ჯემალ მეხრიშვილი

პასუხი

პომპეუსმა განკარგულების გაცემა მოათავა და ტყვეები მოითხოვა.

მთავარსარდლის კარვის წინ, მარჯვნივ, თარჯიმნები ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, უფსკრულის პირას ჯალათები იცდიდნენ.

ორმა მხედარმა შემოიყვანა პირველი ტყვე.

თარჯიმანმა ტყვეს აუხსნა, რომ რომაელთა მეწინავე რაზმის წინააღმდეგობის გაწევისათვის თავის მოკვეთა ესჯებოდა.

- რას ითხოვ სიკვდილის წინ?

ტყვე ფეხებში ჩაუვარდა პომპეუსს: დიდძალ ოქრო-ვერცხლს იძლეოდა, ოღონდ სიცოცხლე ეჩუქებინათ.

პომპეუსმა მედიდურად აიქნია ხელი.

ტყვე ქვევით ჩაათრიეს და მოჰკვეთეს თავი.

- შემდეგი!

შემოიყვანეს ცხვირმოგრეხილი, წარბებდაშვებული სოვდაგარი. მასაც განუმარტეს ყველაფერი და ჰკითხეს:

- რას ითხოვ სიკვდილის წინ?

ტყვე მიწაზე განერთხო და უნიროდ ატირდა: თავისი ხელმწიფის ყველა საიდუმლოს დაფქვავდა, ოღონდ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.

პომპეუსის ნიშანზე სოვდაგარსაც მოაჭრეს თავი.

- შემდეგი!

შემოიყვანეს ხელებშეკრული ცისფერთვალება ჭაბუკი გოლიათი.

ჭაბუკმა არხეინად მოისმინა განაჩენი.

- რას ითხოვ სიკვდილის წინ?

ტყვეს ხმა არ ამოუღია.

პომპეუსმა წაბები შეიჭმუხნა.

- რას ითხოვ სიკვდილის წინ? - პომპეუსმა მკვახედ გაუმეორა კითხვა ჭაბუკს.

- ხმალი მომეცი, რომ შეგებრძოლო! - მშვიდად მიუგო ტყვემ.

თარჯიმანმა გადათარგმნა.

ირგვლივ გაკვირვების შეძახილები გაისმა. შიშისაგან ყველა გაინაბა.

- ეს ბარბაროსი რომაელად უნდა დაბადებულიყო! - ბრძანა პომპეუსმა და ჩაფიქრდა.

- გამითავისუფლებია! მიეცით ცხენი, მახვილი და ერთი კვირის საგზალი. მაინც რა ერის შვილია?

- იბერი გახლავთ.

პომპეუსმა ყველანი დაითხოვა და ისტორიკოსი ახმობინა.

- ვინ არიან იბერიელნი?

- ცხოვრობენ კავკასიონის მთაგრეხილის აქეთა მხარეს, სვამენ უწყლო ღვინოს და საფლავზე ასობენ იმდენ სარს, რამდენი მტერიც ჰყავს მოკლული მიცვალებულს... მშრომელი და მეომარი ხალხია!

- შორია იმათ ქვეყნამდე?

- ჯარისთვის ორი კვირის სავალი იქნება.

პომპეუსმა ისტორიკოსიც დაითხოვა და მოსვენება ინება.

მთავარსარდალმა მთელი ღამე ძილ-ღვიძილსა და ცდუნებებთან ბრძოლაში გაატარა, ნარიჟრაჟევს კი ლაშქრის აყრა ბრძანა.