. ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ ჩვენ ყოველნი ამად შევკერბით რათა განვაგოთ ხარაჯა თქვენი, და ბრძანება თქვენი აღვასრულოთ. ესე იყო მიზეზი შეკრებისა ჩვენისა. აწ თქვენ ძვირის მოქმედათ შეგვრაცხენით და უკეთუ უბრალონი იყუნეს, მეცა უბრალოდ შევირაცხო, და მართალ თქვენ წინაშე, რამეთუ თვინიერ ჩვენსა არა რაი უქმნიესთ...“
პატარა მკითხველი სულს ითქვამს.
ეკითხება მეგობარს:
- რაა „შევკერბით“?!
- „შევკერბით“... „შევიკრიბეთ“ უნდა იყოს...
- „განვაგოთ ხარაჯა“?!
- არ ვიცი...
- „ძვირის მოქმედათ შეგვრაცხენით“?!
- არც მაგ მესმის...
- „თვინიერი“ რაღაა?!
- არ ვიცი...
პატარა ბიჭი მოწყენილია.
(არჩიბალდ წყევლის ქართულის არცოდნას)
პატარა მკითხველი მეგობარს ეკითხება:
- გაიგე რამე?!
- ისე... მთლად არა...
პატარა ბიჭი დაღონებულია, კარებში დედის ხმა ისმის.
- დედილო!.. ეს ამიხსენი!..
დედა კითხულობს ერთხელ.
- აქ ასე სწერია... ცოტნეს უთქვამს თათრებისათვის: ჩვენ მისთვის შევიკრიბეთ, რომ თქვენი ბრძანება კარგად შეგვესრულებინაო... თვენ კი გიფიქრიათ: ვითომ ჩვენ ცუდი რამ გვინდოდა თქვენთვისო.
- ჰაა...
- ეხლა მე მისთვის მოვედი: რომ გამოიძიოთ - სიკვდილის ღირსნი ვართ ჩვენ თუ არაო. თუ სიკვდილის ღირსნი ვიქნეთ - მეც ჩემ ძმებთან მოვკვდეო...
- ჰაა... რა კაცი ყოფილა...
(არჩიბალდის ფესვები ირხევიან შვებით).
დედა გადის. მეგობარი პატარას მიმართავს:
- აბა კიდევ ქვევით!..
პატარა კითხულობს.
არჩიბალდ უსმენს.
„და ვითარ ესმა ესე ცოტნესაგან ნოინთა მათ, განკვირდეს სათნოებისაგან მისისა და თქვეს: ვინათგან ნათესავნი ქართულეთანი ესოდენ კეთილნი ხართ, და არა ეცრუებიან ერთი ერთსა რომე აფხაზეთით მოვიდა კაცი ესე დიდებული, რათა დასდვას სული თვისი მოყვასთა თვისთათვის, და განწირა სული თვისი სიკუდიდ, არა არს სიცრუე მათ შორის, და მის ძლით უბრალოდ ვპოვებთ, ამისთვის განუტევით ყოველი, და ნუღარა ვსჯით...“
ჩერდება პატარა მკითხველი.
ეკითხება მეგობარს:
- გესმის?!
- მთლად არა...
- მაინც რა გამოდის?!
- მგონი გაუთავისუფლებიათ... ყველა...
- რა კაცი ყოფილა ცოტნე?..
- ჰოო: დიდი კაცი.
კარებში მამის ხმა ისმის - (ალბათ დაბრუნდა):
- ვინ ცოტნე?!
- აი: დადიანი...
- ეს წიგნი სად იშოვე?!
დუქანში ვიყიდე...
- სად?! ვისთან?!
- კაცები ამბობენ: კარგიაო... დავიხსომე... ჯიბის ფული ვაგროვე... ვიყიდე...
მამა წიგნს დახედავს: „ქართლის ცხოვრება“.
შვილს თავზე ხელს დაუსვამს. შემდეგ სიცილით:
- ბიჭო! ქვეყანა იქცევა და შენ „ჟამთა აღწერას“ ეპოტინები?
- რა ქვეყანა?!
ბავშვი გაკვირვებულია...