ისინი ხომალდზე დამეგობრდნენ, როცა სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გასაყიდად მიჰყავდათ. ბიჭები ათიოდე წლისანი თუ იქნებოდნენ. ბუბას ცალი ყური ნახევრად ჰქონდა მოგლეჯილი.
- ეს რა მოგსვლიაო, - ჰკითხა ბექამ.
- როცა ჩემს მომტაცებელს გავუძალიანდი და ხელზე ვუკბინე, იმან მომაგლიჯაო, - მიუგო ბუბამ.
- ცურვა თუ იციო, - ჰკითხა ერთ ღამეს ბექამ ბუბას.
- არაო, რად მეკითხებიო.
- რად და მინდოდა, სანამ ხომალდი საქართველოს გასცდებოდა, ერთად გავქცეულიყავით, მაგრამ რაკი ცურვა არ იცი, მარტო ვეწევი ჩემს გზას, სხვაგან მონად ყოფნას ჩემს მიწაზე სიკვდილი მირჩევნიაო, - უთხრა ბექამ.
როგორც კი დარაჯი შეტრიალდა და გემბანის მხარისკენ გაემართა, ბექა ზღვაში გადახტა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბუბა ერთმა მდიდარმა თურქმა იყიდა. ყმაწვილი უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში გაიზარდა. თვალად და ტანად მშვენიერმა თავიდანვე მიიპყრო ყველას ყურადღება, ვაჟკაცობითა და გონიერებითაც გამოიჩინა თავი და ხონთქრის კარზე მოხვდა. აქ ბუბასთანა ბიჭებს ჩიტის რძეს არ აკლებდნენ. ფუფუნებაში ამყოფებდნენ, რომ თავიანთი წარსული, მშობლიური ენა და მხარე დაევიწყებინათ და ხონთქრის ერთგულებად გაეზარდათ. ხონთქრის კარზე კარგად იცოდნენ, რომ გადაჯიშებული ადამიანი ადვილად ეჩვევა ტკბილ ცხოვრებას და ყოველნაირად ცდილობს, იგი არ დაკარგოს. ამიტომ ყველაფერს კადრულობს, მშობელ დედასაც კი არ ინდობს. ასეთი გახდა ბუბაც. მან უკვე ქართულიც აღარ იცოდა ხეირიანად. ჭკუისა და ვაჟკაცობის წყალობით ხონთქრის ჯარის სარდლობა უბოძეს. ბუბას შემწეობით ხონთქარმა დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები, გააძლიერა და გააფართოვა თავისი ქვეყანა. თავის სარდალს, ვითომ ხუმრობით, ყურმოჭრილ მონას ეძახდა, რაკი ყური ნახევრად მოგლეჯილი ჰქონდა, სინამდვილეში აბუჩად იდგებდა, რადგან ბუბა ახლა ფესვებდაჭრილ ხეს ჰგავდა და ხონთქრის იქით გზა არ ჰქონდა.
ხონთქარმა მეზობელი სახელმწიფოები კი დაიმორჩილა, მაგრამ საქართველოს ვერაფერი მოუხერხა. ადგილის კურდღელს ადგილის მდევარი დაიჭერსო, - ნათქვამია. ამიტომ, ერთ დღეს ბუბა დაიბარა და უთხრა: წადი, დაიპყარი საქართველო და მის მეფედ დაგსვამო. წამოუძღვა ბუბა ხონთქრის ჯარს და შემოიჭრა თავის სამშობლოში. არავინ ისე სასტიკად არ მოქცევია საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, როგორც ბუბა. ხონთქრის კაცებსაც კი უკვირდათ მისი საქციელი და გულში ამასხარავებდნენ, დასცინოდნენ. ბუბამაც დაანგრია ეკლესია-მონასტრები, ციხეებში ყრიდა ან ხოცავდა ყველას, ვინც თუნდაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ხოლო მოღალატეებსა და მლიქვნელებს თანამდებობებს ურიგებდა.
ბუბამ სამშობლო კი დაიპყრო, მაგრამ ხალხს ვერაფერი მოუხერხა. მთასა და ტყეში გახიზნული ქართველები სულს უმწარებდნენ ხონთქრის ჯარს, ყველაზე მეტად მტერს ბექას რაზმი სცემდა შიშის ზარს. ბოლოს, მოღალატის ხელშეწყობით, ბექა დაიჭირეს და ბუბას მიჰგვარეს.
ბუბამ სცადა, ბექა გადაებირებინა და თავისი ბნელი საქმეებისთვის გამოეყენებინა, სანაცვლოდ დიდ ადგილს ჰპირდებოდა, მაგრამ ბექამ პირში მიახალა:
- შენ არაფერი შეგრჩენია იმ ბიჭისა, რომელიც სტამბოლისკენ მიმავალ ხომალდზე ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის მოსპობაზე ოცნებობდა. პირიქით, დღეს თვითონ ათასობით ქართველს გზავნი ამავე სტამბოლის ბაზარზე. ფუფუნებას მიგაჩვიეს და მისი გულისთვის საკუთარ ხალხსაც არ ინდობ. მთელი ხონთქრის კარი დაგცინის, ყურმოჭრილ მონას გეძახის, შენ კი ყველაფერზე თვალს ხუჭავ და ყურს იყრუებ. განა ფუფუნებით ცხოვრება იმად ღირს, რომ სამშობლო გასწირო და მტრის საჯიჯგნად აქციო? ადამიანს ხომ უნდა ჰქონდეს ღირსება, თავმოყვარეობა, თავი მოსწონდეს ვიღაცის გვერდით. იმ ვიღაცეებს, ვინც შენ აქ გამოგგზავნა, თავისი ქვეყნის ერთი გოჯიც არ დაუკარგავთ, ხოლო შენ მთელ შენს ქვეყანას ცეცხლითა და მახვილით უპყრობ სხვას. იცოდე, კაცი სახელისათვის ცხოვრობს ამ წუთისოფელში. შენ მიერ დანგრეულ ეკლესია-მონასტრებს ისევ აღადგენს ქართველი ხალხი და მათ კედლებზე ისევ გამოსახავს სამშობლოსთვის თავგანწირულ, წმინდანად შერაცხულ ადამიანებს, შენ კი წყევლით მოგიხსენიებს.
ბუბა ასეთ სიტყვებს არ ელოდა ბექასგან, ეგონა, სიცოცხლის გადასარჩენად იგი ყველაფერს დასთმობდა, და გაცოფებულმა იყვირა:
- გაათრიეთ! ჯურღმულში ჩააგდეთ!
- ვიდრე მომკლავდნენ, ერთ დიდ ჭირს მაინც მოვაცილებ ქვეყანასო, - გაივლო გულში ბექამ, უცებ ისკუპა, ყელში სწვდა ბუბას, ხელები მარწუხივით წაუჭირა და გაგუდა. ბუბას მცველებმა ბექას იმავ წამს ზურგში სატევარი ჩასცეს...
როცა ხონთქარს მოახსენეს, შენი სარდალი ქართველმა მეამბოხემ საკუთარი ხელით დაახრჩოო, მან აგდებულად თქვა:
- ახია მაგაზეო.