პატარა, წითელლოყებიანი, ბუთხუზა ბიჭუნა ფეხის თითებზე იდგა დიდი სახლის შესავალ კარებთან და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ცდილობდა როგორმე ზარის ღილაკს შესწვდომოდა, თითი დაეჭირა და დაერეკა. ეტყობოდა, დიდი ხანია წვალობდა, შუბლსა და ლოყებზე ოფლი ჩამოსდიოდა.
ამ დროს, სწორედ ამავე ქუჩაზე დინჯად მოდიოდა თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი დიდი მწერალი ილია ჭავჭავაძე. ილიამ შეხედა ბიჭუნას, შეეცოდა, ხელში აიყვანა და უთხრა:
- აბა, ბიჭიკო, დარეკე!
გახარებულმა ბიჭუნამ ღილს ხელი დააჭირა და ზარმა მაშინვე სადღაც შიგნით გაიწკრიალა.
ილიამ ბიჭი ჩამოსვა და მხიარულად უთხრა:
- ახლა გაგიღებენ!
- არა, ძია, გავიქცეთ, თორემ გვცემენ...
- რაო? - გადიხარხარა ილიამ.
- ჩქარა, ძია, ჩქარა, გესმის, კიბეზე მოდიან! - ეწეოდა ბიჭი სახელოზე ილიას.
კარი მძიმედ გაიღო.
- ილია! - მოისმა მასპინძლის ხმა, - რა ბედნიერ შემთხვევას მივაწერო თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში?!
- აი, ამ პატარა ბიჭს, რომ გარბის! - იცინოდა ილია.
ილიამ თავის მოვალეობად ჩათვალა ცოტა ხნით მაინც შესულიყო და ბოდიში მოეხადა უცნობი მასპინძლის წინაშე.