თინა და ირა ჩააცივდნენ თავის დიდედას:
- დიდედა! გვითხარი, ვინ უფრო გიყვარს - მე თუ თინა? - ეკითხებოდა ირა.
- დიდედა, გვითხარი, ვინ უფრო გიყვარს - მე თუ ირა? - ეკითხებოდა თინა.
დიდედა იღიმებოდა.
- ორივე!
- მაინც რომელი? - არ ისვენებდნენ გოგონები.
- ერთიც და მეორეც!
მაგრამ ბავშვებს ეს პასუხი არ აკმაყოფილებდათ.
- მაშ კარგი! აი, ჩემს თვალებში ჩაიხედეთ და ვის სახესაც დაინახავთ, ის უფრო მეყვარება.
ჯერ თინა მივარდა, ყელზე შემოეხვია და თვალებში ჩააშტერდა: როგორც იყო, თავისი თავი დაიანახა და ძალიან ეამა.
ირას რომ არ სწყენოდა, არაფერი გაუმხილა.
მერე ირა ჩაუჯდა კალთაში. ახლა იმანაც ჩახედა დიდედას თვალებში, ჩაიცინა და ისიც კმაყოფილი დარჩა.