დეიდა კოკრიკო მთელს ეზოში მეტად პატივცემული კრუხი გახლდათ. მუდამ ლამაზად დავაცხნილ-დაბულულებული დადიოდა, ამაყად და დინჯად დააბიჯებდა ეზოში და ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. მშვენიერი ჭრელი ბუმბული ჰქონდა. ასე მომხიბვლელად კი იმიტომ გამოიყურებოდა, რომ იმ მიდამოებში სახელგანთქმული პარიკმახერი ოფოფი - ჭრელოყიააე ვარცხნიდა ბუმბულს. ჭრელო ყოველ დილით სავარცხლების მთელი დასტით სავსე ჩანთით მოფრინდებოდა - ხოლმე და მყუდრო ეზოში ხმაური და ხალისი შემოჰქონდა. კოკრიკო ისე მიეჩვია, რომ ოფოფის გარეშე ბუმბულის დავარცხნას ვეღარ ახერხებდა. ესეც არ იყოს და, ოფოფი ისეთი მხიარული ვინმე გახლდათ, მის გამოჩენას მთელი ეზო მოუთმენლად ელოდა. დეიდა კოკრიკოს ძალიან უყვარდა ეზოში სეირნობა, დააბიჯებდა დინჯად და გაიძახოდა:
- კოკ-კოკ-კოკ!
ეს მის ქათმურ ენაზე ნიშნავდა: „ჩემო წიწილებო, სად ხართ, არ დაიფანტოთ, დედიკოსთან მოდით და ახლომახლო ითამაშეთ, თორემ ქორი მოფრინდება და წაგიღებთ. ამას კი მე ვერ გადავიტანო“. წიწილებიც წიავ-წიავით მორბოდნენ დედა-კრუხისაკენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან უყვარდათ დედა, მეორეც იმიტომ, რომ ქორის ეშინოდათ და მესამეც იმიტომ, რომ ვერც ისინი გადაიტანდნენ იმას, რომ მათი დედა ვერ გადაიტანდა მათ დაკარგვას.
აი, ასეთი სასიამოვნო ურთიერთობა ჰქონდათ ეზოს ბინადრებს ერთმანეთთან. ოფოფს აქ, რა თქმა უნდა სხვა კლიენტებიც ჰყავდა. მაგალითად ბატი - სისი, იხვი - ვატა, ინდაური - მაკო და მამალი - კოკო. მართალია, მამალი უკადრისობდა ქალების პარიკმახერთან ვარცხნილობის გაკეთებას, მაგრამ ხანდახან მასაც სული წასძლევდა-ხოლმე და ოფოფს უფლებას აძლევდა - მისი ამაყი ბიბილო გაეპრიალებინა, ან ზედმეტი ბუმბული შეეკრიჭა.
ერთ მშვენიერ დღეს ოფოფი დანიშნულ დროს არ გამოჩნდა. აწრიალნენ ეზოს ბინადარნი:
- ნეტავ რა დაემართა? – ვიშვიშებდა დეიდა კოკრიკო.
- იქნებ ფრთა მოიტეხა? – ღელავდა სისი.
- ან ნისკარტი.... - ნერვიულობდა ვატა.
- ღმერთო, რა უნდა მოსვლოდა? - ბოლთას სცემდა მაკო.
მხოლოდ კოკო იყო მშვიდად. აუღელვებლად დააბიჯებდა ეზოში და ზემოდან გადასცქეროდა ერთად შეგროვილ მეზობლებს.
- ნეტავ რა განერვიულებთ? რა ნახეთ ასეთი ამ თავქარიან ოფოფში? მოვა, აბა სად წავა, ალბათ კიდევ ვინეს ვარცხნის თმას.
- შენ რა გენაღვლება? – წაუსისინეს მეზობლებმა, – შენ ხომ არ გვარცხნის ბუმბულს?
- მართლა ქათმები ხართ, უტვინოები... – კიდევ უფრო ამაყად გადახედა კოკომ ქალებს და ცალ ფეხზე განაწყენებული შესკუპდა.
- მე ვარ ქათამი? – განაწყენდა მაკო.
- ან მე ვარ ქათამი? – აწიწინდა ვატა.
- ან მე? – ასისინდა სისი.
- ქათამი მე ვარ მხოლოდ, მაგრამ ამის სულაც არ მრცხვენია. პირიქით, ვამაყობ, რომ ქათამი ვარ, თანაც კრუხი და ჩვენს ეზოს მშვენიერ წიწილებს ვუზრდი! - ამაყად წარმოსთქვა დეიდა კოკრიკომ და ყველაზე განაწყენებულმა ზურგი აქცია მეზობლებს, ჩაჯდა თავის საბუდარში, წიწილებს შეუძახა - „კოკ-კოკ-კოკ“-ო, რაც მის ქათმურ ენაზე ნიშნავდა „შვილებო, ჩემთან მოდით, მეზობლებმა მაწყენინეს და მხოლოდ თქვენ თუ დამამშვიდებთო“. წიწილები მაშინვე კისრისტეხით მიცვივდნენ დედასთან და მოფერება დაუწყეს.
უცებ ეზოს თავზე ოფოფი გამოჩნდა და მხიარულად შესძახა:
- გამარჯობათ, ჩემო ლამაზებო!
მაგრამ როცა დაინახა, ყველა დაღვრემილიყო, იფიქრა, ნამდვილად ჩემზე არიან ნაწყენი, რომ დავიგვიანეო.
- მაპატიეთ, ჩემო კარგებო, გზად ისეთ გაჩეჩილ არსებას შევხვდი, ვერც კი წარმოიდგენთ. ჰოდა, მისი მოწესრიგება გადავწყვიტე. მაგრამ როგორც კი სავარცხელი მივაკარე, ყველა კბილი უმალ მოტყდა. ასე დავამტვრიე ყველა სავარცხელი, იმის თმებს ვერაფერი ვუშველე, ისეთი ბასრი იყო, ისეთი...
გაბუტულ მეზობლებს უცებ გამოუკეთდათ განწყობა და სიცილი აუტყდათ.
- სულელო, ეს ხომ ზღარბი ყოფილა! - შესძახა კოკომ.
- მართლაც, აბა როგორ დავარცხნიდი მის ეკლებს! - სიცილით კვდებოდა სისი.
დეიდა კოკრიკოც გამხიარულდა. დინჯად ამოვიდა საბუდარიდან და მეზობლებთან მივიდა.
სულ მალე მთელ ეზოში მხიარული კისკისი და ხმაური გაისმოდა. ახლა იმაზე ბჭობდნენ მეზობლები, როგორ გაეახლებინათ ჭრელოს სავარცხლები, რათა ისევ შესძლებოდა მათი გალამაზება.