ერთგულება

იყო ერთი ქართველი მეფე*, დიდი მმართველ-მსაჯული და კეთილი გულის კაცი. რაც კი ჩვენი მიწა-წყალი თუ ეკლესია-ციხე-სიმაგრენი მეზობელ მეფეებს ადრე მითვისებულ-მისაკუთრებული ჰქონდათ, სულ საქართველოს დაუბრუნა. ამიტომ ერსა და ბერს მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ, თვალში რომ ჩავარდნოდათ, ხელს არ ამოისვამდნენ, დასჭირვებოდა და სიცოცხლესაც ანაცვალებდნენ. გონიერი და ძლიერი მეფე არცერთ ავსა და შურიან მტერ-მეზობელ მეფეს გულზე არ ეხატებოდა. ნიადაგ იმას ცდილობდნენ, რამე ევნოთ, მაგრამ ვერას აკლებდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს, მოღალატენი მოეძებნათ და მათი ხელით მოეკლათ.

ერთმა აზნაურმა, გვარად ზედგინიძემ, დაწვრილებით შეიტყო, იმ მეფეთა მოსყიდული კაცები როდის და როგორ უპირებდნენ ჩვენს მეფეს მოკვლას. მივიდა მეფესთან და ყველაფერი უამბო. მეფემ არ დაუჯერა, ვინ რას გამიბედავსო. შეწუხებულმა ზედგინიძემ უთხრა:

- დიდებულო მეფეო! თუ ჩემი არ გჯერა, ნუ გამირისხდები და ნება მიბოძე, ამაღამ შენს საწოლში დავიძინო, შენ კი ჩემს ოთახში მოისვენე და დილით ლუკმა-ლუკმა აკუწულს მნახავ. თუ ასე არ იქნა, თავი გამაგდებინე, თუ იქნა, ჩემს ობლად დარჩენილ ორ შვილს - იოთამს და იოანეს - მოწყალების თვალით უყურეო.

მეფეს გაეცინა, მაგრამ მაინც დაეთანხმა აზნაურს - თვითონ ზედგინიძის სახლში მოისვენა, ზედგინიძემ კი - მის პალატაში.

იმ ღამეს მართლა მისცვივდნენ ავაზაკები მეფის საწოლს და შიგ ჩაწოლილი ზედგინიძე ლახვრით დაჩეხეს. დილით მეფემ თავისი საწოლისაკენ გასწია და საზარლად დაჩეხილი ზედგინიძე რომ ნახა, სინანულით თავზე ხელი შემოირტყა, უზომოდ შეწუხებულმა იყვირა:

- ოფ, ჩემი ერთგული ყმა როგორ ამილახვრესო!

მეფემ ბევრი იგლოვა თავგანწირული ზედგინიძე და მოინდომა მისი ობლების დაწყალობება. მოიხმო ორივე ა და უთხრა:

- წადით, დაიარეთ მთელი საქართველო და სადაც მიდამო მოგეწონებათ და არჩევანი ჭკუაში დაგიჯდებათ, იქ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილსო.

წავიდნენ იოთამი და იოანე. იარეს, იარეს და ლეხურის ხეობა ამოირჩიეს. ეს მეფეს მოახსენეს, მეფემ დაწერა გუჯარი, რომელსაც ორი ძის მამულს ასეთი საზღვარი დაუდო: მდინარე ქსანი ერთი მხრით, მეორე მხრით - მტკვარი და თეძამი, შემდეგ თრიალეთის ქედი ატენის ხეობის თავამდე, მესამე მხრით - მდინარე დიდი ლიახვი, მეოთხე მხრით კი - კავკასიის თოვლიანი ქედი. ბოლოს ძმებს უთხრა:

- თქვენი ღირსეული მამის ღვაწლის მოსახსენებლად ჩემს სამეფოში ამის შემდეგ ზედგინიძე კი არა, ამილახვარი იქნებით გვარადო.

იოთამი და იოანე დაესახლნენ მდინარე ლეხურის ხეობაში და მათგან წარმოდგა გვარი ამილახვართა.

 

*ეს იყო გიორგი VIII, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი და კახეთის პირველი მეფე; მეფობდა 1466-1476 წლებში.