დიდ ოთახში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე დგას. რა სათამაშო გინდა, რომ ზედ არ ეკიდოს. ნამდვილი ლოყაწითელი ვაშლებით, ჩურჩხელებით, კანფეტებით დახუნძლულა ტოტები. ბრჭყვიალებენ პატარა ნათურები. მაგრამ სანამ საათი თორმეტჯერ არ ჩამოკრავს, არ აანთებენ. ოთახი ჩაბნელებულია. იციან, ვინ უნდა ააციმციმოს პატარა ელნათურები - ჯაბას აქვს მინდობილი. უფროსები კი საახალწლო სუფრის ირგვლივ ფუსფუსებენ.
თეთრწვერა პაპა თორნიკე ნელა დაბაჩუნობს, ათვალიერებს სუფრას. ნამდვილი თოვლის პაპაა, უკეთესს ვერ ინატრებ!
დადგა სანატრელი წუთი.
საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა.
- აბა, ჯაბა! - დაიძახა პაპა თორნიკემ.
პასუხი არ იყო.
- ჯაბა! - ეძახის ბებიაც.
ჩამიჩუმი არ ისმის.
ყველა კუთხე-კუნჭული მიათვალ-მოათვალიერეს, მაგრამ ბავშვი არ ჩანდა.
- ეს რა მოგვიწყო ამ საახალწლოდ?! - გაუკვირდა დედას.
- ხომ არ გაგიჯავრებიათ? - იკითხა ბებიამ.
ის იყო მეზობლებში აპირებდნენ გასვლას, რომ კარის კაკუნი კი არა, ბრახუნი გაისმა. ხმაც შემოესმათ:
- შემოვდგი ფეხი!
დედამ ბიჭუნა იცნო, მაგრამ მაინც შეეკითხა:
- ვინ ხარ?
- ახალი წელი! - უპასუხა ჯაბამ.
- რა მოგაქვს? - შესძახა პაპამ.
- მშვიდობა!
- კიდევ რა მოგაქვს? - შეეკითხა დედა.
- ბედნიერება!
- კიდევ, კიდევ? - ახლა მამა ჩაერია.
- სიუხვე!
- კიდევ რა? - ბებიამაც გაიმეორა.
- სიკეთე!
უფროსებს პატარა თამრიკომაც მიბაძა:
- კიდევ? - და ისიც უფროსებთან ერთად გადაეხვია ძმას.
- ხუთიანები!
პატარა მეკვლემ ააციმციმა ათასფერი ნათურები ნაძვის ხეზე. მთელი ოთახი გაამხიარულა!
პატარა მეკვლე წინ გაიმძღვარეს.
გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს შემოუარეს.
ჯერ პაპა თორნიკემ თქვა:
- ძველი მივდივარ ქებით, დიდებით!
მერე პატარა ჯაბამ სჭექა:
- ახალი მოვდივარ ახალი იმედით!