ტყის პირას, ხასხასა მწვანე მოლზე, სამი გვირილა ამოსულიყო. პირველს ისეთი ყვითელი გული ჰქონდა, გეგონება შიგ მზე ჩავარდნიაო. ამიტომ მას მზისა შეარქვეს. მეორეს თოვლივით თეთრი ყვავილის ფურცლების გამო თეთროს ეძახდნენ. მათ შორის პატარა გვირილა ამოწვერილიყო, რომელიც მეზობელმა გვირილებმა პაწოდ მონათლეს.
მზისას და თეთროს უამრავი ფრთაჭრელა პეპელა სტუმრობდა: ყვავილებზე მოკალათდებოდნენ და ტკბილი ნექტრით პირს იტკბარუნებდნენ. იმის გამო, რომ ჯერ ერთი ციცქნა იყო, პაწოს პეპლები არ ეკარებოდნენ, ამიტომ უმცროსი გვირილა სულ გაბუტული და უხასიათოდ იყო. ახლაც თავი დასჯილივით ჩაექინდრა და წუწუნებდა:
- მე პეპლებს არ მოვწონვარ, იმიტომ რომ ასეთი დაბალი, უთვალტანადო და გონჯი ვარ.
- არა, პაწო, - მზისამ მისი დამშვიდება სცადა, - ჯერ ნეკისოდენა ხარ, თანდათან გაიზრდები, გალამაზდები, ჩვენსავით გაშლი შენს ლამაზ ყვავილს და ნახავ, რომ პეპლები არ მოგშორდებიან.
- გაზრდაში ფესვები მიშლიან ხელს, პატიმარივით მიწას მიმაჯაჭვეს, დამატუსაღეს და გასაქანს არ მაძლევენ, - დამწუხრებულ გვირილას სიმწრის ცრემლები ჩამოუგორდა.
საუბარში თეთრო ჩაება:
- რას ამბობ, პაწო? ჩვენ ყველანი ფესვებით ვართ ძლიერნი, ისინი გვკვებავენ, ისინი გვზრდიან და, რომ არ წავიქცეთ, საიმედოდ გვიჭერენ.
- ფესვები არ მჭირდება, ისედაც კარგად ვიქნები, - ამოიოხრა პაწომ, - ნეტა ვინმე დამეხმაროს და ძირში გადამიჭრას, ამ ბორკილებისაგან გამათავისუფლოს, მერე ნახეთ, რა მაღალი და ლამაზი გავხდები, ყველა პეპელა ჩემს დანახვაზე გადაირევა, გვერდიდან აღარ მომშორდებიან.
- პაწო, ასე ნუ ლაპარაკობ, უფესვებოდ გავხმებით და გავქრებით. ყველას ცხოვრება ფესვებიდან იწყება, - მზისამ პაწოს მომცრო ყვავილს ფოთოლი გადაუსვა, მიეფერა:
- ნუ მეფერები! - თავი გააქნია ციცქნა გვირილამ და ცრემლი ღაპაღუპით წამოუვიდა.
ყვავილებთან ახლოს, სოროში, ფესვების მღრღნელი, ბოროტი და დაუნდობელი მწერი მახრა ცხოვრობდა. გვირილების საუბრის გაგონებაზე მახრა სოროდან ამოძვრა, ტალახისფერი ტანიდან მიწა ჩამოიბერტყა და მაკრატელა საცეცებით პაწოსთან მიბობღდა:
- მე გიშველი, ფესვებისგან გაგათავისუფლებ, - მახრა ცბიერი ღიმილით შესცქეროდა პატარა გვირილას.
ამის გაგონებაზე მზისას და თეთროს ელდა ეცათ:
- წადი, გაგვშორდი, მახრავ! - ერთხმად დაუყვირეს ავგულ მწერს, - პაწოს ფესვები ხელს არაფერში უშლის...
- გაჩუმდით, თქვენ ვინ გეკითხებათ?! - წამოიძახა გახარებულმა პაწომ, - ჩემი გადამრჩენი მოსულა, თქვენ კი აქედან აგდებთ?! - მერე მახრას სიყვარულით დააცქერდა და სთხოვა: - ჩემო კარგო მახრუნავ, ეს ოხერი ფესვები გადამიჭერი, მომაშორე, რომ გავიზარდო, გავლამაზდე და ამ სიკეთეს მთელი სიცოცხლე არ დაგივიწყებ.
- აუცილებლად, პატარავ, შენ ოღონდ მოინდომე და მე აქ ვარ, - მახრამ აღარ დაახანა და პაწოს ძირში მიწის თხრას შეუდგა.
- მახრუნავ, ხომ არ მეტკინება?
- არა, ყოველნაირად ვეცდები, არ გეტკინოს, - უპასუხა მახრამ და თხრა განაგრძო.
- რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ! - აღტაცებული გაიძახოდა პატარა გვირილა.
- პაწო, მახრას არ დაუჯერო, მოიშორე თავიდან, თორემ უფესვებოდ დაიღუპები! - სიბრალულით უთხრა თეთრომ.
პაწოს უფროსების სიტყვის გაგონებაც არ სურდა და მის ღეროსთან მოფუსფუსე მწერს დიდი გულისყურით დასცქეროდა. თხარა და თხარა მახრამ, ბოლოს პაწოს ერთ-ერთ ფესვს მიადგა და გადაღრღნა.
- ვაი, - ტკივილისაგან შესძახა ყვავილმა.
- ხომ არ გეტკინა?
- ცოტა, მაგრამ მიდი გააგრძელე, ნუ შეჩერდები, ამ ტკივილს გავუძლებ.
- კარგი, ჩემო პაწუკავ, საქმეს მივხედავ, - მიუგო მახრამ და ისევ მიწაში ჩაძვრა.
ამ დროს პაწომ შეამჩნია, რომ მისმა ერთმა ფოთოლმა მოიწყინა, თავი ძირს დაუშვა და ჭკნობა დაიწყო. მეორე ფესვს მეორე ფოთოლი მიჰყვა, მესამეს - მესამე და თანდათანობით ყველა ფოთოლი პირველის გზას დაადგა.
- მიშველეთ! - უფროს გვირილებს გადასძახა შეშინებულმა პაწომ, მაგრამ გვიან იყო, მახრას ვეღარ შეაჩერებდნენ, - მიშველეთ! - ისევ შესძახა ყვავილმა.
ამ დროს მიწიდან მახრა ამოძვრა:
- ცოტას დავისვენებ და მთავარ ფესვსაც გადავღრღნი.
- მახრავ, აღარ გინდა, ეგ ერთი ფესვი მაინც დამიტოვე, - შეევედრა პაწო.
- რას ამბობ, პაწუკავ? - გაუკვირდა ბოროტ მწერს, - სწორედ ეს მთავარი ფესვი გიშლის ზრდაში ხელს და ახლა აღარ გინდა გადავღრღნა?
- არა, მახრუნავ, რამდენი ფესვიც გადამიჭერი, იმდენი ფოთოლი გამიხმა და ახლა თუ მთავარ ფესვსაც დავკარგავ, ალბათ საერთოდ დავიღუპები...
მეზობელმა გვირილებმა პაწოს საუბარი არ დაამთავრებინეს და დაუნდობელ მწერს დაუყვირეს:
- აქედან წაეთრიე, მახრავ! პატარას ატყუებ და მისი მოსპობა გინდა?!
- არსადაც არ წავალ, - ჩაეცინა მახრას, - მთავარი ფესვი ყველაზე გემრიელია და, სანამ პირს არ ჩავიტკბარუნებ, აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი, - თქვა და ისევ მიწაში ჩაძვრა.
უფროსმა გვირილებმა ერთი ამოიოხრეს, მაგრამ რა უნდა ექნათ, მახრას როგორ მოერეოდნენ? მათი გაჭირვების ამბავი ხეზე მჯდომმა შაშვმა გაიგო. გაჯავრებულმა ერთი დაიჭახჭახა: „იყო შაშვი მგალობელი, ღმერტი თქვენი მწყალობელი“-ო, ხიდან ჩამოფრინდა და პატარა გვირილასთან დაჯდა. ჯერ ფეხებით მიწა გაქექა, გაქექა და, ის იყო მახრას მთავარი ფესვი უნდა გადაეჭრა, რომ ნისკარტი ჩაავლო, ფრთები ღონივრად დაიქნია, შორს, ძალიან შორს გაფრინდა და ბოროტი მახრა ღრმა ტბაში ჩააგდო.
პაწოს გადაჭრილი ფესვები ნელ-ნელა შეუხორცდა, ტანი აიყარა, გალამაზდა და ყველა პეპელას მასპინძელი შეიქნა.