ერთ სოფელში ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვირიკელა ცხოვრობდა. დღისით საპალნეს დაათრევდა, საღამოს კი ნამჯას ცოხნიდა. მართლაც რომ ვირულად შრომობდა და ბედ-იღბლით, რასაკვირველია, უკმაყოფილო გახლდათ. ერთხელაც ვირიკელას ცხოვრებაში მეტად საინტერესო ამბავი მოხდა. ისეთი ამბავი, ვირიკელას თვით ყველაზე ლამაზ სიზმარშიც რომ არ დაესიზმრებოდა - მეჯლისზე მიიწვიეს. სოფლის ფოსტალიონმა პირადად გადასცა მას ნამდვილი, მარკიანი კონვერტი, რომელშიც მშვენიერი მოსაწვევი ბარათი იდო. ბარათზე ეწერა:
`ღრმად პატივცემულ ვირს!
გიწვევთ მეჯლისზე, რომელიც ხვალ,
სადილის შემდეგ გაიმართება, ტყის პირას~.
ვირს გაოცებისაგან ისედაც დიდი თვალები გაუფართოვდა.
- მე? მეჯლისზე ვარ მიწვეული?
მეზობლებმა ტაში შემოჰკრეს.
- რა მაგარია! - დაიღრუტუნა ღორმა.
- მეც ვოცნებობ მეჯლისზე! - შეჰყეფა ყურშამ.
- ძალიან გაგიმართლა, მეგობარო! - დაიკაკანა კრუხმა.
მაგრამ ვირიკელამ ყურები ჩამოყარა:
- რა ვქნა, როგორ წავიდე? ნახეთ, რა დღეში მაქვს ჩლიქები, ბეწვიც ისე გამიცვდა, არსად გამოიჩინება. ზურგიც როგორ გადამტყავდა. ასე როგორ გამოვჩნდე საზოგადოებაში, სირცხვილია...
- მართალია, ასე მეჯლისზე ვერ წახვალ, - ჯაგარი მოიქექა ღორმა.
- ნუ გეშინია, რაღაცას ვიღონებთ, - გაამხნევა ყურშამ.
- მაგრამ რას? - დაღონდა კრუხი.
- მეც არაფერი მახსენდება, - თქვა წვერის ცანცარით თხამ.
- მე კი მოვიფიქრე, - შესძახა ამაყად მამალმა და ცალ ფეხზე შესკუპდა, - ვირი ისე უნდა გამოვაწყოთ, რომ ყველას თვალთ დაუბნელდეს.
- მერედა როგორ? სად ვიშოვოთ შესაფერისი ტანსაცმელი? - ყურები ჩამოყარა ყურშამ.
- ეგ მე მომანდეთ! - თქვა ისევ ომახიანად მამალმა, შლაპა დაიხურა, დეზები შეისწორა, ქალაქის ავტობუსში ჩაჯდა და გაემგზავრა.
მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს. ვირიკელამ ყურები ჩამოყარა და მსხლის ხის ქვეშ უგემურად დაიწყო ბალახის ცოხნა. `ეჰ, სად მე და სად მეჯლისი. ამის იღბალი მე ვინ მომცაო~, - ფიქრობდა.
რამდენიმე საათის შემდეგ ჭიშკართან ქალაქიდან მომავალი ავტობუსი გაჩერდა. იქიდან მამალი ჩამობრძანდა, შლაპა მოიხადა და ჩრდილში ჩამოჯდა.
- რა ქენი? - მისცვივდნენ მეზობლები.
- ძალიან დავიღალე. დაილოცოს სოფელი. ქალაქში ისეთი ხმაურია, უამრავი მანქანა, ხალხი ირევა. ჰაერი ეკოლოგიურად დაბინძურებულია. უჰ, თავი ამტკივდა.
მეგობრები ჩუმად შესცქეროდნენ მამალს და ელოდნენ - ახლა გადავა მთავარზე და ახლაო.
- აბა, რა ქენი, იშოვე რამე ჩვენი ვირისათვის? - ვეღარ მოითმინა ყურშამ.
- ჰმ! რას ჰქვია, ვიშოვე? ისე გამოვაწყობ, რომ ვერავინ იცნოს, - ამაყად თქვა მამალმა და ჩანთა გახსნა. იქიდან - ამოაწყო და ამოაწყო. აბა, თუ მიხვდებით, რა?
რა დაა! მამალი ზოოპარკში წასულა და იქაური ცხოველებისთვის რა აღარ უთხოვია - რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ უკან დააბრუნებდა. ცოტა ხანში ვირი ისე გამოაწყვეს, გუბურაში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი ვეღარ იცნო.
ვირიკელას მიაბეს: ცხენის კუდი, აქლემის კუზი, სპილოს ყურები, ლომის ფაფარი და მიახატეს ზებრას ზოლები. მხოლოდ თვალები შერჩა თავისი.
- თვალები შენიც ლამაზი გაქვსო, - დაამშვიდეს მეზობლებმა. ყველა აღტაცებით შეჰყურებდა უცნაურად გამოწყობილ ვირს.
- ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს, - დაიკაკანა კრუხმა.
- მართლაც, ძალიან უცნაურია, - შეჰყეფა ყურშამ.
- აბა, შენ იციო, - შესძახეს მეზობლებმა და სოფლის ბოლომდე მიაცილეს.
მიდის ვირიკელა, მიბაკუნობს. ამაყად მიარხევს ცხენის კუდს, ნიავი უფრიალებს ლომის ოქროსფერ ფაფარს, სპილოს ყურებს კი მარაოსავით არხევს.
მალე ტყის პირს მიადგა. სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. ვირიკელას გამოჩენაზე ყველა გაჩუმდა და უცნაურ სტუმარს დაუწყო ცქერა.
- ეს ვინაა?
- რა უცნაური ყურები აქვს!
- რა უცნაური ფაფარი!
- გასაოცარია პირდაპირ! - აყაყანდნენ მხეცები.
- მგონი ზებრაა, - ჩაილაპარაკა მელამ.
- რა ზებრა! სად აქვს ზებრას ამხელა ყურები? მგონი სპილოა, - დაასკვნა მგელმა.
- სულაც არა, ნამდვილად ლომია, შეხეთ მის ფაფარს, - ჩურჩულებდა ტურა.
ბევრი იმსჯელეს, მხრებიც დიდხანს იჩეჩეს, მაგრამ მაინც ვერ მიხვდნენ, რა ჯიშის იყო სტუმარი.
ბოლოს მეჯლისიც დაიწყო. ყველა მხიარულობდა და ერთობოდა. მხოლოდ ვირი იყო მოწყენილი. კუდი ხელს უშლიდა, ფაფარი თვალებში ედებოდა და ვერაფერს ხედავდა. ყურებიც ისე უფრიალებდა, ვერაფერი მოეხერხებინა. ერთი სული ჰქონდა, მეჯლისი დამთავრებულიყო და შინ გაქცეულიყო. ბოლოს, მეჯლისის მეფის არჩევის დრო რომ დადგა, ყველამ ერთდროულად ვირისკენ მიიხედა. მხეცებმა ტაში დასცხეს. ვირიკელა სცენაზე აიყვანეს.
- ახლა თქვენს წინაშე წარსდგება მეჯლისის მეფე, ულამაზესი ცხოველი, რომელიც შორეული ქვეყნიდან გვესტუმრა, - გამოაცხადა კონფერანსიე მელამ.
ვირი სცენაზე ავიდა, მიკროფონთან დადგა, მაგრამ არ იცის, რა ქნას.
- გვიმღერე, გვიმღერე! - გაიმა შეძახილები.
ვირმა პირი დააღო და ისე აყროყინდა, არემარე გააყრუა. მხეცებმა ყურებზე ხელები აიფარეს, კურდღელი შეშინდა და ბუჩქებში შეძვრა, ციყვმა შვილები ფუღუროში დამალა. ყროყინებდა ვირი, თავდავიწყებით, სოფლამდე ისმოდა მისი ხმა. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ყველა შეწუხდა, გაჩუმდა და მაყურებელს გადახედა.
- ეს ხომ ვირია? - აყვირდა მგელი.
დახეთ ერთი ამ თვითმარქვიას, - აჰყვა ტურა.
- აბა, აქედან მოუსვი, შე მართლა უტვინო, - მხარი აუბა მელამ.
- საფრთხობელასავით გამოწყობილა და თავს გვაწონებს, - კისკისებდნენ ციყვები.
ვირმა სპილოს ყურები ჩამოყარა, ცხენის კუდი ამოიძუა და სოფლისკენ წაჩანჩალდა. მიდიოდა დაღონებული, გულაჩუყებული და თავისი დიდრონი, ლამაზი თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.