„მოყვარეს პირში უძრახე,
მტერს - პირს უკანაო“.
გონიერი ანდაზა
რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ.
ვინც ლუარსაბის სახეში თავის თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის თავზე მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დაიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.
სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემს თავსა: „მოყვარეს პირშჲ უძრახე, მტერს - პირს უკანაო“. სადა ხარ ახლა ამ გონიერის სიტყვის მთქმელო? ვიცი, სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი, რაცა გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან. ისიც ვიცი, რა თვისებისაც ხარ: შეუცდომელი და ყოველთვის მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას, ვისაც „სხვისთვის“ გული სტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის „სხვანივე“ თავიანთ გულშემატკივარს ცოდვად უთვლიან გულისტკივილსა. რა ვუყოთ? ზოგი გულისტკივილს იმითი იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულისტკივილი და სიყვარული აქვს - ეს თითონ მკითხველმა გამოიცნოს.
კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ-კარი. წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და იმ ადგილის შუაგულსა ორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული, და იმ მარნის უკანა კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა. კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე. ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს, მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზედ წამოღებული და წამოხრილი, თითქო გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე-დარბაზისა, სიგრძეზედ თუ სიგანეზედ, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია!..
ღობე ერთგან თავდებოდა უშველებელის ჭიის-კარებითა, რომლის ერთი ნახევარი, თნდ ორი წელიწადია, ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია, ბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი იწვევსო, რომ როგორმე ხელიდამ დაუსხლტესო. ჭიის-კარიდამ იწყება კალო, დიაღ მოზრდილი. მისი ბუჩო ერთ მხრივ მთელ კალოს სამხრეთის ნაპირზედ გორასავით გაწოლილი იყო, ასე რომ იმისი ბოლო ზედ საბძელთან დააწყდებოდა. საბძელი იყო სასაცილო, ისე სულელურად ჩაფიქრებული და გვერდწაქცეული მარტო ფრთამოტეხილი ბატი თუ მინახავს.
ჩემს პატარა ბიჭობაში ბევრი კარგი ნახულა ამ ბუჩოზედა! აქ ხშირად უქეიფნიათ გრძნობის აღმტაცის ხრუტუნით ნებიერ ღორებსა; თავის ფაფუკის დინგით ბევრჯერ უთხრიათ ეს სურნელი ბუჩო, ისე გულმოდგინებით, ისეთის სინაზით, ასე გგონია, მართლა და ღორები იყვნენ. მერე იმათი ოხუნჯობა! იმათი ალერსი! ოჰ, ეს კი აუწერელია. რაღაც კმაყოფილებით გატაცებულთა, იმ ღორებს ერთმანეთისათვის ბევრჯერ წაუთავაზებიათ დინგი. რა ყვირილი და ჭყვიტინი ასტყდებოდა ხოლმე! ეგრე ჩვენი გლეხკაცი საალერსოდ წაუთავაზებს ხოლმე ქისტსა ახალმოყვანილ პატარძალსა. ვიღაცამა სთქვა: „ქართული სიყვარული ლანძღვააო“, მეც ვიტყვი: ქისტი კიდევ საოხუნჯო ალერსია. ადმინისტრაციაში მაგას კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს: იქ ქისტი შემმაცნებელი საბუთია. ეგ ჩვენი საქმე არ არის.
შიგ თვითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული. დიდი საქმე იყო, პატრონამდინ ისე მიგეღწიათ, რომ ან არ გასვრილიყავით, ან კიდევ ერთი ამბორების სურნელება თან არ აგეყოლებინათ. ეს გარეგანი, - ახლა, ბატონებო, შიგ სახლში ვეწვიოთ თავადს თათქარიძესა.
ეს კი უნდა მოგახსენოთ, რომ, თუ ვეწვევით, ფრთხილად უნდა ვიყვნეთ. იატაკი აგურისა არის. ეგ არაფერი! ეს არის ძნელი, რომ აგურები შიგადაშიგ ამოცვივნულან; იმათი ალაგი ამოთხრილ ორმოებად დარჩენილა. თვალების ძალიან გაფაციცება უნდა, თორემ, თუ ფეხი შიგ ჩავარდა, ვაი შენს მტერს! ან კისერი მოსტყდება კაცსა, ან თვითონვე ფეხი. თუმცა, მართალია, სახლის პატრონი ბევრს ბოდიშს მოიხდის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, რომ ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა და არც მოტეხილ ფეხისათვის არის უებარი წამალი. ამ ხიფათს შეიძლება კაცი გადურჩეს, თუ რომ ოთახი ნათელი იყოს. ვაი, რომ არც ეგ არის! თუმცა ორი, სათოფეზედ კარგა მოდიდო, ფანჯარა აქვს, მაგრამ ოთახი მაინც ბნელია, იმიტომ რომ ფიჭვის ჩარჩოებზედ მინის მაგიერად მეტად გამჭრიახ გონებას გაქონილი ქაღალდი გაუკრავს. აი, ამაზედ არის ნათქვამი: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“. მოგონებაში ქართველ კაცს პირველი ევროპიელი მეჭორეც არა სჯობია.
ბევრჯერ მინახავს სხვაგანაც მაგისთანა ფანჯრის სასახილო სამკაული. ბევრჯერ მინახავს ის გაქონილი ფანჯრის ქაღალდი ნემსით დაჩხვლეტილიცა: ხან გულია გამოყვანილი, ხან ჯვარია, ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავნანინაო!..“ ეს კი ქალის საქმე უნდა იყოს. თუნდ მართლადაც ესე იყოს, რა დასაძრახისია? მოსაწყენია დავითნის კითხვა, გულზედ რაღაცა სევდა მოსწოლია და გონების გასართავად და უგემურ დღის დასალევად მიმჯდარა ფანჯარასთან, ამოუძვრია გულის ქინძისთავი და მიუყვია ხელი ამ მართლა-და გონებაგასართველ საქმისათვის. უსაქმო ყოფილა და საქმე გაუჩენია ამ ანდაზის ძალით: „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო“.
იმ თათქარიძის ოთახში იდგა ორი გრძელი ტახტი, ერთმანეთის პირდაპირ. ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ, როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზედ ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა. ამ ორ ტახტშუა აღმოსავლეთის კედელზედ მოჩანდა, კბილებჩაცვივნულ ბებერ დედაკაცის დაღებულ პირსავით, ერთი ამოჭვარტლული გარედამ და შიგნიდამ, ერთი მწუხარე და დაღრეჯილი ბუხარი. აქა-იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები, მაგალითებრ: ტალახიანი ყარაბაღული თეთრი წაღები, პირმოტეხილი სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, სპილენძის საჩაიეში მოხარშული მყრალბალახი, ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი.