ელისოს ეძინა. დედა ფეხაკრეფით დადიოდა, რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა.
მაგრამ ელისომ უეცრად ტირილით გაიღვიძა. ბავშვი შეშინებული იყო, თვალებს აცეცებდა და ცხარე ცრემლებს ღვრიდა.
- რა იყო, ელისო? რა დაგემართა? სიზმარში ხომ არაფერი ნახე? - შეეკითხა შეშფოთებული დედა.
- ვნახე.
- რა ნახე, არ გახსოვს?
- მახსოვს.
- აბა, მომიყევი, რამ შეგაშინა.
- მე... მე ვნახე... რომ მოსკოვში მივდიოდი.
- მერე, მანდ რა არის საშიში? პირიქით, უნდა გაგხარებოდა. - გაეცინა დედას.
- მიხაროდა, მაგრამ... მერე... ქუჩაში... ბევრი, ბევრი ხალხი იყო... მე დავიკარგე... და შენ ვეღარ გნახე...
და ელისომ უფრო უმატა ტირილს.
- მოიცა, ჩემო გოგონა! ახლა ხომ ჩემთან ხარ, რაღა გატირებს? - უალერსებდა დედა.
- მე რომ შემეშინდა?! - არ ცხრებოდა პატარა ელისო.