პაპა აივანზე იჯდა და მზეზე თბებოდა. ზურიკო იქვე ტრიალებდა ბაბუასთან.
- პაპა, - უთხრა ზურიკომ პაპას, მოეხვია და მუხლებზე დაუჯდა, - პაპა, წავიდეთ ბაღში სასეირნოდ. იქ ყვავილებია, შადრევანი, მუსიკა უკრავს, ბავშვები თამაშობენ...
პაპამ აკოცა ზურიკოს და უპასუხა:
- აბა, როგორ წამოვიდე, ჩემო ბიჭიკო? ფეხები მტკივა, სიარული არ შემიძლია.
ზურიკო ჩამოხტა მუხლებიდან, გაიქცა და მოურბენინა პაპას თავისი ჭრელი ჯოხი, აი, ის, ძიამ რომ აჩუქა.
- აჰა, პაპა, ჩემ ცხენზე შეჯექი. ძალიან კარგი სირბილი იცის, ფეხები აღარ გეტკინება, წავიდეთ!