ირმა მალაციძე

კუსუნას ციხე-სიმაგრე

ერთ მინდორში კუების ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის უფროსი, ბატონი კუკური ყველაზე პატივცემული და დარბაისელი კუ გახლდათ მთელს მინდორსა და მის შემოგარენში. ოჯახის უფროსზე არანაკლებ დინჯი და დაკვირვებული იყო ქალბატონი ნელიც, ბატონი კუკურის მეუღლე და ოჯახის დიასახლისი. ორივე ისე ნელა, ტაატით გადაადგილდებოდა, ისეთი ბრძნული გამომეტყველებდა ჰქონდათ, რომ არ შეიძლებოდა, მათ მიმართ უდიდესი პატივისცემით არ განმსჭვალულიყავით. ბავშვებო, ალბათ გაგიგონიათ, - დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო.

როცა მშობლებს პატარა კუ შეეძინათ, ძალიან გაიხარეს. დიდხანს იფიქრეს, რა დავარქვათო, ბევრი სახელი მოიფიქრეს და ისევ გადაიფიქრეს. ბოლოს გადაწყვიტეს - მოდი, კუსი დავარქვათ, მოფერებით კი კუსუნა დავუძახოთო. ყველას მოეწონა სახელი, ნამდვილად პატარა კუს რომ შეეფერება, ისეთიაო - თქვეს ნათესავებმა. ამის შემდეგ ოჯახს ახალი წევრი, კუსუნა შეემატა, რომელიც წესითა და რიგით, მშობლებივით დინჯი და აუჩქარებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დახეთ საოცრებას - კუსუნა ისეთი ონავარი და ცელქი კუ გაიზარდა, ყველა განცვიფრებაში მოჰყავდა.

- ეს რას მოვესწარიო, - ამბობდა დარცხვენილი მამა. დედაც ძალიან განიცდიდა შვილის ასეთ უცნაურობას.

- კვიცი გვარზე ხტისო, - ამშვიდებდა მოხუცი კუ, კუსუნას დიდი ბაბუა.

- რაღა გვარზე... აბა, რომელს ჰგავს? მე ყველაზე დინჯი და დარბაისელი კუს სახელი მაქვს გავარდნილი. ეს ვის დაემსგავსა, არ ვიცი, - დარდობდა ბატონი კუკური.

- ნუ ნაღვლობ. ნახავ, როგორ დაღვინდება, - ამშვიდებდა მოხუცი კუ მშობლებს.

ერთ მშვენიერ დღეს კი კუსუნამ ისეთი რამ განუცხადა მშობლებს, ქალბატონ ნელის ლამის გული წაუვიდა. ძლივს მოასულიერეს მეზობლებმა. იცით, რა თქვა პატარა კუსუნამ?

- დედა, მამა, გადავწყვიტე ბაკანი მოვიშორო და აქედან გამოვძვრე. ძალიან მძიმეა და მოძრაობაში მიშლის ხელს. და საერთოდ, თავისუფლება მწყურია... ბაკანი კი ძალიან მზღუდავს. აი, ნახავთ, მის გარეშე ქარივით მსუბუქი ვიქნები, კურდღელიც კი ვერ დამეწევაო.

თქმა და შესრულება ერთი იყო - კუსუნამ ბაკანი მიატოვა, გარეთ გამოძვრა და მშობლებს განუცხადა:

- სამოგზაუროდ მივდივარ. ქვეყნიერება უნდა დავათვალიერო, ახალი მეგობრები გავიჩინო, აბა ასე ხომ არ ვიჩოჩებ მთელი ცხოვრებაო.

საშინლად შეწუხდნენ მშობლები. აქეთ ბატონი კუკური ეხვეწა:

- შვილო, ვინ გაიგონა, კუს ბაკანი არ ჰქონდეს, ყველა მასხარად აგიგდებს. მარტო მაგას ვინ ჩივის, ბაკანი ყველა ფათერაკისაგან დაგიცავს, ასე კი თავს დაიღუპავო.

იქით დედა ცდილობდა შვილის გონს მოყვანას:

- დაგვიჯერე, ჩემო პატარა, თავს დაიღუპავ, არსად წახვიდეო.

მაგრამ კუსუნა გაჯიუტდა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.

- ვერავინ გადამაფიქრებინებს, რადგან ასე მინდა, ესე იგი, ასეც მოვიქცევი!

ადგა და შემსუბუქებულმა გზა სწრაფი ნაბიჯით განაგრძო. დადარდიანებულმა მშობლებმა კუსუნას ბაკანი ზურგზე წამოიკიდეს და შვილს კვალდაკვალ გაჰყვნენ. მაგრამ კუსუნა ისე სწრაფად მიდიოდა, აბა რას დაეწეოდნენ. მშობლები იმედს მაინც არ კარგავდნენ და გზას განაგრძობდნენ.

***

მიდის კუსუნა, მიდის, მიღიღინებს. ძალიან ბედნიერია, რომ მძიმე ტვირთი მოიშორა. უცებ მაყვლის ბუჩქი დაინახა. შავი, მწიფე ნაყოფი ისე მაცდურად იცქირებოდა, ძალიან მოუნდა პირის ჩაგემრიელება, მაგრამ ვერ შესწვდა. დადგა და ქვემოდან დაუწყო ყურება. მაყვლის ბუჩქმა ტოტები შეარხია და ცბიერად გაუღიმა:

- პატარა კუსუნავ, გინდა ჩემი ნაყოფი იგემო? მოდი, ტოტებს ჩამოგიწევ და რამდენიც გინდა მიირთვი.

გაიხარა კუსუნამ. ბუჩქს მიუახლოვდა. მაყვლის ბუჩქმა ტოტები დასწია და ეკლებით ჩააფრინდა კუსუნას. საბრალო, ერთიანად დაიკაწრა და სისხლი წამოუვიდა. ძალიან ეტკინა და ტირილი დაიწყო.

- ნეტავ ახლა დედა აქ იყოს, ჭრილობას შემიხვევდაო, - გაიფიქრა. მაყვლის ბუჩქზე კი ძალიან განაწყენდა, ასე როგორ მომატყუაო.

ადგა და გზა განაგრძო. მიდის დაღვრემილი, მიდის და უცებ ჭექა-ქუხილი დაიწყო. ცა საავდროდ მოიქუფრა და ისეთი სეტყვა დაუშინა, სულ კაკლისოდენა მარცვლები ცვიოდა. რამდენიმე კუსუნასაც მოხვდა და თავზე კოპებიც დააჯდა. ძლივს შეასწრო ხის ძირას, თორემ ალბათ თავიც გაუტყდებოდა.

- ესღა მაკლდა, - ჩაიბურტყუნა კუსუნამ. ჯერ ჭრილობებიც არ მოშუშებოდა და ახლა თავის ტკივილიც ზედ დაერთო. სეტყვამ რომ გადაიღო და მზემ გამოიხედა, კუსუნა საფარავიდან გამოძვრა და გზა განაგრძო. პატარა გუბურას მიადგა. ნაპირზე ბაყაყები მზეს ეფიცხებოდნენ.

- გამარჯობათ, მეგობრებო! - მიესალმა კუსუნა.

- მეგობარო? ვინაა შენი მეგობარი? - სიცილი დააყარეს ბაყაყებმა.

- ეს რა უცნაური ჯიშის ხვლიკია... - დაიყიყინა ერთმა.

- ხვლიკი? როგორ გეკადრებათ. მე ყველაზე სწრაფი კუ ვარ მსოფლიოში, - ამაყად წარმოთქვა კუსუნამ.

- კუ? რა სასაცილოა, ეტყობა სარკეში არასოდეს ჩაუხედავს, - აყიყინდა მეორე.

- ალბათ არ იცის, კუები როგორ გამოიყურებიან. მოდი, გუბურაში მაინც ჩაიხედე, - დაცინვით თქვა მესამემ.

კუსუნა მართლაც მივიდა გუბურასთან და წყალში ჩაიხედა. იქიდან უცნაური ფორმის ცხოველმა შემოხედა. კუსუნა შეშინებული მოშორდა გუბურას. ბაყაყებმა სიცილი დააყარეს, რაც ძალიან ეწყინა პატარა კუს და გულდათუთქულმა განაგრძო გზა.

ტირის, ტირის, ცრემლებად იღვრება. უკვე ღამდებოდა და ღამის გასათევად ერთი ბუჩქის ქვეშ შეძვრა. მთავრე ამოვიდა და იქაურობა გაანათა. კუსუნა მიყუჟულიყო და სიცივისაგან ერთიანად კანკალებდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ისე შესცივდა, რომ აღარ იცოდა, რა ეღონა. ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა.

როგორც იქნა გათენდა, მზე ამოვიდა და კუსუნაც ცოტა გათბა. მზე ზენიტისკენ იწევდა და სულ უფრო და უფრო აცხუნებდა. თავიდან გაყინულ კუსუნას ესიამოვნა მზის ცხელი სხივები, მაგრამ მერე ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვა შეუძლებელი გახდა. მთელი ტანი აეწვა. არადა, არც ბუჩქი იდგა არსად, არც ხე, რომ ჩრდილისათვის თავი შეეფარებინა. ისევ ატირდა კუსუნა:

- რა ძალა მადგა, რა კარგად ვიყავი ჩემს ბაკანში, თბილად და მყუდროდ, არც სიცხე მაწუხებდა, არც სიცივე. არც ეკალი მკაწრავდა და არც არავინ დამცინოდა. ვყოფილიყავი და მეცხოვრა ჩემს მშობლებთან ერთად.

ტიროდა გულამოსკვნილი კუსუნა. უცებ რაღაც ხმა მოესმა. თავი ასწია და სიხარულისგან თვალებს არ დაუჯერა - დედა და მამა დაინახა, რომლებსაც მისი ბაკანი ზურგზე ჰქონდათ მოკიდებული და შვილისაკენ მოცოცავდნენ. კუსუნა გაექანა და მშობლებს ჩაეხუტა.

- რა კარგია, რომ მოხვედით. რა მეშველებოდა უთქვენოდ. რა სულელი ვიყავი, რომ არ გიჯერებდით. ჩემი ბაკანი, ჩემი საყვარელი ბაკანი, როგორ გამიჭირდა მის გარეშე, - ცრემლად იღვრებოდა კუსუნა. ტიროდნენ ბატონი კუკური და ქალბატონი ნელიც.

კუსუნა ბაკანში შეძვრა. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. მშობლებმაც გაიხარეს, რომ მათი შვილი, როგორც იქნა გონს მოეგო.

მერე სამივე ერთად დაბრუნდა შინ. იმის შემდეგ კუსუნას ბაკნიდან გამოძრომა აღარასოდეს მოუნდომებია. ცხოვრობდა მასში და ყველა დანარჩენი კუსავით ნელა დაცოცავდა, სამაგიეროდ თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდა საკუთარ ციხე-სიმაგრეში.