დათო ძილბურანიდან ვერ გამორკვეულიყო, ჯერ ისევ ლოგინში ნებივრობდა. სწორედ იმ დროს ჩაესმა მამის სიტყვები:
- ვენაცვალე, თოფო, შენს მომცემს, შენ რომ არა, წუხელის მგელი ცხვარს მომტაცებდა!
მგლის ხსენებაზე, ბიჭი უცბად გამოერკვა, ლოგინში თვალების სრესით წამოჯდა და მამას ჰკითხა:
- სად იყო მგელი?
მამამ შვილს გადმოხედა და დინჯად მიუგო:
- ნასანგრალში, ფარაში მომივარდა ის სატიალო... თოფი ვესროლე, შეეშინდა და გაიქცა, - მამა დილის ცვრით დანამულსა და დანესტიანებულ თოფის ლულას სწმენდდა.
- ვინ მოგცა, მამი, ეგ თოფი?
- ჩვენმა დიდმა ილიამ, შვილო! - უპასუხა მამამ და თოფს ახლა ზევიდან გადაუსვა ფარაჯის კალთა.
- ვინ არის ჩვენი დიდი ილია?
- აგერ, შვილო, - გაიშვირა ხელი ტყისაკენ, - ტყის პირას მაღალი სახლი რომ არის, მისი პატრონია.
- დიდი კაცია, მამა?
- ჰო, შვილო, ძალიან დიდი, საქართველოში ყველაზე დიდი კაცი ის არის.
- როგორი დიდია, მამა, ნასანგრალში დიდი მუხა რომ დგას, იმოდენა იქნება?
მამამ ოდნავ გაიღიმა და თავის დაქნევით დაეთანხმა:
- ჰო, შვილო, კიდევაც დიდი!
ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე კვირა. მეზობლის ბავშვებთან თამაშში გართულს უფროსი დის ძახილი შემოესმა, მიიხედა, სახეგაღიმებულმა გოგონამ მიირბინა ძმასთან და მხიარულად შესძახა:
- დათიკო, წამოდი შინ, დედამ ჭავჭავაძიაანთს უნდა გაგვგზავნოს!
- მართლა! - გაუხარდა ბიჭს, ახლა კი ნახავდა მუხისოდენა ადამიანს, „დიდ ილიას“.
მიატოვა თანატოლებთან თამაში და ხბოსავით აედევნა დას. შინ მისულ ყმაწვილებს დედამ კალათაში ჩასმულ იხვის ჭუჭულებზე მიუთითა და დაარიგა:
- აი, შვილებო, ეს ჭუჭულები უნდა წაიყვანოთ ჭავჭავაძიაანთას. სასახლესთან რომ მიხვალთ, ხეზე ადით, რომ ძაღლებმა არ დაგგლიჯონ, იქიდან დაუძახეთ ბიცოლათქვენ სოფიოს, ხომ იცით, იქ პურისმცხობლად არის. სოფო ძალოს რომ დაუძახებთ, გაიგონებს ვინმე, მოვა და მიგიყვანთ ილიას მოურავთან. მოურავს გააგებინებთ, ვისი შვილებიც ხართ, გადასცემთ ამ ჭუჭულებს და ეტყვით: დედამ გამოგიგზავნათ-თქო.
გოგონამ წამოავლო კალათას ხელი და გზას გაუდგნენ. მისასვლელში ღობის გარედან ერთ-ერთი ხის ძირში გოგონამ კალათა დადგა, იმავე ხეზე ჯერ ძმა შესვა, შემდეგ თვითონაც ავიდა და გასძახა:
- სოფოო ძალოო!
მოულოდნელად ხის ძირიდან მამაკაცის ხმა მოესმათ:
- რა გინდათ, ყმაწვილებო? ჩამოდით დაბლა!
უცხო ადამიანის დანახვაზე ყმაწვილები გასუსულები ჩამოვიდნენ და, როცა უცხო კაცმა ხელახლა იკითხა, - რა გინდათო, გოგონამ სიტყვა-სიტყვით გადასცა დედის დანაბარები. უცხო კაცი გაოცდა, შუბლი შეიკრა. გოგონამ კი ჭუჭულებიან კალათას ხელი დაავლო, მიურბენინა და წინ დაუდგა.
ეს უცხო კაცი არც გლეხს ჰგავდა, არც მუხისოდენა ადამიანი იყო, რომლის დანახვასაც ბიჭი ოცნებობდა. ის დიდხანს იდგა შუბლშეკრული და პირმოკუმული. ბოლოს ხმა ამოიღო:
- მომყევით, ბავშვებო!
მან სახლის წინ დიდი კაკლის ქვეშ წყაროსთან მიიყვანა პატარები და იქიდან ქვემოთ გადასძახა:
- მოსე!
ბიჭი ეზოში შესვლისთანავე გაფართოებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით და დაეძებდა მუხისოდენა ბუმბერაზ ილიას.
დაძახილზე სულმოუთქმელად მოირბინა შვინდისფერჩოხიანმა მოურავმა.
- რას მიბრძანებ, ბატონო?
- მოსე, ერთი გამაგებინე, ამ ყმაწვილებმა რად მოიყვანეს ეს იხვის ჭუჭულები? - მიუთითა კალათზე.
- ვისები ხართ, ბალღებო? - შეეკითხა მოსე.
- უნდილაშვილი ისაკასი, - უპასუხა გოგონამ მკვირცხლად. დიდი თვალები ჯერ უცხო კაცს შეანათა, შემდეგ წითელ ჩოხიანს, - დედამ ეს იხვის ჭუჭულები გამოგვატანა და გვითხრა: ილიას მოურავს მიუყვანეთო!
- ჰოო, დიახ, ბატონო! - მიუბრუნდა მოსე ბავშვების მომყვანს, - იხვის კვერცხები გლეხებს დავურიგე, ქათმის კრუხებს გამოაჩეკინეთ და, როცა ცოტა წამოიზრდებიან, ნახევარი თქვენთვის დაიტოვეთ და ნახევარც ჩვენ მოგვიყვანეთ-მეთქი.
- მერე კვერცხში იხვს ართმევ? სირცხვილი არ არის? - შუბლშეკვრით მიმართა უცხო კაცმა ნაწყენი კილოთი. ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ბავშვებს გადახედა, - წაიყვანე ეს ყმაწვილები, თაფლი და მურაბა აჭამე. პატარებს ტკბილეული უყვართ. ეგ ჭუჭულები კი ისევ უკან გაატანე! - დაუმატა ბრძანების კილოთი.
მოსემ ყმაწვილები ოთახში შეიყვანა, ტკბილეულით გაუმასპინძლდა და მერე შუბლშეკრულმა ის იხვის ჭუჭულები უკანვე გაატანა.
ბიჭუნა სახლისაკენ დაფიქრებული მისდევდა თავის დას და თან თვალები უკან რჩებოდა, ეგებ სადმე, როგორმე დავინახო მუხისოდენა ილიაო...
ბავშვობამ ისე ჩაუარა, დიდი ილია ვერა და ვერ ნახა. მხოლოდ, როცა წამოიზარდა და დაუფიქრდა ბავშვობისდროინდელ ნანახსა და განცდილს, მიხვდა, რომ ის მათი მიმცილებელი იყო მუხისოდენა ადამიანი. ამიტომაც ბევრჯერ დასდგომია თვალწინ იმ კაცის საყვარელი სახე, დიდი, სიკეთით სავსე თვალები და ხშირად ცხადად ჩაესმოდა ხოლმე მისი სიტყვები, მოსეს რომ უთხრა საყვედურით:
- „მერე კვერცხში იხვს ართმევ? სირცხვილი არ არის? წაიყვანე ყმაწვილები, თაფლი და მურაბა აჭამე. პატარებს ტკბილეული უყვართ. იხვის ჭუჭულები კი ისევ უკან გაატანე“.