ჭრიჭინობელები თავგამოდებით ამწიფებდნენ ყურძენს.
ტაროებში ისევ იდგა რძე. საკუთარსა და სხვის ყანას ვიღა არჩევდა! გოგო-ბიჭები წავახელებდით თუ არა ულვაშებშემჭკნარ ტაროს, იქვე მოვტეხდით, გავარჩევდით და მივარბენინებდით. ვის არ უგემია თხილის ჯოხზე წამოგებული შემწვარი სიმინდი! ისეთი სუნი დადგებოდა, სოფლის ბოლოს მოჰგვრიდა კაცს ნერწყვს.
კაკალი იკროლებოდა. თხილი და ნიკორა წაბლიც ადვილად იკარჭლებოდა. ლეღვი დატკბა, მაგრამ მადლიანად დაშაქრული ყურძნის ჭამას ვერ მოვესწრებოდით მე და კოტე.
ბებია წუხდა, ისე მიდიან ჩემი გოგო-ბიჭები, ფელამუშით პირი ვერ ჩავუტკბარუნეო. შეთვალულ ყურძენს კი ვმარცვლავდით, მაგრამ ის რა ყურძნის ჭამაა, თუ გემო ვერ ჩაატანე.
ჩვენი გამგზავრების დღეს ბებიამ ხაჭაპურები დააცხო, ბუციამ ნედლი თხილითა და ხილით აავსო პარკები. ახლა ქათმების მოსატყებლად სიმინდის ტარო მისცა ბებიას. ბებია ჯორკოზე ჩამოჯდა და კალთაში იფშვნიდა სიმინდს. აივანზე წითელი მამალი ამობრძანდა, კისერი წაიგრძელა და ზედ კალთაზე მიაწყდა ბებიას. ჯერ კი დაუტატანა ბებიამ, მერე ალბათ შეებრალა და ორიოდე მარცვალი გადაუყარა... მამალი ერთი ალიაქოთით, დეზების ფხაკაფხუკით გაქანდა მარცვლისაკენ, ხელად აკენკა და ისევ მიაწყდა ბებიას კალთას.
ამ დროს ჭიშკარი გაიღო, ჯერ ჭაპულო შემოიპარა, უკან მეტია შემოჰყვა, გოგოები მორცხვად იღიმებოდნენ. ჭაპულოს და მეტიას დასავით ვუყვარვარ!
ჭაპულოს სავსე კალთა აეკეცა. ცეცხლით ალანძღულ წვივებს ძლივს უფარავდა პერანგი.
- რაო, ბებია, რა დამნაშავეებივით შემოიპარეთ! - მიუბრუნდა ბებია გოგოებს.
ჭაპულომ მე გადმომხედა და კალთას თავი გადაუხსნა. მეც იმწამსვე ცხვირი შიგ ჩავყავი.
თურმე ნუ იტყვით, ჩემს მეტიას და ჭაპულოს მარცვალ-მარცვალ გამოუკრეფიათ მტევნებში დამწიფებული მარცვლები, ჰოდა მე მომიტანეს.
- ცოტა ფელამუში ხომ მოდუღდება, - უხერხულად თქვა ჭაპულომ.
- როგორ არ მოდუღდება, თქვენ გენაცვალეთ, - დაუდასტურა ბებიამ, ადგა და სახლიდან გობი გამოიტანა.
ჭაპულომ გობზე გიშრის მარცვლები გადმოცალა და დასველებული კალთა ჩამოიბერტყა. მეც ჩამოვუსვი ხელი, მინდოდა, მოვფერებოდი, მაგრამ მომერიდა.
- რა გოგოები ხართ, შვილო, ყველა ხომ ვერ მოიფიქრებს ამის გაკეთებას... - აფუსფუსდა ბებია.
რა გგონიათ, ჭაპულოს ერთი კალთა ყურძნის მარცვლისაგან ორი პატარა თეფში ფელამუში გამოვიდა!
თითო კოვზი ვარდისფერი ფელამუშის ჭამას, ვინ იცის, რამდენ ხანს ვანდომებდი, თან ვიფიცებოდი, ასეთი გემრიელი ფელამუში ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამია-მეთქი.
კოტე დინჯად ჭამდა ფელამუშს, თან გოგოებსაც ეპატიჟებოდა - თქვენც ჩაიგემრიელეთ პირიო.
- ეგ რაღა გასაყოფია! - იკრიჭებოდნენ გოგოები.
ხომ გითხარით, ასი სახლია ჩემს სოფელში, ასივე სახლში მყავს მეგობარი. მთელი სოფელი ჩემი მეგობარია.
ლამაზია ჩემი სოფელი და ყველა ლამაზია ჩემს სოფელში. ყველა ისეთი კეთილია, როგორც ჩემი მეტია და ჭაპულო. ახლა ამ სოფლიდან მეორე სოფელში წასვლის დრო დადგა. გული მწყდება, მაგრამ წავალ და ქვეყანას მოვდებ ჩემი გულკეთილი მეგობრების ამბავს... ვუამბობ, როგორი სიყვარული იციან.