სოფიო დაუშვილი

მეფე ლომი და მერცხლები

- როგორ ცხელა, თუ თავი ჩრდილს არ შევაფარე, დავიწვები, - თქვა ლომმა და ბაობაბის ხისკენ გაემართა. ლომს უკან მიჰყვა ორი ბოკვერი. ისინი თვალს არ აშორებდნენ მამას და მის თითოეულ მოძრაობას შეუცდომლად იმეორებდნენ.

- მამიკო, დღეს რატომ არ ჩანან მერცხლები? - იკითხა ერთ-ერთმა ბოკვერმა.

- სად არიან? - აჰყვა მეორეც.

ლომმა ცას თვალი მოავლო, ბაობაბს მოშორდა და ბანანის ხეზე მოქანავე მაიმუნი დაინახა. მაიმუნს პირი ბანანით ჰქონდა გამოტენილი და სიამოვნებისაგან თვალებს ნაბავდა.

- ეი, შენ, მერცხლები ხომ არ გინახავს? - ასძახა ლომმა მაიმუნს.

- მერცხლები? - ძლივს გახსნა პირი მაიმუნმა და ქანაობა შეწყვიტა. - არა სცალიათ, მეფეო, მიფრინავენ.

- მიფრინავენ? სად?

- სამშობლოში.

- სამშობლოში? - ჩაფიქრდა ლომი, - ახლავე მოძებნე ყველა და ბაობაბთან, ჩრდილში მომიყვანე!

- ბაობაბთან, ჩრდილში, - გაიმეორა მაიმუნმა, დარჩენილი ბანანი პირში შეიჩურთა და მზით გახურებულ ქვიშაზე ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა.

მერცხლები სამშობლოში გასაფრენად ემზადებოდნენ. მათ წინ გრძელი და დამქანცველი გზა ელოდათ. მაიმუნმა მდინარის პირას მიირბინა და ლომის დანაბარები მერცხლებს გადასცა. გუნდის წინამძღოლმა თეთრგულა მერცხლები ბაობაბისკენ გააფრინა. ლომმა წინამძღოლს ჰკითხა:

- გავიგე, ჩვენგან წასვლას აპირებთ. ვინმემ ხომ არ გაწყენინათ?

- რას ბრძანებთ, სამშობლოში დაბრუნების დრო დადგა, ეგაა და ეგ.

- აქ, აფრიკაში, არაფერი გაკლიათ - არც საჭმელი, არც სითბო. რისთვის მიფრინავთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადრე თუ გვიან სიცივე დაისადგურებს და კვლავ უკან წამოსვლა მოგიწევთ? არაფერი მესმის, - მხრები აიჩეჩა ლომმა.

- საქმეც ეგ არის, მეფეო, აქ აფრიკაა, იქ კი საქართველო. პირველად ხომ იქ გავახილეთ თვალი, იქ ვისწავლეთ ფრენა, იქ არის ჩვენი სახლი და კარი. ის ჩვენი სამშობლოა.

- კი მაგრამ, აქაურობაზე ლამაზია თქვენი სამშობლო? უმადურები ყოფილხართ! - უკმაყოფილოდ დაიბუხუნა ლომმა.

- არა, მეფეო, აქაურობა ძალიან მოგვწონს, მაგრამ სამშობლო ყოველ ღამე გვესიზმრება.

- ვერსად წახვალთ, - იღრიალა ლომმა.

- იქნებ მართლა დავრჩენილიყავით, გზაში ხომ ბევრი ჩვენგანი იხოცება! ქარიშხლისა და კოკისპირული წვიმისას ზღვაში ვიხრჩვებით, - თქვა ერთმა მერცხალმა.

ლომს კმაყოფილება დაეტყო.

- მოემზადეთ, სამშობლოში მივფრინავთ! - დაიძახა წინამძღოლმა, მშიშარა მერცხალს წყენით გახედა და ფრთა ფრთას შემოჰკრა.

- სამშობლოსაკენ! - ერთხმად იჟრიალეს მერცხლებმა და ბაობაბის ხიდან გუნდ-გუნდად წამოიშალნენ.

- მაშ, ჩემს სურვილს არად აგდებთ! - განრისხებულმა ლომმა ტორი მიწას დაჰკრა.

- სამშობლო ყველაფერზე ძვირფასი და მშვენიერია! - თქვა წინამძღოლმა და ის-ის იყო ცაში უნდა აჭრილიყო, რომ ლომი აიმართა და წინამძღოლს ტორი მძლავრად მოუქნია.

მერცხალმა ჰაერში შეიფრთხიალა და ნახევრად ფრთამოგლეჯილი ძირს დაეცა. იმავ წამს კვლავ ზევით აიჭრა იგი, მაგრამ წონასწორობა ვერ დაიცვა და მიწაზე დაენარცხა.

- ასე მოუვა ყველას, ვინც ურჩობას გაბედავს! - ამაყად თქვა ლომმა და სახეზე დამცინავი ღიმილი გადაეფინა.

მერცხალი ტკივილს არად აგდებდა და ცაში აჭრას ცდილობდა. ამ დროს წინამძღოლთან ერთი მერცხალი მიფრინდა და მოგლეჯილი ფრთის ქვეშ ამოუდგა. მერე სხვა მერცხლებიც წამოეშველნენ და წინამძღოლი ცაში ააფრინეს. მას წვეთ-წვეთად სდიოდა სისხლი, ცალ ფრთას თავგანწირვით ამოძრავებდა და ცდილობდა, ძირს არ ჩამოვარდნილიყო. მერცხალი კი, რომელმაც დარჩენა ისურვა, ახლა ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც წინამძღოლს გვერდში ედგა.

ლომი ამას არ ელოდა და ღიმილი სახეზე შეეყინა.

- მართლა ძალიან უნდა გიყვარდეს სამშობლო, იქ დასაბრუნებლად თავი რომ გაწირო, - თქვა ლომმა და წინამძღოლის სისხლით დათხვრილ ქვიშას დააცქერდა.

მერცხლები თვალს მიეფარნენ.