მარიჯანი

ბევრზე ბევრი

გოგიას ძალიან უყვარს ხილი, ტკბილეული. თუ რამეს მოჰკრა თვალი, აღარ არის მოსვენება:

- ბები, მომე ვაშლი! ბევრი ვაშლი მინდა!

- ბები, მომე თხილი! ბევრი, ბევრი თხილი! ბევრი კანფეტი...

ერთხელ ბებიამ ჩაისვა გოგი კალთაში და დაუწყო ბაასი:

- გოგი, არ მომწონს, მაგისთანა თვალხარბი რომ ხარ. რა ამბავია, სულ ბევრს და ბევრს რომ გაიძახი, აბა, ვნახოთ, რა გაქვს ბევრი!

- თავი ერთია!

- ცხვირი - ერთი!

- პირი - ერთი!

- შუბლი - ერთი!

- თვალი - ორი!

- ხელი - ორი!

- ფეხი - ორი!

გოგია ჩაფიქრებული უსმენდა.

- ბები, შენ დაგავიწყდა, რომ თმა მაქვს ბევრზე ბევრი! - უთხრა გოგიამ ბებოს. ბებიას გაეცინა და ბევრი თხილი მისცა.