ქუცნა და ღვთისავარი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. როცა ძალ-ღონე შეემატათ, ერთადვე ებრძოდნენ მოთარეშე მტრის პატარ-პატარა რაზმებს. შემდეგ დიდ ბრძოლებშიც ღებულობდნენ მონაწილეობას. „არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!“ - სჭექდა ერთი, „არ გაიხაროს!“ - ბანს აძლევდა მეორე.
ერთხელ სოფლის დღესასწაულზე ჯირითის დროს ღვთისავარმა უნებლიეთ ახლოს ჩაუქროლა ქუცნას. ქუცნას ცხენი დაფრთხა, წაიბორძიკა და მხედარი ძირს გადმოაგდო. თავმოყვარე ქუცნა გაბრაზდა მეგობარზე, განგებ დამიფრთხო ცხენიო. ის დღე იყო და ის დღე, ამ უბრალო რამის გამო ღვთისავარი ისე შეიძულა, სასიკვდილოდაც გაიმეტებდა, დრო რომ მოეხელთებინა. მეგობრები უკვე მხარდამხარ აღარ იბრძოდნენ, აღარ ისმოდა მათი ომახიანი შეძახილი - არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედაო. ღვთისავარმა რამდენჯერმე კაცები გაუგზავნა ქუცნას, შევრიგდეთო, მაგრამ ქუცნა ჯორზე შეჯდა - არა და არაო.
გამოხდა ხანი. საქართველოს მონღოლთა ურდო შემოესია. ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი ჰქნა. დამარცხდნენ ქართველები, ზოგი ბრძოლის ველზე დაეცა, ზოგი ტყვედ ჩავარდა, ზოგიც ტყეში გაიხვეწა, რომ სული მოეთქვა და მომხდურისთვის სამაგიერო მიეზღო.
მონღოლთა სარდალი გამარჯვებას ზეიმობდა. მისი ბრძანებით, გასართობად, ტყვეთა შორის ახოვანი ქართველები გამოარჩიეს, მოედანზე დაამწკრივეს და გამოუცხადეს: თითო-თითოდ ერთმანეთს შეებრძოლებით, იბრძოლებთ მანამ, სანამ ერთი თქვენგანი მეორეს არ განგმირავს. გამარჯვებულს რაზმის მეთაურად დაგნიშნავთ და ოქრო-ვერცხლით აგავსებთო. მონღოლთა სარდალს გართობის გარდა სხვა მიზანიც ჰქონდა. მისი ფიქრით, ორთაბრძოლაში გამარჯვებულს, თავისი მოძმის მკვლელს, ქართველები შეიზიზღებდნენ, ამიტომ მოძმის მკვლელს სხვა გზა არ ექნებოდა, მტრის ყურმოჭრილი მონა გახდებოდა და ყველაფერს გააკეთებინებდნენ.
პირველი ღვთისავარი შესვეს ცხენზე. ხმალი მიაჩეჩეს და საბრძოლველად გამოაგდეს. მას ბედისწერამ ქუცნა შეახვედრა.
ტყვეებიცა და მონღოლებიც დაძაბულად ელოდნენ პირველი ორთაბრძოლის დაწყებას.
ქართველებისათვის აქ გამარჯვებასაც და დამარცხებასაც ერთი ფასი ჰქონდა. ამ ორთაბრძოლაში ერთი ქართველი უცილობლად კვდებოდა, ხოლო მეორეს - მოძმის მკვლელს - ერი ზურგს შეაქცევდა, ჰოდა, საქართველოს ორივე მეომარი აკლდებოდა.
ღვთისავარი და ქუცნა პირისპირ იდგნენ. პირისპირ იდგა ორი ქართველი. რას იზამდნენ? ერთმანეთს არ დაინდობდნენ და მტერს გააცინებდნენ, ათქმევინებდნენ, ქართველებს ღირსება არ ჰქონიათ, ვაჟკაცები არ ყოფილანო, ხოლო თავიანთი უღირსი საქციელით მოძმეებს გულს მოუკლავდნენ?
ღვთისავარმა გადაწყვიტა, აქვე თავი მოეკლა, რომ მოძმის მკვლელის სახელი არ შერქმეოდა და ქართველობისთვის სირცხვილის ლაქა არ მოეცხო, მაგრამ უცებ ქუცნას ღიმილიანი სახე დაინახა. მიხვდა მეგობრის ჩანაფიქრს, მანაც გაიღიმა, ხმალი შემართა, დასჭექა - „არ გაიხაროს მტერმა ჩვენზედა!“ და ცხენი მონღოლთა სარდლისაკენ გაქუსლა, რათა მისთვის გული გაეგმირა. „არ გაიხაროს!“ - დასჭექა ქუცნამაც და ცხენი ასევე გაქუსლა მონღოლთა სარდლის მოსაკლავად.
მონღოლები ამას არ მოელოდნენ. ჯერ დაიბნენ, შემდეგ გონს მოეგნენ და ღვთისავარსა და ქუცნას წინ გადაეღობნენ. აჰა, ღვთისავარმა მოსხეპა ერთი მონღოლი, მეორეც, მესამეც, მაგრამ მეოთხემ შუბით მკერდი შეუნგრია, ქუცნასაც შეუნგრიეს მკერდი. „არ გაიხაროს!“ - უკანასკნელად აღმოხდა ღვთისავარს და ცხენიდან ძირს გადმოემხო. „არ გაიხაროს!“ - უკანასკნელად დაიღმუვლა ქუცნამაც და უსულოდ დაეცა მიწაზე.
მონღოლთა სარდალს ზეიმი ჩამწარდა. ტყვე ქართველები სიამაყით გაიმართნენ მხრებში.