ნიკო ლორთქიფანიძე

რეკა

დაუგდეთ როდესმე ყური ლიტანიის რეკას!

ქრისტე! - დაიგრიალებს ერთი ზარი.

აღსდგა! - მიაძახებს მეორე.

ქრისტე აღსდგა! - გუგუნებს მესამე.

ჭეშმარიტად აღსდგა! - უპასუხებს მეოთხე.

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი, - წრიპინებენ პატარა ზარები.

მე აღვსდგები! - მოისმის შეუწყვეტელ რეკაში წელში გატეხილის, მაგრამ მოიმედე ადამიანის ხმა.

შენ აღსდგები! - უძახის ვიღაცა დაკარგულს იმედს, ნუგეშს, სიყვარულს.

მე აღვსდგები!

შენ აღსდგები!

კი-კი-კი-კი.

რის და ვის სახელს არ გაიგონებთ ამ რეკაში?!

ოცი წელიწადია ყურს ვუგდებ ამ რეკას. ველი, ვუცდი ერთს სახელს, რომ დავიძახო: ჭეშმარიტად! ხმა კი არ ამოვა მაშინ ყელიდან, არამედ ნიშნად სიხარულისა ფეხ-წითელა თეთრი მტრედი მოფრინდება გაპობილ მკერდიდან.

მოთმინებიდან გამოსული მე თვით ვიძახი: „საქართველო აღსდგება!“ ვცდილობ იერიქონის საყვირს გადავაჭარბო.

დიდი და პატარა ზარები გუგუნებენ, გრიალებენ და წიწინებენ:

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად!

კი-კი-კი-კი.

კი-კი-კი-კი!

1911