ირმა მალაციძე

ბიჭი, რომელმაც მუსიკა იპოვა

მუსიკა უხსოვარი დროიდან არსებობდა. მაგრამ ძველად მუსიკალურ ბგერებს სახელები არ ერქვა. ღმერთმა ისინი ცისარტყელას ფერებს აჩუქა, სათითაოდ ჩამოურიგა და უთხრა:

- აჰა, თქვენთვის მიბოძებია შვიდი ბგერა. აირჩიეთ, ვისაც რომელი გინდათ.

და ფერებმაც აირჩიეს. წითელმა - პირველი ბგერა, ყვითელმა - მეორე, იისფერმა - მესამე... და ასე შემდეგ. შვიდივე გადაინაწილეს. იმის შემდეგ ციდან საოცარი ჰანგები ებნეოდა დედამიწას. ადამიანები ცაში იხედებოდნენ და იღიმებოდნენ.

მაგრამ ერთ დღეს უბედურება დატრიალდა. საშინელი ქარბორბალა ამოვარდა. მან დაუნდობლად დაურბინა ხეებს, სახლებს, ტყეებს და რაც შეძლო, ყველაფერი გადათელა. მერე ცაში აიჭრა და ცისარტყელასაც დაეძგერა. დიდხანს იცავდა თავს ცისარტყელა, მაგრამ ქარბორბალა მასზე ძლიერი იყო და საბრალო ვეღარ გაუმკლავდა. მოსტაცა ბგერები და მთელს ქვეყნიერებაზე მოაბნია. დარჩა ცისარტყელა ბგერების გარეშე. დაღონდა. დაღონდნენ ადამიანებიც, რადგან ვეღარ ისმენდნენ საოცარ მუსიკას. ქვეყნიერებამ მოიწყინა, ჩიტებმა ჭიკჭიკი შეწყვიტეს, ცისარტყელას კი ფერები გაუხუნდა.

მაგრამ მერე მოხდა საოცრება - გაბნეული ბგერებიდან ერთ-ერთი პატარა ბიჭმა იპოვა. ქარს სადღაც მინდორში დაეგდო. ბიჭმა ხელში აიღო, მოეფერა და ყური მიუგდო. მოისმინა და ისე მოეწონა, გადაწყვიტა, დანარჩენი ბგერებიც მოეძებნა. მინდორს მადლობა გადაუხადა:

- გმადლობ, მწვანე მინდორო, რომ ბგერა დამითმე. მართალია, არ ვიცი მისი სახელი, მაგრამ საოცარი ხმა აქვს, დარწმუნებული ვარ, თავის და-ძმებთან ერთად კიდევ უფრო შესანიშნავი იქნება მისი მოსმენა.

- წაიღე, კეთილო ბიჭუნა. შენი იყოს. მაგრამ ერთი თხოვნა შემისრულე - რადგან ბგერას ჯერ სახელი არ ჰქვია, ჩემი სახელი დაარქვი.

- კარგი, დავარქმევ, ან უმჯობესია მას უბრალოდ მი-ს დავუძახებ. მაინც შენს თავს გამახსენებს.

- მშვენიერი სახელია, - გაიღიმა მინდორმა. ბიჭმა მი ხელში აიყვანა და გზა განაგრძო.

ბევრი იარა. ბევრი მთა და ბარი გადაიარა. გზად მიმავალს დაუღამდა და იქვე, ბუჩქის პირას ჩამოჯდა. სიბნელეში, მთვარის შუქზე ფარვანა შენიშნა - დაფარფატებდა, თითქოს რაღაცის თქმა სურსო. ბიჭმა ხელი გაუწოდა და მის ხელისგულზე დაეშვა. უცებ ბიჭმა შენიშნა, რომ ფარვანას ფრთებით კიდევ ერთი ბგერა მოეტანა. სწორედ ის, რომელიც ადრე ცისარტყელის იისფერს ეკუთვნოდა. ფარვანამ ბიჭს ბგერა ხელისგულზე დაუდო და აფრინდა.

- კეთილო ფარვანავ, ბგერას მე მჩუქნი? - შეეკითხა მადლიერი ბიჭი.

- რა თქმა უნდა, შენ, ბგერები ხომ ცალკ-ცალკე ვერ იცხოვრებენ, - უპასუხა ფარვანამ.

- ძალიან კეთილი ხარ. ამიტომაც ამ ბგერას შენს საპატივსაცემოდ ფა-ს დავარქმევ. როცა აჟღერდება, შენსავით მსუბუქად იფარფატებს და ადამიანებს დაატკბობს.

- დიდი მადლობა, ბიჭუნავ, - უთხრა ფარვანამ და სიბნელეში გაუჩინარდა.

დილა რომ გათენდა, ბიჭმა ფა და მი ხელში აიყვანა და გზა განაგრძო.

მშვენიერი დილა იყო. ცა ლურჯად ლივლივებდა. უცებ ბიჭს ზემოდან საოცარი ხმა ჩაესმა. აიხედა და ცის ლაჟვარდზე ის ბგერა დაინახა, რომელიც ლურჯს ეკუთვნოდა. ის ჟღერდა და თითქოს თავისკენ მოუხმობდა.

-ბიჭუნავ, აი, კიდევ ერთი ბგერა, შენი იყოს და უკეთ მიხედავ, - დაუძახა ლაჟვარდმა და ცისფერი თვალებით გაუღიმა.

-გმადლობ, ლაჟვარდო. მე ამ ბგერას ლას დავარქმევ და ყოველთვის, როცა ის გაიჟღერებს, შენს თავს გამახსენებს.

ბიჭმა ლაჟვარდს ხელი დაუქნია და გზა განაგრძო. დიდხანს მიდიოდა. ხელში ლა, ფა და მი ეჭირა და გაფაციცებით დაეძებდა დანარჩენ ბგერებსაც. მზემ დააჭირა და ჩამოცხა.

- ახ, ნეტავ სიო ამოქროლდებოდეს, - ინატრა ბიჭმა. ამის თქმა იყო და სახეზე გრილმა სიომ გადაურბინა.

- რა კარგია, სწორედ ახლა გინატრე, - გაუღიმა ბიჭმა სიოს.

- ვიცი, რომ მინატრე, ამიტომაც გამოვფრინდი შენსკენ, - უპასუხა სიომ და ბიჭს ხუჭუჭა თმა აუწეწა. ბიჭს ძალიან ესიამოვნა სიგრილე და ღრმად ჩაისუნთქა.

- ხელში რა გიჭირავს?- იკითხა სიომ.

- ესენი მუსიკალური ბგერები არიან - სახელად მი, ფა და ლა ჰქვიათ. ახლა მთელ ქვეყნიერებაზე დავდივარ და მის და-ძმებს დავეძებ. ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებენ.

-მგონი, შენი დახმარება შემიძლია. ახლახანს ერთი მათგანი ვნახე. ვიცი, სადაც არის, აქ დამელოდე, ახლავე მოგიყვან, - დაიშრიალა სიომ და სადღაც გაქროლდა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა და ფრთებზე შესმული ბგერა მოიყვანა.

- აი, ისიც. ახლა შენ მიხედე.

- გმადლობ, კეთილო სიოვ. ამიერიდან ამ ბგერას სი-ს დავუძახებ და ყოველთვის შენს თავს გამახსენებს.

- ნახვამდის, ბიჭუნა. როცა დაგჭირდე, ჩემი სახელი ახსენე და უმალ შენთან გავჩნდები.

- ნახვამდის, ძვირფასო სიოვ. - ბიჭუნამ ხელი დაუქნია და გზა განაგრძო.

მიდის ბიჭი, მიდის და ხედავს - წყლის წისქვილი დგას. წყალი ქუხილით მოჩუხჩუხებს და დოლაბს ატრიალებს. დოლაბი უცნაურ ხმას გამოსცემს - არა ისეთს, როგორც ჩვეულებრივი წისქვილის ქვები, არამედ ძალიან ლამაზსა და ჟღერადს. ბიჭმა ყური მიუგდო, მოეწონა, მიუახლოვა დოლაბს და შეეკითხა:

-დოლაბო, როგორ გამოსცემ ასეთ მშვენიერ ხმას. წისქვილში ადრეც უამრავჯერ ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი ხმა არასდროს გამიგონია.

-ეს იმიტომ, რომ წყალმა საჩუქრად მუსიკალური ბგერა მომართვა. იმის შემდეგ ასეთი სასიამოვნო ხმა მაქვს, - უპასუხა დოლაბმა.

ბიჭს სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა.

-ეს ხომ ის ბგერაა, მე რომ დავეძებდი. მისი ხუთი და-ძმა უკვე ვიპივე. აი, ხედავ, ხელში მიჭირავს. კეთილო დოლაბო, დამითმე ბგერა, მათი დაშორება არ შეიძლება. ვერ ხედავ, სამყარო რა მოწყენილია მუსიკის გარეშე! - თხოვნით მიმართა ბიჭმა დოლაბს. მანაც, ისე რომ ბრუნვა არ შეუჩერებია, უპასუხა:

-რა თქმა უნდა, კარგო ბიჭუნა. მე ერთი ჩვეულებრივი დოლაბი ვარ და თუნდაც სასიამოვნო ხმით ვბრუნავ, ბევრს ვერავის მივანიჭებ ბედნიერებას, ხანდახან დღე ისე გავა, რომ კაცი-შვილი არ ჩამივლის გვერდით. შენ კი ბგერა უფრო მეტად გამოგადგება, - უთხრა მან და ბიჭს ბგერა აჩუქა.

-გმადლობ, დოლაბო. ამის შემდეგ ამ ბგერას დო-ს დავარქმევ, შენი სახელის საპატივსაცემოდ.

-ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაგეხმარე, - გაუღიმა დოლაბმა.

ბიჭმა დო დანარჩენ ბგერებს დაუმატა და გზა განაგრძო.

მიდის, მიდის, წამით არ ჩერდება. არ სურს დროის დაკარგვა. ქვეყნიერება მოღუშული და სევდიანია. ბიჭს კი უნდა, რომ ყველა მღეროდეს, ყველა ხარობდეს. მაგრამ ისიც იცის, რომ ვიდრე ყველა ბგერას არ მოძებნის, ეს არ მოხდება.

უცებ, მიწა თითქოს აგუგუნდაო, ისეთო ხმაური მოესმა, შეეშინდა კიდეც. შორიდან მტვრის ბუღი გამოჩნდა. ჯერ ვერ მიხვდა, ეს რა უნდა ყოფილიყო. ბოლოს კი, როცა მტვერი მიუახლოვდა, ბიჭი მიხვდა – ეს ცხენების რემა იყო. ბიჭი რომ შენიშნეს, ცხენები შეჩერდნენ, ადგილზე დაიწყეს ფლოქვების ცემა და ფრუტუნი. ბიჭი მიახლოვდა და პატარა კვიცს ზურგზე ალერსიანად გადაუსვა ხელი. კვიცს ლამაზი, ოქროსფერი ფაფარი ჰქონდა. ვიღაცას დაეწნა კიდეც.

-რა ლამაზი ფაფარი გაქვს. ეს ნაწნავი ვინ გაგიკეთა? - შეეკითხა ბიჭი.

-ვინ? ვინ და ჩემმა მეგობარმა გოგონამ. დამიწნა და მასში, მახე რა ჩამიბნია! – კვიცმა ამაყად მიატრიალ-მოატრიალა თავი.

ბიჭმა მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ცხენს ფაფარში მუსიკალური ბგერა ებნია. სიხარულისაგან ადგილზე შეხტა.

-ეს ისაა, ბგერა, რომელიც არ მაქვს. ჩემო მშვენიერო, ძალიან გთხოვ, დამითმე. შენ კი ფაფარში უმშვენიერესი ყვავილებით დაწნულ გვირგვის დაგამაგრებ, - შეეხვეწა ბიჭი ცხენს.

-რა თქმა უნდა, შენი იყოს, წაიღე. მე ყვავილიც ძალიან დამამშვენებს, - უყოყმანოდ დაეთანხმა ცხენი.

ბიჭმა გვირილებისაგან ულამაზესი გვირგვინი გააკეთა და ცხენს ფაფარზე დაადო. ცხენმა კი ბიჭს ბგერა აჩუქა.

-ამ ბგერას რე-ს დავარქნევ და ყოველთვის, როცა ის გაიჟღერებს, თქვენი რემა გამახსენდება, - უთხრა მადლიერმა ბიჭმა და წავიდა.

-სულ ერთიღა დამრჩა. მაგრამ სად ვეძებო, არ ვიცი. ამ ფიქრში იყო, რომ გზაჯვარედინს მიადგა. შეჩერდა და დაიწყო იმაზე ფიქრი, საით წასულიყო. კარგა ხანს იდგა, ჩაფიქრებული.

-რაო, ბიჭუნა, ვერ გადაგიწყვეტია, საით წახვიდე? - მოესმა უეცრად ხმა. ბიჭი შეკრთა. მოიხედა და იქვე, ქვაზე ჩამომჯდარი მოხუცი დაინახა. ბიჭი ზრდილობიანი იყო, ამიტომ მაშინვე თავაზიანად მიესალმა მოხუცს:

-გამარჯობათ, ბაბუავ! მართლაც, არ ვიცი როგორ მოვიქცე.

-ჰო, ძნელია სწორი გადაწვეტილების მიღება, როცა არ იცი, რომელი გზა სად მიგიყვანს. წინასწარ არავინ ვიცით, საით მიდიან გზები.

-მაშ როგორ უნდა შევარჩიოთ, რომელს დავადგეთ.

-ნებისმიერ გზაზე შეიძლება სწორად იარო, ისე რომ არც ეკალ-ბარდმა დაგკაწროს და არც ხევში გადაიჩეხო. ყველა გზას თავისი სირთულე აქვს, მასზე ყურადღებით სიარულია საჭირო.

-გამოდის, რომ მნიშვნელობა არა აქვს ახლა რომელ გზას გავუყვები.

-ჰო, ასეა! ოღონდ დაკვირვება გმართებს... ისე თუ მეტყვი, რას დაეძებ, იქნებ რჩევაც მოგცე.

-რას დავეძებ? რას და მუსიკალურ ბგერას. მხოლოდ ერთიღა დამრჩა. დანარჩენი ხელში მიჭირავს. თუ ის მეშვიდე არ ვიპოვე, ქვეყნიერება ვერ შესძლებს მშვენიერი მუსიკის მოსმენას და მუდამ ასეთი დაღონებული იქნება.

-კარგი ბიჭი ხარ, რომ ასე ზრუნავ ადამიანებზე. თანაც მუსიკა - ეს ხომ შესანიშნავი რამ არის, მას ყველაზე უკეთ შეუძლია ადამიანის სულში ჩაწვდომა... იცი, რას გირჩევ?

-რას? - ბიჭი სმენად იქცა.

-ამ სამიდან ნებისმიერ გზას დაადექი. სადმე მდელოს თუ გადააწყდი, გაჩერდი და შენი ბგერები ააჟღერე.

-როგორ, ეს ხომ არ იქნება სრულყოფილი მუსიკა? - შეშფოთდა ბიჭი.

-ვიცი. მაგრამ ეს ხმა აუცილებლად მისწვდება იმ მეშვიდეს, რომელსაც ასე დაეძებ. დამერწმუნე, თვითონ მოგძებნის და მოვა შენთან.

-მართალია. მე თვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე. რა ბრძენი ყოფილხართ. რა გქვიათ? - შეეკითხა ბიჭი.

-მე? სოლომონ ბრძენი ვარ, - უპასუხა მოხუცმა.

ბიჭმა მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა მას და შუა გზას გაუყვა. მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით. ერთი სული ჰქონდა, როდის იპოვნიდა მდელოს. ისიც მალე გამოჩნდა. ყვავილებით იყო გადაპენტილი და პეპლები დაფარფატებდნენ.

ბიჭი შუაგულ მდელოზე დადგა და ბგერები ააჟღერა.

-მიდით, ჩემო კარგებო, ჩემო დო, ჩემო ფა და სი, ყველამ ერთად დასჭექეთ, იქნებ ვიპოვოთ დაკარგული მეგობარი. ბგერებმა მთელი ძალით დასჭექეს. მდელოზე მუსიკა აჟღერდა, მაგრამ პეპლებს არ მოეწონათ და ყვავილებიდან აიშალენ.

-ამ მუსიკას რაღაც აკლია, არ მოგვწონს, - ამბობდნენ ისინი და დაფრინავდნენ. კარგა ხანს ელოდა ბიჭი და ის-ის იყო, იმედი გადაეწურა, რომ საიდანღაც, შორიდან რაღაც სასიამოვნო ხმა შემოესმა. ბგერები ჩაყუჩდნენ. ბიჭმა სმენა დაძაბა. ხმა სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ცოტა ხანში მათ ის დაკარგული ბგერა მიუახლოვდა და შვიდივე ბგერა ერთად ახმიანდა. მათ ბანი მისცეს მთებმა და მდინარეებმა, ჩიტები აჭიკჭიკდნენ, ცისარტყელას ფერი დაუბრუნდა და გამოცოცხლდა სამყარო. ბიჭი გახარებული მიდიოდა, მიჰქონდა ბგერები და მათთან ერთად ღიღინებდა. როცა ისევ გზაჯვარედინს მიადგა, ნახა, რომ მოხუცი ისევ თავის ადგილას იჯდა. გახარებული მივიდა მასთან და უთხრა:

-გმადლობ, სოლომონ ბრძენო, რომ ბგერა მაპოვნინე. თქვენს საპატივსაცემოდ მას სოლ-ს დავარქმევ.

-კეთილი, პატარა ბიჭო. მიხარია, რომ ქვეყანას სიხალისე დაუბრუნე, - უთხრა ეს მოხუცმა და გაუჩინარდა.

ახლა ბიჭს ხელთ ეპყრა შვიდივე ბგერა - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. ისმოდა მუსიკა და ხარობდა ქვეყნიერება. მუსიკა ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება.