ნინო ნაკაშიძე

მამა გაახარა

დაღლილი დაბრუნდა საღამოს მამა სამუშაოდან. ოთარიკო მოუთმენლად ელოდა მის მოსვლას და კიბეზე მიეგება, მაგრამ შეხედა თუ არა, მაშინვე ჰკითხა:

- რა იყო, მამა, ავად ხარ?

- დავიღალე, შვილო, ბევრი ვიმუშავე.

მეორე დილით, როდესაც მამა ადგა, ადგა ოთარიკოც.

- რა ამბავია, შვილო, ასე ადრე რად ადექი? - ჰკითხა დედამ.

- მამას უნდა წავყვე სამუშაოდ, დავეხმარო და აღარ დაიღლება, - უპასუხა ოთარიკომ და ქუდი დაიხურა.

მამას გაეცინა, აიყვანა ოთარიკო ხელში, აკოცა და უთხრა:

- აი, ყოჩაღ, ბიჭო, შენ ისე გამახარე შენი სიტყვებით, რომ აწი აღარ დავიღლები.