ირინე ტალიაშვილი

ორი სკამი

ძველი სკამის ახლოს ახალი სკამი დადგეს. ახალს მობეზრდა ჩუმად ყოფნა, გადაწყვიტა ძველისთვის აქაური ამბები გამოეკითხა.

- ბატონო სკამო, - წამოიწყო მოკრძალებულად, მაგრამ ძველმა დინჯად შეაწყვეტინა:

- მე სკამი კი არა, ცხენი გახლავართ!

- ცხენი? - ჯერ გაუკვირდა ახალ სკამს, მერე კი პირმოთნედ გაიღიმა, - რა ხუმარა ბრძანებულხართ! - მაგრამ ძცელმა ყურიც არ ათხოვა, მედიდურად იდგა და სადღაც იცქირებოდა.

- ბატონო სკამო, - ვერ მოითმინა ახალმა.

- მე სკამი არა ვარ, ავტომობილი ვარ, - კვლავ შეაწყვეტინა ძველმა და უკმაყოფილოდ გადახედა... ახალს გულმა არ მოუთმინა, ისევ მიუბრუნდა ფიქრებში წასულს:

- ბატონო სკამო...

- რომელი სკამი, მე ხომ თვითმფრინავი ვარ! - გაჯავრებით დაიბუხუნა ძველმა სკამმა. ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი ახალმა და სიცილი აუტყდა.

- იუ, ეს რა გავიგონე, თვითმფრინავიო, - კისკისებდა პირზე ხელმიფარებული, მაგრამ ძველის გამგმირავ თვალებს რომ წააწყდა, იკადრა ხმის ჩაწყვეტა. თუმცა დიდხანს მაინც ვერ გაძლო...

- ბატონო სკამო, - წამოიწყო თავიდან...

- მე სკამი კი არა, ხომალდი ვარ! - მუქარით გამოხედა ძველმა და ზურგი შეაქცია არამკითხეს.

- ერიჰაა, ეს ვერ უნდა იყოს მთლად დალაგებული ჭკუისაო, - გაიფიქრა ახალმა, მაგრამ ამ დროს ოთახში ხმაურიღ შემოვარდა პატარა ბიჭი, ეცა ახალ სკამს და ზეცაში გუგუნით გაფრინდა.

- შენ, ეი, სკამო! - შურით დაუძახა ძველმა ახალს.

- უკაცრავად, მე სკამი კი არა, რაკეტა გახლავართ! - გადმოსძახა ამაყად ახალმა და სიჩქარე ჩართო.